ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიდრე დესანტისი ყოყმანობს, ანტიტრამპისტი რესპუბლიკელები შიშობენ, 2024-ში ამერიკელებს იგივე არჩევანი არ დარჩეთ


რესპუბლიკური პარტიის მოქმედი თუ ყოფილი წევრების ნაწილმა წლები მოანდომა იმას, რომ ამერიკული პოლიტიკიდან როგორმე ჩამოეცილებინათ დონალდ ტრამპი, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი. იმ ფონზე, როცა ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანია თანდათან სიჩქარეს იღებს, ისინი შიშობენ, რომ 2020 წლის მსგავსად, პარტია საპრეზიდენტო ნომინაციას კვლავ მას მისცემს.

პარტიის ამ შედარებით მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელიც 2016-ში მისი არჩევისთანავე ჩამოყალიბდა, მეტსახელად "არასდროს ტრამპელები" (Never Trumpers) შეარქვეს. მომავალ არჩევნებზე ისინი დიდ იმედებს ამყარებდნენ ფლორიდის რესპუბლიკელ გუბერნატორ რონ დესანტისზე, რომელიც პარტიაში ტრამპის ოპონენტად განიხილება, თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატად თავის წამოყენებას ჯერ არ ჩქარობს.

ტრამპის მიერ საარჩევნო ფონდში სახსრების მოზიდვის წარმატებით დაწყებულმა პროცესმა შესაძლოა დესანტისი დაჩრდილოს და მისი გამარჯვების შანსები შეამციროს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს დიდ გავლენას ახდენს ტრამპის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდაზე და მისი რეიტინგების გაუმჯობესებაზე.

ამ ეტაპზე საზოგადოებრივ გამოკითხვებში ტრამპი დიდი უპირატესობით ლიდერობს. აპრილის დასაწყისში ჩატარებული "როიტერის" და "იფსოსის" ერთობლივი კვლევის მიხედვით, რესპუბლიკელ და დამოუკიდებელ ამომრჩევლებში ტრამპს 58%-იანი მხარდაჭერა აქვს, დესანტისს კი მხოლოდ 21% ემხრობა. პარტიის შიდა გამოკითხვებშიც ტრამპი ლიდერობს, რომელიც განსაკუთრებით დაწინაურდა ბოლო რამდენიმე კვირაში.

"არასდროს ტრამპელებში" დესანტისის გამარჯვების მოლოდინი თანდათან იკლებს. ზოგმა კი უკვე ხელი საბოლოოდ ჩაიქნია.

"რომ შემეძლოს ტრამპის მიერ ნომინაციის მიღებისთვის ხელის შეშლა, ამაზე წავიდოდი. მაგრამ, მგონია, რომ ის ნომინანტი გახდება" - ამბობს რიდ გალენი, ტრამპის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელთა ჯგუფის, "ლინკოლნის პროექტის" თანადამფუძნებელი. ჯგუფი ყოფილი და მოქმედი ცნობილი რესპუბლიკელი ოფიციალური პირებისგან შედგება.

ჯგუფმა ყოფილი პრეზიდენტისს საწინააღმდეგო კამპანიას მილიონობით დოლარი დაახარჯა. 2020 წელს მათ ტელევიზიებში და გაზეთებში ასობით ანტირეკლამა დააფინანსეს. "ლინკოლნის პროექტი" ჯერჯერობით ბრძოლას და ტრამპის საწინააღმდეგო კამპანიისთვის ფინანსური სახსრების მოზიდვას აგრძელებს. გალენი ამბობს, რომ მათი გათვლა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც სცდება.

დესანტისმა ტრამპის კამპანიის მხრიდან მასზე მიტანილ იერიშებს შედარებით ზომიერად უპასუხა. კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით მისი თავშეკავება და ყოყმანი, უკრაინისთვის ამერიკის დახმარებაზე არამყარი პოზიცია და ასევე დაბალი რეიტინგები გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატებში, ბევრ მის მოკავშირეს და დონორს არ მოსწონს.

მართალია, წინ ურთულესი ბრძოლა ელის, მაგრამ ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ რონ დესანტისს ჯერ ყველაფერი წინ აქვს. ფლორიდის რესპუბლიკელ გუბერნატორს კანდიდატურა ჯერ ოფიციალურად არ დაუყენებია და არც ნომინაციისთვის ღიად ბრძოლა დაუწყია.

ჯერჯერობით "დესანტისს უამრავი დრო აქვს კურსის გამოსასწორებლად" - ამბობს რესპუბლიკელთა სტრატეგი დაგ ჰეი. პარტიის კიდევ ერთი სტრატეგი სარა ლონგველი არ გამორიცხავს, რომ გამოკითხვებში ტრამპის დომინანტურობა თანდათან გაუფერულდეს. თუმცა, ამბობს, რომ "შესაძლოა დესანტისს ეს უბრალოდ არ ჰქონდეს, არ გააჩნდეს პოლიტიკური ნიჭი", რომელიც ტრამპს დაამარცხებს. სემ ნუნბერგი, ტრამპის ყოფილი თანაშემწე, რომელიც ახლა მხარს დესანტისს უჭერს, ასევე ამბობს, რომ სიტუაცია შესაძლოა გამოსწორდეს და ფლორიდის გუბერნატორის სასარგებლოდ შეიცვალოს.

რესპუბლიკელი დონორების ნაწილი მთლიანად დესანტისის მხარესაა. მათ შორის ერთ-ერთი ყველზე გავლენიანია რობერტ ბიგელოუ, რომელიც სასტუმროების ქსელს ფლობს. მან დესანტისის ჯგუფს 27 მარტს 20 მილიონი დოლარის ჩეკი გამოუწერა. "იესო ქრისტე საპრეზიდენტო მარათონში არ მონაწილეობს" - თქვა მაშინ ბიგელოუმ, და "უნდა შეეცადო აირჩიო ისეთი ვინმე, ვისაც ნაკლები ხარვეზები აქვს".

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG