ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს საელჩოსა და „ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებით საქართველოს პარლამენტარიზმის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას კანონმდებლები, რეგიონის მკვლევარები და საქართველოდან ჩამოსული სტუმრები დაესწრნენ.
ამავე ღონისძიების ფარგლებში, საგამომცემლო სახლმა „სახე(ლ)ებმა“, New York Times-ის საერთაშორისო მედიაპროექტი - Turning Points-ი წარადგინა. გამოცემის თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობებია და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში საგამომცემლო სახლმა ის ადამიანები დააჯილდოვა, რომელთაც თავიანთი საქმიანობით, განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ საქართველო-ამერიკის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობების განვითარებაში.
დაჯილდოებულთა შორის იყვნენ კონგრესმენები ჯერი კონოლი და ტედ პო, „საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის“ მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი, „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი ლიუკ კოფი, კონგრესის ბიბლიოთეკის მკვლევარი პოლ ქრეგო. ასევე „ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს“ პრეზიდენტი მამუკა წერეთელი.
ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის დაჯილდოვდა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციაც. ჯილდო, მთელი გუნდის სახელით ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, თბილისსა და გორში, გადაეცა რედაქციის ხელმძღვანელს ანა კალანდაძეს, რომელმაც ასევე მიმართა სიტყვით დამსწრე აუდიტორიას და მადლობასთან ერთად, ქართული რედაქციის 68 წლიან ისტორიაზეც ისაუბრა.
„ჰერიტიჯის“ ფონდის მკვლევარმა კოფიმ დაჯილდოების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალსა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე ისაუბრა:
„საქართველო არის ევრო-ატლანტიკური საზოგადოების წევრი და ყველა ჩვენგანის საქმეა, რომ ის დარჩეს ამ გზაზე და ოფიციალურად გააფორმოს მისი ურთიერთობა [ამ საზოგადოებასთან] ნატოსა და ევროკავშირის წევრობის სახით. ეს არის საქართველოს ადგილი“, - განაცხადა მან და საქართველოს დემოკრატიული განვითარების ისტორიაზეც ისაუბრა:
„ბევრი თქვენგანი ყოფილა თბილისში და შეიძლება გინახავთ რონალდ რეიგანის ქანდაკება. ეს ქანდაკება გამოხატავს ბევრ იმ რეფორმას, რომელიც გატარდა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ეს იყო ძლიერი მამოძრავებელი სურვილი პიროვნული და ეკონომიკური თავისუფლების, ძლიერი ეროვნული თავდაცვისა და სუვერენიტეტის მოპოვებისა. ქართველებისთვის ეს ქანდაკება იყო შეხსენება იმისა, თუ რამდენად ბევრს მიაღწიეს 1990-იანი წლების დასაწყისიდან. ყველა ჩვენგანისთვის კი, საქართველოს გარეთ მყოფებისთვის, ეს არის შეხსენება, რომ ცივი ომი არ დასრულებულა მაშინ, როდესაც ის მოვიგეთ, და ის მოვიგეთ სწორედ ეკონომიკური თავისუფლების, ძლიერი თავდაცვისა და ამ სხვა იდეალებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანი და ძლიერია ეს რწმენა. როცა ვუყურებთ საქართველოს დემოკრატიული გზის განვლილ საუკუნეს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიღვაწოთ, ვიმუშაოთ საქართველოსთან ერთად მომავალი საუკუნისთვის“, - ამბობს კოფი.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდა ასევე კონგრესის ბიბლიოთეკის მკვლევარი პოლ ქრეგოც, რომელიც საქართველოთი რამდენიმე ათეული წლის წინ დაინტერესდა, ისწავლა ქართული და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს. ქრეგო იკვლევდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ქრისტიანულ ტექსტებს, ასევე რელიგიისა და ნაციონალიზმის საკითხებს საქართველოში.
„საქართველოსთან ჩემი კავშირი დაიწყო 1977 წლის სექტემბრიდან, როდესაც რუსეთის ისტორიის სემინარზე, მეორე კვირასვე, პროფესორმა რიჩარდ პაიფსმა მოულოდნელად მითხრა, ქართული უნდა ისწავლოო. არ ვიცი რატომ შემარჩია მე, 21 წლის გრძელთმიანი, სავარაუდოდ „ჰიფსტერული“ გარეგნობის მქონე ახალგაზრდა, მაგრამ დავთანხმდი. ქართული ენის გრამატიკის წიგნი ავიღე და დავიწყე სწავლა. ზოგიერთი ბგერა საერთოდ არ გამომდიოდა, თუმცა რადგან გერმანულიც ვიცოდი, ზოგიერთი სიტყვის წარმოთქმაში გერმანულის ცოდნა მართლაც დამეხმარა“, - იხსენებს ქრეგო ქართულ ენასთსან და საქართველოსთან პირველ შეხებას.
„მომავალ კვირას მე-14-დ მივდივარ საქართველოში და იმედია შევძლებ კიდევ რამდენიმე კარგი წიგნი შევძინო კონგრესის ბიბლიოთეკას და კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი კოლექცია, რომელიც ამჟამად 11 000-მდე ქართულ წიგნს მოიცავს. თუმცა ეს არაა დასასრული. ჩვენ ყოველთვის მეტი გვჭირდება. ასე რომ თუ ხართ ავტორი, ან იცნობთ ავტორებს, ჩვენ ყველა საჩუქარს მივიღებთ და დავაფასებთ“, - თქვა ქრეგომ დაჯილდოების შემდეგ.
კონგრესმენმა ტედ პომ რუსეთის ოკუპაციის შესახებ ისაუბრა და ქართველ ხალხს მოუწოდა არ დანებდნენ უფრო ძლიერი დემოკრატიის შენების გზაზე:
„ 2008 წელს რუსეთის მეირ საქართველოში შეჭრის შემდეგ ერთი კვირით წავედი საქართველოში და ვნახე რა გაუკეთეს თქვენს ქვეყანას. რუსეთს კვლავ არალეგალურად აქვს ოკუპირებული თქვენი ქვეყნის ორი რეგიონი. აღტაცებული ვარ ქართველი ხალხის ძლიერი ნებით, დამოუკიდებლობით და მიზნით, რომელიც გულისხმობს უფრო დემოკრატიულ კავშირს. პარლამენტარიზმის ისტორიის ასი წელი ძალიან დიდი მიღწევაა, ბევრი დემოკრატია ვერ ძლებს ამდენ ხანს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკისა და საქართველოს ახლო ურთიერთობა და ის, რომ საქართველომ და დასავლეთმა ერთად იმუშაონ მომავლისთვის, რათა საქართველომ აღარ გაიხედოს საბჭოთა, ტოტალიტარულ წარსულში და იყუროს მომავლისკენ. დემოკრატია რთული მისაღწევია, რადგან მასში ხალხია ჩართული, მაგრამ იყავით მხნედ, დარჩით ძლიერნი და დარჩით დემოკრატიულები“.
Facebook Forum