ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქული ფლოტილიას დაკავებიდან ერთი წელი შესრულდა


თურქული ფლოტილიას დაკავებიდან ერთი წელი შესრულდა
თურქული ფლოტილიას დაკავებიდან ერთი წელი შესრულდა

თურქეთში აღნიშნავენ პირველ წლისთავს იმ საზარელი ინციდენტისა, რომლის დროსაც ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზაში მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე რეიდი მოაწყვეს, რასაც პალესტინელთა მომხრე ცხრა აქტივისტის სიცოცხლე შეეწირა. რეიდის შედეგად დაიღუპა რვა თურქი და ერთი თურქული წარმოშობის ამერიკელი მოქალაქე, რამაც ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა, იუწყება სტამბოლიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი.

ხალხმრავალ დემონსტრაციაზე ხალხი ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ ლოზუნგებს გაჰყვიროდა. დემონსტრანტებმა სტამბოლის ცენტრში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მათ თურქულ გემ „მავი მარმარაზე“ ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული რეიდის შედეგად დაღუპულ ცხრა აქტივისტს პატივი მიაგეს. გასულ წელს საერთაშორისო ჰუმანიტარული ფლოტილია ღაზას სექტორში მცხოვრებ პალესტინელებზე ისრაელის მიერ დაწესებული ეკონომიკური ბლოკადის გარღვევას ცდილობდა.

თურქულ გემზე დატრიალებული ტრაგედიის წლისთავის აღმნიშვნელი დემონსტრაციის მონაწილეთა რისხვა, როგორც ჩანს, არ შემცირებულა.

„მავი მარმარაზე სისხლი, ძალადობა და ცრემლები დაიღვარა და ჩვენ ამ ტკივილს კვლავინდებურად ვგრძნობთ. ჩვენ ხომ იქ ცხრა ძმა დავკარგეთ და ყველაფერში ისრაელია დამნაშავე,“ აცხადებს მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე.

ინციდენტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ისრაელი და თურქეთი თურქულ გემზე მომხდარ ტრაგედიას ერთმანეთს არბალებენ.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის საერთაშორისო ჰუმანიტარული ფლოტილიის მთავარი ორგანიზატორები - თავისუფალი ღაზას მოძრაობა და თურქული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ადამიანთა უფლებების, თავისუფლებებისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდი“ - წელს უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიების ჩატარებას გეგმავენ. წელს ღაზას სექტორში 15 ხომალდისგან შემდგარი ფლოტილია გაემგზავრება, რომელსაც 1,000-ზე მეტი საერთაშორისო აქტივისტი გაუძღვება.

ხსენებული თურქული საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილე ჰუსეინ ორუჩი აღნიშნავს, რომ გასულ წელს მომხდარმა ინციდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იმდენი ყურადღება მოიპყრო,რომ ეს იძლევა იმედს, რომ წელს დაგეგმილი ფლოტილია სათანადოდ იქნება დაცული.

„ახლა მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს მისია მშვიდობიანი მისია გახლავთ. ნებისმიერ საერთაშორისო კომიტეტს შეუძლია გემები სათითაოდ შეამოწმოს. სწორედ ამგვარი გამჭვირვალეობით ჩვენ ხომალდებს დავიცავთ. მთელი მსოფლიო გემების მარშრუტს ყურადღებით დააკვირდება და ისრაელი იგივე შეცდომას აღარ გაიმეორებს,“ აღნიშნა ჰუსეინ ორუჩმა.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის მთავრობა თურქულ საქველმოქმედო ორგანიზაციას ადანაშაულებს იმაში, რომ ორგანიზაციის წევრები მოძრაობა ჰამასის წარმომადგენლებთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებენ. როგორც ცნობილია, ევროკავშირი და შეერთებული შტატები მოძრაობა ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. თურქული საქველმოქმედო ორგანიზაცია ისრაელის მთავრობის ბრალდებებს უარყოფს.

მსგავსი კრიტიკის თავიდან აცილების მიზნით წელს ფლოტილიას მხარდაჭერას უფრო მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია უცხადებს. გემებს თხუთმეტი სახელმწიფო სთავაზობს და მათ შორის უმრავლესობა ევროპის ქვეყნები გახლავთ. ფლოტილიის ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე ისრაელი სამხედრო ჩარევისგან თავს შეიკავებს.

თუმცა შვედური გემის წარმომადგენელი დრორ ფეილიერი აღნიშნავს, რომ გუნდის წევრები ყოველი შემთხვევისთვის ყველა მოულოდნელობისთვის ემზადებიან.

„ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პასიურ წინააღმდეგობას გავუწევთ. შვედეთსა და სხვა ქვეყნებში ჩვენ ყველა მგზავრს სათანადოდ მოვამზადებთ რათა მათ არაძალადობრივი წინააღმდეგობა იცოდნენ. ჩვენ გემებს არ დავთმობთ,“ აღნიშნავს შვედი აქტივისტი.

აღსანიშნავია, რომ თურქი ამომრჩევლები 12 ივნისს საყოველთაო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. მოსალოდნელია, რომ ჰუმანიტარული ფლოტილია ღაზას სექტორში ივნისის ბოლო რიცხვებში გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG