რუსეთის პრემიერ მინისტრი, საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფი ტელევიზიების საშუალებით, წინასაარჩევნო საქმიანობას აფართოვებს.
არჩევნებამდე ათი დღით ადრე, მოსკოვის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ აქციაზე, პუტინი 80 000 მხარდამჭერის წინაშე გამოვიდა.
23 თებერვალს საბჭოთა კავშირის მოსახლეობა წითელარმიელთა დღეს აღნიშნავდა, დღეს კი განახლებული რუსეთი ამ დღეს მამულის დამცველთა დღედ მოიხსენიებს. როგორც ვლადიმირ პუტინი ამბობს, რუსი პატრიოტების უმეტესობა მისი მხარდამჭერია.
ბოლო ორი თვის განმავლობაში პუტინი და მისი მხარდამჭერები ღიად აცხადებენ, რომ რუსეთის ოპოზიციის მიერ ჩატარებული აქციების უკან ვაშინგტონი დგას.
სტადიონზე შეკრებილებს ვლადიმირ პუტინმა ნაპოლეონის დრო გაახსენა და ანონიმურ მტრებს გაბრაზებული ტონით მიმართა:
“ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა კვლავაც გრძელდება, შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას არავის მივცემთ“
სტადიონზე შეკრებილ მოსახლეობას შორის დიდი ნაწილი საშუალო ასაკის ადამიანებია. შეკითხვაზე, თუ რატომ სურთ პუტინის ხელისუფლებაში დაბრუნება, ერთგვარი პასუხი აქვთ - "იმიტომ, რომ პუტინს ქვეყნის მართვის გამოცდილება აქვს“.
იური მიხაილოვიცი 71 წელის ინჟინერ ელექტრიკოსია. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინს ხუთ დანარჩენ კანდიდატთან შედარებით, წარსულის გამო უფრო მეტი ხალხი ენდობა.
ჰაბიბი 56 წლისაა და დღემდე მძღოლად მუშაობს. მისი თქმით, პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხალხმა შვებით ამოისუნთქა, რადგან მანამდე მაღაზიებში პური და მარილიც კი დეფიციტი იყო.
სტადიონზე შეკრებილებისგან ბევრმა მოსკოველმა ამერიკის ხმას ინტერვიუს მიცემაზე უარი უთხრა. ერთ ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ხელში ეკავა ბუშტი წარწერით „პუტინი“ -აღიარა, რომ ყველაზე მეტად ბუშტმა მოხიბლა და მას აუცილებლად შვილიშვილს წაუღებდა.
შეკრებილებს ხელში ტრანსპარანტები ეკავათ, რომლებზეც „გამჭვირვალე არჩევენები“, “ვინ თუ არა პუტინი" და "არავის მივცემთ უფლებას ქვეყანა დაანგრიოს“ ეწერა.
სტადიონზე აქაიქ ოპოზიციის მხარდამჭერებიც გამოჩნდნენ. ისინი შეკრებილებს შორის პუტინის საწინააღმდეგო პამფლეტების გარცელებას ცდილობენ.
ნიკიტა ვიშინი 25 წლის ახალგაზრდაა და ინტერნეტ მაღაზიის მეპატრონე გახლავთ. მას ხელში ანტიკორუფციული ბიულეტენების მთელი დასტა უჭირავს, რომლებზეც თეთრი ბაფთებია დამაგრებული. ბაფთა საპროტესტო მოძრაობის სიმბოლოა.
ნიკიტას თქმით, მისი ცნობის ფურცლებით აქ შეკრებილთაგან ბევრი დაინტერესდა. აქციის მონაწილეთა უმეტესობა ამბობს, რომ აქციაზე იმიტომ მივიდნენ, რომ სამსახურში უფროსებისგან გაფრთხილება მიიღეს:
„ეს მთელი მიტინგი სიყალბეა. ამათგან მხოლოდ 20 პროცენტი თუ უჭერს ვლადიმირ პუტინს მხარს" - ამბობს ვიშინი.
თუმცა პუტინი ლუჟნიკების სტადიონზე მაინც საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდა. აქციის ბოლოს მან შეკრებილებს თვალი გადაავლო და ომახიანად მიმართა:
„ყველა თქვენგანს ხელს ალბათ ვერ ჩამოვართმევ, მაგრამ ხმებისთვის მაინც წინასწარ მადლობას გიხდით".