ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოში დარჩება


 ჟულიან ასანჟი ეკუადორის საელჩოს შენობის აივნაზე
ჟულიან ასანჟი ეკუადორის საელჩოს შენობის აივნაზე

ვებ-გვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელ ჟულიან ასანჟს ბრიტანეთის სასამართლო მუარი უთხრა მოთხოვნაზე, გაუქმებულიყო მასზე დაწესებული დაკავების სანქცია, რაც მას ლონდონში ეკვადორის საელჩოდან გასვლის საშუალებას მისცემდა.

მოსამართლე ემა არბუტნოტმა არ გაითვალისწინა ასანჟის ადვოკატის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ასანჟის მიერ 6 წლის წინ გირაოს პირობის დარღვევა საზოგადოებრივი ინტერესის საკითხი აღარაა. მაშინ ასანჟმა გირაოს პირობა დაარღვია და დაკავების თავიდან ასაცილებლად თავი საელჩოს შეაფარა. დაკავების შემთხვევაში, ასანჟს შვედეთში ექსტრადიცია ელოდა, სადაც მის წინააღმდეგ საქმე გაუპატიურების მუხლით იყო აღძრული. შვედეთმა საქმე გასულ წელს დახურა.

„მიუხედავად იმისა, რომ ასანჟმა თავისუფლება უკვე რამდენიმე წელია აღიკვეთა, მივიჩნევ, რომ დაპატიმრება შესაფერისი ზომაა,“ განაცხადა მოსამართლემ.

„ბრალდებულები მთელი ქვეყნიდან და ისინიც, ვისაც ექსტრადიციას ელის, მოდიან და სასამართლოს წინაშე წარსდგებიან, ისინი პასუხს აგებენ მათ მიერ გაკეთებულ არჩევანზე. მასაც უნდა ჰქონოდა საამისო გამბედაობა,“ დასძინა მოსამართლემ.

მოსამართლის თქმით, როგორც ჩანს, ასანჟი „თავს განსაკუთრებულად მიიჩნევს და სამართალს მხოლოდ მაშინ აღიარებს, თუ ის მის სასარგებლოდ მოქმედებს“.

ასანჟი შიშობს, რომ დაკავების შემთხვევაში მას შეერთებულ შტატებში გაგზავნიან, სადაც 2010 წელს გამოქვეყნებული საიდუმლო ინფორმაციისთვის ის შეიძლება გაასამართლონ.

შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა შარშან განაცხადა, რომ ასანჟის დაკავება მისი პრიორიტეტია.

ავსტრალიის მოქალაქე ასანჟმა, ეკვადორის მოქალაქეობა გასულ წელს მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG