ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ქართულმა ასოციაციამ" OPIC-ის წარმომადგენელი დააჯილდოვა


მამუკა წერეთელი და კენეთ ენჯელი
ფოტო: ქართული ასოციაცია ამერიკაში
მამუკა წერეთელი და კენეთ ენჯელი ფოტო: ქართული ასოციაცია ამერიკაში

გასულ კვირას ვაშინგტონში „ქართულმა ასოციაციის“ ყოველწლიური მიღება გამართა. მიღებაზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან ერთად დააჯილდოვეს ის ადამიანები, რომლებსაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. წელს, „საქართველოს გამორჩეულ მეგობრად“ ტრადიციულად არა პოლიტიკოსი, არამედ „საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის“ – „ოპიკის“ ერთ-ერთი დირექტორი, კენეთ ენჯელი დაასახელეს.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, რადგან ესაა განსაკუთრებული აღიარება იმ საქმისა, რასაც საქართველოში ვაკეთებდი. გამიმართლა, რომ საშუალება მქონდა „ოპიკის“ ბევრ პროექტზე მემუშავა და როდესაც მათ სიას ვუყურებ, ვხედავ და მეამაყება, რომ მათ დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში სხვადასხვა სექტორის მიმართულებით. საქართველოს კვლავ სჭირდება თავისი პოტენციალის განვითარება სავაჭრო და სატრანზიტო მიმართულებით“, - ამბობს საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის წარმომადგენელი.

2000 წლიდან მოყოლებული „საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის“ - „ოპიკის“ მხარდაჭერით საქართველოში 50-ზე მეტი პროექტი და 525 $ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. ეს ინვესტიციები მიმართული იყო ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ასევე ჯანდაცვისა და განათლების კუთხით. გასულ წელს „ოპიკმა“ საქართველოში კიდევ რამდენიმე ახალი მასშტაბური პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.

მამუკა წერეთელი, ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი, ამბობს, რომ ამჯერად ტრადიცია დაირღვა და არა პოლიტიკოსი არამედ ის ადამიანი გამოარჩიეს, ვისი უშუალო ხელმზღვანელობითაც ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა:

„წინა ასეთი ჯილდოების მიმღებები იყვნენ სენატორები, კონგრესმენები, წელს გადავწყვიტეთ ეს ჯილდო გადაგვეცა ადამიანისთვის, რომელიც თავისი ყოველდღიური საქმიანობით ძალიან ბევრ რამეს აკეთებს საქართველოსთვის. ასეთი ადამიანია კენეთ ენჯელი, რომელიც არის საზღვარგარეთ ამერიკული ინვესტიციების მხარდაჭერის სააგენტოს ერთ-ერთი დიდი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და რომლის მეშვეობითაც საქართველოში ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციებია შემოსული", - ამბობს წერეთელი.

საქართველოს ელჩი ამერიკაში ფიქრობს, რომ ასიციაციის გადაწყვეტილება ოპიკ-ის წარმომადგენლის დაჯილდოების შესახებ სრულად შეესაბამება ამერიკა-საქართველოს ბოლოდროინდელ ურთიერთობებში გამოკვეთილ ტენდენციას - აქცენტს ეკონომიკაზე:

„უკვე წლებია, რაც ასოციაცია ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, რომ წაახალისოს და ხელი შეუწყოს ამერიკა-საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს. ეს სხვადასხვა სფეროს შეეხებოდა, განსაკუთრებით პოლიტიკას, მაგრამ წელს ჩვენ ვნახეთ ეკონომიკური და ვაჭრობის კუთხით აქტივობების დაფასება. რომელიც ოპიკის წარმომადგენელს ხვდა წილად. ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში გვაქვს ფურცელი, რომლის თანახმადაც, კიდევ უფრო მეტი ყურადღება ვაჭრობას და ეკონომიკას უნდა დაეთმოს.“

ასოციაციამ წელსაც კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ვაშინგტონში არსებული „ქართული მემკვიდრეობის აკადემიის“ მიმართ. ქართულ საკვირაო სკოლას წელს 4 ათასი დოლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.

„მე უზომოდ მადლიერი ვარ „ქართული ასოციაციის“ და მამუკა წერეთლის იმისთვის, რომ გრძელდება ჩვენი მხარდაჭერა. აქ ქართული დიასპორა ძალიან ახალგაზრდა და ძალიან პატარაა, ამიტომ თემის წევრების მხარდაჭერის გარეშე ჩვენი სკოლის მსგავსი პროექტების განხორციელება შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია. ვაპირებთ შევქმნათ საკუთარი კურიკულუმი და ეს სასწავლო პროგრამა არა მხოლოდ ჩვენ გამოვიყენოთ, არამედ სხვა ამგვარ სკოლებსაც გავუზიაროთ“, - ამბობს თამარ კალანდია.

„ქართული ასოციაცია ამერიკაში“ უძველი ორგანიზაციაა, რომელიც 1932 წელს ქართველი იმიგრანტების პირველი თაობის წარმომადგენლებმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივით დააარსეს. გარდა ტრადიციული აქტივობებისა, ვაშინგტონში შეკრებილებს ასოციაცია მომავალი წლისთვის გამორჩეულ ღონისძიებებს დაჰპირდა, რადგან 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ასი წლის იუბილე აღინიშნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG