იაპონიის სახელმწიფო მინისტრი ოსამუ ფუჯიმურა შეშფოთებას გამოთქვამს რეგიონალური უსაფრთხოების და სტაბილურობის გამო. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება ექვსმხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის პროგრამის შესახებ. იაპონელი მინისტრის თქმით მას მუდმივი კონტაქტი აქვს შეერთებულ შტატებთან, სამხრეთ კორეასთან და ჩინეთთან. მოვლენების მოულოდნელი განვითარებისთვის ისინი ერთობლივ ზომებს იღებენ.
შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ობამა უკვე ესაუბრა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს და მას კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოების კოორდინირებაში დახმარება აღუთქვა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლუ უიმინმა რეგიონალური უსაფრთხოების შესახებ კომენტარი არ გააკეთა. მის განცხადებაში ნათქვამი იყო მხოლოდ ის, რომ კიმ ჩენ ირის გარდაცვალება მათთვის ძალზე მოულოდნელი იყო და რომ ჩინეთი სამძიმარს უცხადებს კორეელ ხალხს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კომუნისტური ქვეყნის ლიდერს „დიდი წინამძღოლი“ და ჩინეთის „ახლო მეგობარი“ უწოდა.