ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის მოთმინება იწურება


თურქეთის მოთმინება იწურება
თურქეთის მოთმინება იწურება

ანკარამ სირიას ულტიმატუმი წაუყენა

სირიის ხელისუფლება ოპოზიცის მომხრეების პროტესტის ჩახშობას განაგრძობს. ამავდროულად, დამასკოს მოქმედებებთან დაკავშირებით თურქეთის მოთმინებაც იწურება. ანკარას ეს პოზიცია ორშაბათს ნათლად დააფიქსირა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ. დეტალებს ანკარადან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი არკვევდა.

დავუთოღლუს თქმით, თურქეთის საბოლოო სიტყვა სირიის ხელისუფლებისთვის არის, ის რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყდეს ეს ოპერაციები და ეს განხილვის თემა არ უნდა იყოს.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის შეხვედრამ დამასკოში 7 საათს გასტანა. დავუთოღლუს ულტიმატუმი იმ ხანგრძლივი კონსულტაციების კულმინაცია იყო, რომელიც დამასკოს და ანაკარას შორის თვეების მანძილზე მიმდინარეობდა.

ამასთან დაკავშირებით, სტამბულის კადირ ჰასის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი სოლი ოზელი ამბობს:

„მათ ბევრი ინვესტიცია ჩადეს ამ რეჟიმში და ეშინიათ რეჟიმის ძალადობრივი დამხობის, რამაც შესაძლოა ყველასთვის დიდი უბედურება გამოიწვიოს. ერთი რამე ნათელია, რომ სირიის ოპოზიცია კბილებით და ფრჩხილებით გააგრძელებს ბრძოლას, ისინი არ აპირებენ დანებებას, რამდენადაც არ უნდა გაძლიერდეს მათზე ძალადობა.“

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის წარმომადგენელი სელიმ იენელი აცხადებს, რომ დამასკომ რამდენიმე დღეში უნდა შეძლოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც მათ ურთიერთობას არ დააზარალებს.

„თუკი ძალადობა და ხალხის დახოცვა გაგრძელდება, ისინი აუცილებლად დაკარგავენ თურქეთს. ანკარა ერთერთი ბოლო ქვეყანაა, რომელმაც მათთან დიალოგის რეჟიმი შეინარჩუნა. თუმცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ჩვენ უკვე სხვა მხარეს გვიხილავენ. ამის შემდეგ სირიას უკვე პასუხს საერთაშორისო თანამეგობრობა გასცემს და ჩვენც მათ შორის ვიქნებით,“ - ამბობს იენელი.

თუმცა, ამავე დროს მან დასძინა, რომ თურქეთი არ დაუჭერს მხარს სანქციების დაწესებას, რადგან ეს ნაბიჯი სირიელ ხალხს დააზარალებს. თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანიც ტრადიციულად სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია, თუმცა, სირიის მთავრობის მიმართ თურქეთის მმართველი პარტიის აღშფოთება უკვე პიკს აღწევს.

XS
SM
MD
LG