ლიბიის მთავრობა უარყოფს მეამბოხეთა განცხადებებს, რომ ნატოს საჰაერო იერიშმა მუამარ კადაფის ერთერთი ვაჟის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მთავრობის წარმომადგენელმა მუსა იბრაჰიმმა ამ ცნობებს მცდარი ინფორმაცია უწოდა, რომელიც ქალაქ ზლიტანში მშვიდობიან მოსახლეობაში არსებული მსხვერპლის შესახებ ცნობების გადაფარვას ემსახურება.
იბრაჰიმმა ეს განცხადება დღეს მეამბოხეთა კომენტარების შემდეგ გააკეთა. ლიბიელი მეამბოხეები იტყობინებოდნენ, რომ ხამის კადაფი და 30 სხვა ადამიანი ზლიტანთან ახლოს ალიანსის საჰაერო იერიშმა გამოასალმა სიცოცხლეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ზლიტანში სამთავრობო და ოპოზიციის მომხრე ძალებს შორის შეტაკებებს აქვს ადგილი.
ნატოს წარმომადგენელმა იტალიაში განაცხადა, რომ ალიანსი ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს სწავლობს.