ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზამთრის შიში


კონფლიქტის ზონაში რეალობა განსხვავდება ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით არსებული სიტუაციისგან.

„ჩავრთავ ტელევიზორს, შევხედავ ახალ ამბებს და მიხარია, ჩვენს ქვეყანაში თურმე ყველაფერი კარგადაა, გასაჭირის შესახებ არაფერს ამბობენ. გავაღებ სახლის კარს, გამოვალ გარეთ და ვხედავ, რომ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ, იმაში არა, რომლის შესახებაც გველაპარაკებიან ტელევიზიით. არ შეგიძლიათ ჩვენი ცხოვრების შესახებ ხმა ვინმეს მიაწვდინოთ, უთხრათ, რომ აქეთაც გამოიხედონ“- ასეთი დანაბარები სოფელ ზემო ხვითიდანაა, კონფლიქტის ზონიდან.

იქაური რეალობა მართლაც განსხვავებულია ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით არსებული სიტუაციისგან. გორის ადგილობრივი ხელისუფლებისგან, მაგალითად, გაიგებ, რომ ომის შედეგად მიყენებული დაზიანებები სახლებზე უკვე აღდგენილია, ყველა მოსახლე ამ კუთხით უზრუნველყოფილია და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს სახლის აღდგენასთან დაკავშირებით, მხოლოდ უსამართლოდ. როდესაც ზემო ხვითში ადგილობრივმა მოსახლეობამ დაგვინახა, ჩვენგან ყველა სახლში მისვლასა და მათი საცხოვრებელი პირობების დათვალიერებას ითხოვდა, რადგან საკუთარი თვალით დავრწმუნებულიყავით, რომ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ოფიციალურიად გვაწვდიან, სიმართლეს არ შეესაბამება.

ნატალია გოგიშვილი 80 წელს მიტანებული ქალბატონია. მისი შვილი ომის დროს დაიღუპა. მათი სახლი ომის კვალს დღესაც მკაფიოდ ატარებს. ისევ ამოსაშენებელია ჭურვების აფეთქების შედეგად გახვრეტილი კედლები, საიდანაც შემოვარდნილმა ნამსხვრევმა ამ სახლის პატრონი იმსხვერპლა. ქალბატონი ნატალია ტირილით გვიყვება როგორ წავიდა სარდაფში დასამალად დაბომბვის დროს თავად, უკან დაბრუნებულს კი შვილი გარდაცვლილი დახვდა. ხელისუფლება მათ ოჯახს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრითა და ხის მასალით დაეხმარა, ასევე სახურავი გადაუფარა, თუმცა კედლები იმდენად ამორტიზირებულია, რომ ოჯახის წევრები ყოველ დღეს სახლის თავზე ჩამონგრევის შიშით იძინებენ. ამოსაშენებელია დარჩენილი ასევე ჩასმული ფანჯრის ირგვლივ ადგილები, რომელთა გარშემო უშველებელი ღარებია ღიად დატოვებული. მისი რძალი, მანანა გოგიშვილი ამბობს: „გამგეობაში მისვლა უკვე ძალიან მერიდება. რამდენჯერ ვარ იქ სათხოვარით მისული, აღარც მახსოვს, მეუბნებიან, ხის მასალა რომ მოგეცით, ის გაყიდე და რაც გინდა, იმ ფულით თავად შეიძინეო“.

ქალბატონი, რომელიც ზემო ნიქოზში შეგვხვდა და რომელიც მარტო ცხოვრობს, გვაჩვენებს, რომ მის სახლს ფანჯრებზე მინების ნაცვლად პოლიეთილენის პარკები აქვს. მან ორი ზამთარი ასეთ სახლში გაატარა. ამის მიუხედავად, სახლისა და გვარის გამხელისგან თავს იკავებს, შიშობს, რომ ჟურნალისტთან საუბარს საჩივრად ჩაუთვლიან და კუთვნილ დახმარებას ვეღარ მიიღებს ხელისუფლებისგან.

ცხინვალისპირა სოფლის მოსახლეობაში ზამთრის მოახლოებასთან ერთად, შიში მატულობს. არ იციან, ექნებათ თუ არა საკმარისი საკვები. ამბობენ, რომ უამრავი წერილი აქვთ, რითაც ამ პრობლემის მოგვარების მიზნით მიმართეს ხელისუფლებას, იქიდან მიღებული პასუხებით კი მხოლოდ იმის გარკვევა შეიძლება, რომ ისინი სხვა უწყებაზე არიან გადამისამართებულები და ასეა დაუსრულებლად.

წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით, ხელისუფლებამ ომის შემდეგ ნიქოზში კაშხალის მშენებლობა წამოიწყო. ამ დრომდე ზემო და ქვემო ნიქოზში, ზემო და ქვემო ხვითში და კიდევ ბევრ ცხინვალისპირა სოფელში სწორედ ამ საქმის ბოლომდე მიუყვანლობის გამო მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა. უკვირთ, რა გაუხდა ამ ჩვენს ხელისუფლებას ორი მილიონი ჩვენთვის წყლის გაკეთებისთვის, როცა ამდენ თანხას ერთ მომღერალს უხდიან კონცერტის გამართვისთვის, ნუთუ ჩვენი შიმშილი ურჩევნიათ, ვიდრე ფულის გადახდაო?“

XS
SM
MD
LG