ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იემენში ანტი ტერორისტულ ღონისძიებებს იწყებს. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი გარი ტომასი იუწყება, სააგენტოში შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ალ-ყაიდა იემენში უკვე ძლიერ დასაყრდენს იქმნის, რის საშუალებასაც იქ არსებული პოლიტიკური არეულობა აძლევს.
გავრცელებული ცნობების თანახმად, სადაზვერვო სააგენტო იემენში ბაზირებული ალ-ყაიდას წინააღმდეგ ძლიერი კამპანიის დაწყებას გეგმავს, რაშიც აუცილებლად იქნება გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატები, ე.წ. დრონები. ამ კამპანიის ეფექტურად განხორციელებისთვის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო სპარსეთის ყურის სანაპიროზე ახალი ბაზის შექმნას ფიქრობს. უწყებამ ბოლო თვეების მანძილზე რამდენჯერმე გამოხატა შეშფოთება არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ-ყაიდას გაძლიერების გამო. ეს პროცესი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც იემენში პოლიტიკური არეულობა დაიწყო და ძალადობის ფაქტებმა იმატა. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნები გავრცელებულ ცნობებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ, თუმცა ამჟამინდელმა შეფმა ლეონ პანეტამ, რომელიც სულ მალე თავდაცვის მდივნის პოსტს დაიკავებს, სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ იემენში არსებული ვითარება საგანგაშოა.
„ჩვენი მიდგომაა, რომ განვავითაროთ ოპერაციები ყველა იმ რაიონში, სადაც ალ-ყაიდას პოზიციები გააჩნია და მათ ბოლომდე მივყვეთ, რათა გასაქცევი არ დარჩეთ. აი ეს არის ის, რასაც ჩვენ იმენში ვაკეთებთ. იქ აშკარად სახიფათო და გაურკვეველი ვითარებაა, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ იქ იმ პირებთან მუშაობას, ვინც გვეხმარება ანტიტერორისტულ ოპერაციებში,“ - განაცხადა პანეტამ.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ანალიტიკოსი ემილ ნახლე ამბობს, რომ იემენში თავიანთ მცდელობებს ამერიკელების პარალელურად ალ-ყაიდაც აძლიერებს.
„შესაძლოა სააგენტო უფრო სწრაფად მოქმედებდეს ვიდრე ალ-ყაიდასთან დაკავშირებული რადიკალური ელემენტები. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, იქ საკმაოდ დიდი გაურკვევლობაა,“ - განაცხადა ნახლემ.
იემენში ამერიკელების მიერ დარტყმების განხორციელება ახალი ამბავი არ არის. თუმცა, აქამდე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ამერიკელ სამხედროებთან ერთად მოქმედებდა და ეს აქციები იემენის ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული. პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი კი თავის თავს ალ-ყაიდას წინააღმდეგ მებრძოლად წარმოაჩენდა, რისთვისაც შეერთებული შტატების ფინანსური დახმარებით სარგებლობდა. ეს დასტურდება შეერთებული შტატების დიპლომატიური არხებით გაჟონილი ინფორმაციების თანახმად, რომელიც ვიკილიქსმა გამოაქვეყნა.
„ლონგ ვორ ჯორნალის“ რედაქტორის ბილ როჯიოს თქმით, იემენში დრონების პროგრამა პაკისტანში უპილოტო საფრენი აპატების გამოყენების ანალოგიური იქნება.
„იდეალურია, რომ თანამშრომლობდეთ მთავრობასთან. თუმცა დრონების გამოყენება არის იმის ნიშანი, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოლიცია და სამართალდამცავები ვერ უმკლავდებიან ტერორისტულ საფრთხეს,“ - აცხადებს როჯიო.
ანალიტიკოსების თქმით, ამერიკის და იემენის სადაზვერვო ურთიერთობები შესაძლოა ბოლო პერიდოის პოლიტიკურმა კრიზისმა გაართულოს.