ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონსტანტინ ბაროვოი: რუსეთში დიქტატურაა


კონსტანტინ ბაროვოი: რუსეთში დიქტატურაა
კონსტანტინ ბაროვოი: რუსეთში დიქტატურაა

“იცით, პუტინის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთში სიტუაცია კონცეპტუალურად შეიცვალა. მან პირველი რაც გააკეთა, მოსპო თავისუფალი მედია.

ამერიკის ხმა: ბატონო ბარავოი, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ჩვენი საუბარი მინდა დავიწყო ტრადიციული კითხვით, თუ როგორ აფასებთ შიდაპოლიტიკურ სიტუაციას რუსეთში.

ბაროვოი: “იცით, პუტინის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთში სიტუაცია კონცეპტუალურად შეიცვალა. მან პირველი რაც გააკეთა, მოსპო თავისუფალი მედია. ჩვენ მშვენივრად გვახსოვს ნტვ-სთან დაკავშირებული სკანდალი. დღეს ჩვენს ქვეყანაში დიქტატურა მეფობს. რუსეთში არ არსებობს დამოუკიდებელი არჩევნები, სასცილოა ის ფაქტი, როცა რეგიონებში “ედინაია როსია“ ხმათა 99%-ით იმარჯვებს. ხალხის უკმაყოფილება დღითი-დღე იზრდება, არ გამოვრიცხავ მომავალში სიტუაციის ესკალაციას.

პუტინმა თავისი ძალაუფლების გასამტკიცებლიდ მილიციის ინსტიტუტი გააძლიერა. იგი ქვეყანას სერიოზულად ატერორებს. ჩვენ გარდატეხის მერე დემოკრატიის გზას დავადექით, პუტინის მოსვლამ კი ქვეყანა ავტორიტარულ კოშმარში ჩააგდო“.

ამერიკის ხმა: ახლოვდება 2012 წლის არჩევნები. როგორ ფიქრობთ, ვინ ჩაუდგება ქვეყანას სათავეში?

ბაროვოი: “მინდა გითხრათ, რომ დღეს რუსეთს პუტინის კორპორაცია მართავს. ეს არის უზარმაზარი კორპორაცია, სათავეში კი პეტერბურგელი კლანი უდგას სეჩინის და იგორ ივანოვის სახით. ისინი არა მარტო პოლიტიკურ სიტუაციას აკონტროლებენ, არამედ ბიზნესსაც. ასე ვთქვათ, პუტინი ბიზნესმენიცაა. რაც შეეხება არჩევნებს, ეჭვიც არ მეპარება რომ პუტინი დაუბრუნდება დროებით მიტოვებულ სავარძელს“.

ამერიკის ხმა: ბატონო ბარავოი, არსებობს თუ არა რუსეთში ოპოზიცია?

ბარავოი: “ სამწუხაროდ, ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში უსუსურია. მას არ გააჩნია სიტუაციის მართვის რეალური ბერკეტები. დიდ პრობლემას წარმოადგენს კონსოლიდაციის საკითხი. ჩვენთან ათასი მოძრაობაა, მათი ძლიერ ბირთვად გაერთიანება კი შეუძლებელია. სპეცსამსახურები პროვოკატორების მეშვეობით აქტიურად ებრძვიან პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს. აი, ედუარდ ლიმონოვი. ის ხომ აშკარა პროვოკატორია. მან თითქოს ოპოზიციური მოძრაობა ჩამოაყალიბა, მერწმუნეთ, ეს მხოლოდ თამაშია. ლიმონოვს თავისუფლად შეუძლია გამოთქვას საკუთარი აზრი ნებისმიერ ფედერალურ არხზე, მე კი “ეხო მოსკვიშიც“ არ მიშვებენ. მისი წინასაარჩევნო პროგრამა ხელისუფლების გაზეთ “იზვესტიამ“ გამოაქვეყნა. რომელ ოპოზიციაზე მეკითხებით?“

ამერიკის ხმა: ნტვ-მ ლუკაშენკოზე ფილმი გადაიღო, სადაც ბელორუსიის პრეზიდენტი არასახარბიელო სახით წარმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, რატომ გაჩნდა ბზარი კრემლისა და მინსკის ურთიერთობებში?

ბარავოი: “თქვენ ალბათ გახსოვთ ლუკაშენკოს დაპირება აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. მოსკოვი ელოდა როდის აღიარებდა მინსკი საქართველოსთვის წართმეული ტერიტორიების დამოუკიდებლობას. საბედნიეროდ, ლუკაშენკო მშვენივრად ხვდებოდა, რომ აღიარების შემთხვევაში მას დასავლეთთან დაეწყებოდა პრობლემები. უხეშად რომ ვთქვათ, ლუკაშენკომ კრემლი თავის სასასრგებლოდ გამოიყენა. რუსეთი გაზს მინსკს ფაქტიურად უფასოდ აწვდიდა. მოსკოვს მობეზრდა კატათაგვობანას თამაში და ლუკაშენკოს ძველი დაპირება შეახსენა“.

ამერიკის ხმა: ბატონო ბარავოი, როგორ აფასებთ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. ხედავთ თუ არა განვითარების პერსპექტივას?

ბარავოი: “კრემლისთვის საქართველო სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სააკაშვილმა ქვეყანა დემოკრატიის გზაზე დააყენა. მან შეძლო კორუფციის დამარცხება, გაატარა ბრწყინვალე რეფორმები. მისმა შექმნილმა გამჭვირვალე პოლიციის აპარატმა კრემლს მოსვენება დააკარგვინა. პუტინს ელემენტარულად შურს სააკაშვილის. მისი სიძულვილიც ამით აიხსნება. რუსეთი მილიარდობით დოლარს ხარჯავს დასავლეთში იმიჯის ასამაღლებლად, მედვედევი კი ცდილობს დემოკრატი პრეზიდენტის როლის მორგებას.

სანამ ჩვენს ქვეყანაში ეს ტანდემი მეფობს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. სააკაშვილი ძალიან ეფექტური მენეჯერია, ის არ გადაუხვევს აღებულ კურსს. თბილისი არ უნდა წამოეგოს კრემლის მოწყობილ პროვოკაციებს. მე მრცხვენია ნინო ბურჯანაძის მაგივრად. მან არა მარტო საკუთარ იმიჯს გადაუსვა ხაზი, მან ქართული ოპოზიცია შეარცხვინა პუტინისთვის ხელის გაწოდებით.

ვთვლი, რომ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო დემოკრატიის მაგალითია. თბილისი სერიოზულადაა ორიენტირებული ქვეყნის განვითარების დასავლურ მოდელზე“.

ამერიკის ხმა: რუსეთში პოლიტოლოგთა უმრავლესობა თვლის, რომ საქართველომ განვითარების საკუთარი გზა უნდა მონახოს. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ბარავოი: “ ვიმედოვნებ, რომ საქართველო შეძლებს ევროკავშირში ინტეგრაციას. ის აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ქვეყანას აუცილებლად ჭირდება ნატოს ქუდი, როცა მეზობლად რუსეთის სახით აგრესიული სახელმწიფო ჰყავს. ეს აუცილებელი პირობაა რეგიონში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. კრემლი კი სანამ თავის იმპერიალისტურ პოლიტიკას არ გადაუხვევს, დემოკრატიულ საქართველოსთან ურთიერთობას ვერ შეძლებს.

XS
SM
MD
LG