ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ასტრაზენეკა": ვაქცინა 74%-ით ეფექტურია


კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ერთ-ერთმა მწარმოებელმა, ბრიტანულმა კომპანიამ "ასტრაზენეკა" ამერიკაში ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით ირკვევა, რომ კოვიდ-19-ით დაავადების სიმპტომების პრევენციისთვის მათი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები 74%-ით ეფექტურია. ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალი - 83.5 %-ია 65 წელს ზემოთ მოქალაქეებში.

ბრიტანელი მწარმოებელი მარტში 79 %-იან ეფექტურობაზე საუბრობდა. თუმცა, მოგვიანებით მაჩვენებლები შეიცვალა. ახლანდელ კვლევაში 26 000-მდე მოხალისე მონაწილეობდა ამერიკიდან, ჩილედან და პერუდან. მათ ვაქცინის ორი დოზა დაახლოებით ერთთვიანი ინტერვალით მიიღეს. შედეგები "ახალი ინგლისის მედიცინის ჟურნალში" გამოქვეყნდა.


კლინიკური კვლევის მონაწილე 17 600 მოხალისეს შორის, რომლებმაც ვაქცინა მიიღეს, მძიმე სიმპტომური დაავადების შემთხვევა არ ყოფილა. 8 500 მოხალისეს შორის კი, ვინც პლაცებო მიიღო - ანუ არ მიუღია ვაქცინა - 8 მწვავე ინფიცირება დაფიქსირდა. იმ ადამიანთა შორის, ვისაც ვაქცინა არ მიუღია, ორი მოქალაქე გარდაიცვალა. თუმცა, აცრის მიმღებთა შორის ასეთი რამ არ მომხდარა.

"მე სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი", - ამბობს ანა დურბინი, ვაქცინის მკვლევარი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან და კვლევის ერთ-ერთი მონაწილე. მისი თქმით, ვაქცინა "მაღალეფექტურია მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის კუთხითაც".

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ამ კვლევის მონაწილეთა შორის არც სისხლის შედედების შემთხვევები დაფიქსირებულა, რასაც ვაქცინას უკავშირებდნენ, არც - სხვა რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა.

კომპანიის "ასტრაზენეკა" წარმომადგენლები ივლისში აცხადებდნენ, რომ ისინი ამერიკის მარეგულირებელ უწყებას არა საგანგებო ავტორიზაციისთვის, არამედ სრული ნებართვის მისაღებად მიმართავდნენ. ისინი იმედოვნებენ, რომ მათი წარმოებული ვაქცინა ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლაში თავის როლს მაინც შეასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ პროცესს იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ. კომპანია ასევე მუშაობს გამაძლერებელი დოზის, ე.წ. ბუსტერის შექმნაზეც იმ მოქალაქეთათვის, რომლებმაც მათი ვაქცინა, ან მრნა ტიპის ვაქცინების - "ფაიზერისა" თუ "მოდერნას" - ვაქცინების ორი დოზა აქვთ მიძებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG