კვირას 4 მარტს რუსეთის მოქალაქეები ახალ პრეზიდენტს ირჩევენ. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა ვაშინტონში ამერიკელი ანალიტიკოსების მოსაზრებებს ეცნობოდა.
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს ხუთი კანდიდატი იყრის. მათ შორის არიან კომუნისტების ლიდერი გენადი ზიუგანოვი და მილიარდერი ბიზნესმენი სერგეი პროხოროვი. თუმცა, ყველა ელოდება, რომ გამარჯვებას ამჟამინდელი პრემიერი და ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოიპოვებს. პრეზიდენტად დაბრუნების სურვილი ბატონმა პუტინმა გასული წლის სექტემბერში გამოთქვა. ის ამჟამინდელ პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს შეცვლის, რომელიც თავის მხრივ პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადაინაცვლებს.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე, დეკემბერში რუსებმა ახალი პარლამენტი აირჩიეს, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოყვა. რუსეთის მსხვილ ქალაქებში ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები გაიმართა. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდა.
ანალიტიკოსი რობერტ ლეგვოლდი ამბობს, რომ საპროტესტო აქციები - ეს იყო დარტყმა ვლადიმირ პუტინზე.
„აქ წარმოდგენილია მოსახლეობის სხვდასხვა სეგმენტი რომელთაც ყელში ამოუვიდათ. სლოგანი ჩვენ ყელში ამოგვივიდა სექტემბერში გაჩნდა, როდესაც პუტინმა უბრალოდ განაცხადა, რომ კვლავ აპირებს პრეზიდენტობას და თითქმის უკვე არჩეული პრეზიდენტია. ან როგორც რუსები ამბობენ, ჩვენ ამის ყურება მოგვბეზრდა,“ - განაცხადა ლეგვოლდმა.
რუსული კანონმდებლობით, თუკი, ვერცერთი კანდიდატი ხმების 50 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს, მაშინ მეორე ტური ინიშნება.
სერგეი გლებოვი მასაჩუსეტში სმიტის კოლეჯის ანალიტიკოსია.
„ამ მომენტში ეჭვი მეპარება, რომ პუტინმა პირველივე რაუნდში შეძლოს ხმების საკმარისი რაოდენობის დაგროვება და გამარჯვება. ეს ასევე გააძლიერებს ანტიპუტინური ძალების მობილიზაციის პროცესს. ჩემი აზრით მეორე რაუნდის შესაძლებლობა არსებობს,“ - ამბობს გლებოვი.
ლეგვოლდი ფიქრობს, რომ ორივე შემთხვევში პუტინს პრობლემები შეექმნება.
„თუკი, ერთის მხრივ, პირველივე რაუნდში მოიგებს და არ დაჭირდება მეორე ტური, ის ხალხი ვინც დეკემბერში ქუჩაში გამოვიდა, კვლავ არჩევნების მანიპულირებაზე ალაპარაკდებიან. გაძლიერდება ნეგატიური განწყობა. მეორეს მხრივ, თუ იძულებული გახდა, რომ მეორე ტური ჩაატაროს, გამოვლინდება ნეგატიური დამოკიდებულება მისი მმართველბის მიმართ, იმ შემთხვევაშიც, კი თუ ის მეორე რაუნდს მოიგებს, “ - ამბობს ლეგვოლდი.
ამ მოსაზრებას გლებოვიც ეთანხმება.
მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში პუტინი უკვე განსხვავებული პრეზიდენტი იქნება, რადგან მას არ იქნება იმავე ხარისხის ლეგიტიმაცია, როგორიც ქონდა 2004 წელს.
2004 წელს პუტინი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად და მან ამომრჩეველთა ხმების 71 პროცენტი მიიღო. ამჟამად კი მისი რეიტინგი 40 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
ლეგვოლდი ამბობს, რომ პუტინს მოუწევს გადაჭრას ანტისამთავრობო დემონსტრაციების საკითი, გამოიყენებს რკინის ხელს თუ შეიტანს ცვლილებებს საკუთარ მმართველობაში. ლეგვოლდის თქმით ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც ჯერ არ არსებობს. მის მსგავსად, ბევრ ანალიტიკოსს აინტერესებს გახდება თუ არა საპროტესტო გამოსვლები პუტინის პრეზიდენტობის ახალი ეპოქის მთავარი დაბრკოლება.