ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ჩინეთში ადამიანის უფლებათა დაცვაზე საუბრობს


President Barack Obama meets with Chinese Vice President Xi Jinping, Tuesday, Feb., 14, 2012, in the Oval Office of the White House in Washington. (AP Photo/Susan Walsh)
President Barack Obama meets with Chinese Vice President Xi Jinping, Tuesday, Feb., 14, 2012, in the Oval Office of the White House in Washington. (AP Photo/Susan Walsh)

რესპუბლიკელი კანონმდებლები ობამას ადმინისტრაციას ჩინეთთან გამოჩენილ სისუსტეში ადანაშაულებენ

თეთრი სახლის პრესმდივანი, ჯეი კარნი ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა ობამამ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან ოვალურ ოფისში გამართულ მოლაპარაკებებზე ჩინეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის სპეციფიურ შემთხვევებზე ისაუბრა. თუმცა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე კონკრეტული სახელების და გვარების მითითებისგან მან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბარაკ ობამამ ვიცე-პრეზიდენტ ში ჯინპინგთან ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ტიბეტში შექმნილი სიტუაციის შესახებ ისაუბრა.

ში ჯინპინგის ჩამოსვლამდე ანალიტიკოსები აღნიშნიშნავდნენ, რომ პრეზიდენტი ობამა სტუმართან ადამიანის უფლებათა დაცვის კონკრეტულ დარღვევების დასახელებისგან თავს შეიკავებდა. მიზეზად კი იმას ასახელებდნენ, რომ ჩინეთის ერთ-ერთი ლიდერი პრაქტიკულად ქვეყნის მომავალი პრეზიდენტია.

რამდენად აგრესიული იყო პრეზიდენტი ობამა ჩინელი მოქალაქეების უფლებათა დაცვის საკითხში? ეს კითხვა კონგრესის მოსმენების მთავარი თემა გახდა. ჩინეთის საკითხებზე მომუშავე კონგრესის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ორმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა ობამას ადმინისტრაცია ჩინეთთან გამოჩენილ სისუსტეში დაადანაშაულა. წარმომადგენელმა ფრანკ ვულფმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკა ადამიანის უფლებათა საკითხებში "სრული ჩავარდნაა".

მას არ ეთანხმება ადვოკატი ჯარედ გენსერი. რომელიც ჩინეთში პატიმრობაში მყოფ უფლებადამცველ ადვოკატს, გაო ჟიშენგს წარმოადგენს. მისი თქმით ში ჯინპინგთან კონკრეტულ ფაქტებზე საუბარი ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან სწორი და იმედისმომცემი ნაბიჯია. თუმცა, ადვოკატი იმასაც დასძენს, რომ გადამწყვეტი მაინც საბოლოო შედეგია და როგორც ჩანს, ბატონი ობამას ძალისხმევამ არ გაჭრა:

სამწუხაროდ ჩვენი დაკვირვება იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთი არასწორი მიმართულებით ვითარდება. შედეგს ელემენტარულად ვერ ვხედავ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ადმინისტრაციამ ტაქტიკა უნდა შეცვალოს. ეს პოლიტიკა, გნებავთ ზომიერი უწოდეთ და გნებავთ ჩუმი დიპლომატია, უბრალოდ არ მუშაობს“ - განაცხადა მან.

მწვავე კრიტიკის მიუხედავად თეთრი სახლის პრესმდივანი აცხადებს, რომ მუშაობა ამ მიმართულებით კვლავ გაგრძელდება და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მიერ ოფიციალურ საუზმეზე გამოთქმულ მოსაზრებას იმოწმებს.

ჯო ბაიდენის განცხადებით შეერთებულმა შტატებმა გარკვევით გამოხატა შეშფოთება ჩინეთში ადამიანის უფლებათა საქმეში არსებული მკვეთრი გაუარესების გამო, რომელიც მრავალ ცნობილ ინდივიდუალს შეეხება. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით შეერთებული შტატები პატივს სცემს ჩინეთის მხრიდან გაცემულ პასუხს, თუმცა ის არც ისე გარკვეული გახლდათ.

პარალელურად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გამოქვეყნებული მასალა იმის შესახებ, რომ ჩინეთმა ში ჯინპინგის ვიზიტის წინა დღეებში სიუზან ჯონსონ კუკს ვიზის გაცემაზე უარი განუცხადა. ქალბატონი კუკი რელიგიური თავისუფლებების საკითხებში შეერთებული შტატების საერთაშორისო წარმომადგენელი გახლავთ.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან ვიზის შესახებ ჯერჯერობით არანაირი შეტყობინება არ მოსულა. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჯერ არ გაუციათ, მაგრამ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არც უარი უთქვამს. ამ ეტაპზე ამერიკელი უფლებადამცველი ჩინეთში ვიზიტისთვის ემზადება - დასძინა ქალბატონმა ნულანდმა.

XS
SM
MD
LG