შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა (CDC) სამშაბათს შეცვალა მაისში მიღებული რეკომენდაცია შენობებში ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით. თუ აქამდე კოვიდ-19-ზე სრულად აცრილ ადამიანებს შენობაში უნიღბოდ შეეძლოთ შესვლა, ახლა ნიღბები მათაც უნდა გაიკეთონ.
CDC-ის განმარტებით, ეს ეხება მოსწავლეებს და მასწავლებლებსაც, განურჩევლად ვაქცინაციის სტატუსისა. ამერიკის სკოლების უმეტესი ნაწილი მალე ფიზიკური დასწრებით ან ჰიბრიდული მოდელით გეგმავს სწავლის განახლებას.
დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის გადაწყვეტილება ახალ კვლევებს ეფუძნება. მეცნიერები ადასტურებენ არამარტო ვირუსის დელტა ვარიანტის მზარდ გავრცელებას, არამედ იმუნიზებულთა შორის ინფიცირების გახშირებულ შემთხვევებსაც. მართალია აცრილებს სიმპტომური დაავადების მინიმალური რისკი აქვთ, მაგრამ მათ ინფექციის გადატანა შეუძლიათ და შესაბამისად, რისკს გარშემომყოფ სხვა ადამიანებსაც უქმნიან.
რატომ ახლა?
მაისში, როცა CDC-იმ სრულად აცრილებისთვის შენობაში ნიღბების და სოციალური დისტანციის რეგულაციის მოხსნის რეკომენდაცია გასცა, ინფიცირების შემთხვევები სტაბილურად იკლებდა. ახლა, ბოლო ორი თვის მანძილზე, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.
ძირითადად კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, ამერიკაში იზრდება ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მაჩვენებლებიც. CDC-ის მონაცემებით, დელტა ვარიანტი შეერთებულ შტატებში აღრიცხულ ახლადინფიცირებულთა შორის უკვე 83%-ით დომინირებს.
დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, მწვავე ფორმებით დაავადება და სიკვდილობა კოვიდ-19-ზე აუცრელი მოსახლეობის ხარჯზე მატულობს. ჯანდაცვის სპეციალისტებმა დღეს შეერთებულ შტატებში შექმნილ ვითარებას აუცრელების პანდემიაც კი უწოდეს.
ამას გარდა, ფედერალურ დონეზე რეკომენდაციის მიღებამდე, ბევრ ქალაქში და საგრაფოში ანალოგიური გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ დამოუკიდებლად მიიღო. მათ შორისაა: ლოს-ანჯელესი (კალიფორნია), სენტ-ლუისი (მისური), სავანა (ჯორჯია), პროვინსთაუნი (მასაჩუსეტსი) და სხვა.
Facebook Forum