შეერთებული შტატები და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მომავალ კვირას ირანის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის ემზადებიან, რათა როგორმე თავიდან აიცილონ სამხედრო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში.
ირანელი დიპლომატების შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიასთან 23 მაისს ბაღდადში გაიმართება.
ამერიკა და მისი მოკავშირეები ირანს ატომური ბომბის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ, რასაც თეირანი კატეგორიულად უარყოფს. გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერების მიზნით.
გაეროს ბირთვული სააგენტოს და ირანის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ვენაში, სადაც ირანის ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო ინსპექტორების დაშვების საკითხი განიხილეს.
ჰარვადის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლას ბარნსი ამერიკის მხარეს წარმოადგენს ირანთან მოლაპარაკებაში. მისი თქმით:
“ მთელს მსოფლიოში მიღებულია შეხედულება, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს, ამიტომ ამ მოლაპარაკებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.“
გაეროს სანქციების შემდეგ ირანის ცენტრალურ ბანკს დამატებითი სანქციები დაუწესეს. ევროკავშირმა კი პირველი ივლისიდან ირანის ნავთობზე ემბარგო დააწესა.
დასავლეთი ჯიუტად მოითხოვს ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერებას, ირანი კი ამას ეროვნული დამოუკიდებლობის შელახვად მიიჩნევს.
სტივ რეიდმეიკერი სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც ირანთან მიმართებაში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პოლიტიკას კურირებს:“ ვფიქრობ, რომ ურანის გამდიდრების პროგრამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც თეირანის ბირთვული პროექტის მთავარი ნაწილია. ამიტომ ნებისმიერი გარიგება, რომელიც თეირანს ამ პროგრამის გაგრძელების საშუალებას მისცემს ამერიკისთვის მიუღებელი იქნება.“
შეერთებული შტატები და ისრაელი ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებასაც არ გამორიცხავენ, რათა თეირანს ატომური ბომბის შექმნის საშუალება მოუსპონ. თუმცა სტამბოლის შეხვედრის შემდეგ, სადაც ირანმა უფრო მოქნილი პოზიცია დაიჭირა სამხედრო დარტყმის მიზანშეწონილობა ეჭვის ქვეშ დადგა.
თეთრის სახლის ყოფილი მრჩევლის და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ანალიტიკოსის დენის როსის განცხადებით დილომატიური მოლაპარაკებები აუცილებელია, მაგრამ ირანს არ უნდა მიეცეს დროის მოგების საშუალება ატომური ბომბის შესაქმნელად.
ბატონი როსის განცხადებით:
“ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს პროცესი ძალიან გაიწელოს, მაგრამ იმდენი დრო მაინც უნდა დავუთმოთ მოლაპარაკებას, რომ ჩვენი კონსტრუქციული შეთავაზების დემონსტრაცია მოხდეს, რასაც თეირანი უარყოფს და დიპლომატიური გზების ამოწურვის და სამხედრო ძალის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ისე უნდა გამოჩნდეს სიტუაცია, რომ ირანელები თავად აღმოჩნდნენ დამნაშავენი ყველაფერში.“
ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, ირანს შეუძლია ატომური ბომბის შექმნა, მაგრამ ამგვარი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.