ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის კეტრინ ეშტონის ინიციატივამ გააუქმოს ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლიების პოსტები სამხრეთ კავკასიასა და მოლდავეთში, აზრთა სხვადასხვაობა და დიდი დაბნეულობა გამოიწვია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერაც არ გაუკეთებია ოფიციალური კომენტარი, სადაც ახსნიდა, რა პოზიტიურსა, თუ ნეგატიურ ცვლილებებს უნდა ველოდეთ ამ ქმედების შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ მედია თემას, რა თქმა უნდა, აქტიურად განიხილავს.ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს სამხრეთ კავკასიაში ამჟამად აქტიური დიპლომატი, პიტერ სემნები იკავებს.
ევროკავშირი, სხვადასხვა პროექტის საშუალებით აქტიურადაა ჩართული შიდა ქართლში, ომის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში, გარდა ამისა, კონფლიქტის ზონებში მუშაობს სადამკვირვებლო მისია, რომლის არსებობას და აქტიურობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების, ინფორმაციის სხვა საერთაშორისო სტრუქტურებისთვის მიწოდების თვალსაზრისით და სხვა.
კომენტარი ამ საკითხზე შიდა ქართლში გუბერნატორის მოადგილე გიორგი ავალიანს ვთხოვეთ, რომელმაც მართალია ეშტონის ინიციატივის შესახებ არაფერი იცოდა, სამაგიეროდ მშვენივრად იცის რა შედეგი შეიძლება დადგეს კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის მისიის შეჩერების შედეგად.როგორ შეიძლება განიხილოს კეტრინ ეშტონის ინიციატივა, როგორც რუსეთის წისქვილზე დასხმული წყალი, თუ როგორც უბრალოდ, სტრუქტურული ოპტიმიზაცია. ამის შესახებ ჩვენთან ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა ისაუბრა. მისი აზრით, ევროკავშირის წარმომაგენლობას საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„ევროკავშირში ყალიბდება ძლიერი, ერთიანი, საგარეო ურთიერთობების სამსახური, ეშტონის აზრითა საჭიროა საგარეო სტრუქტურების ოპტიმიზაცია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობენ. იქ სადაც არის დუბლიკაციის საფრთხე, საჭიროა ამის გამოსწორება და ოპტიმიზაცია. ამ ინიციატივით უქმდება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამსახური საქართველოში, ელჩის პოსტი. ადრე ოფიციალური წარმომადგენლობა იყო მხოლოდ ევროკომისიის დელეგაცია, დღეს ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, ეს დელეგაცია ხდება ევროკავშირის და არა მხოლოდ ევროკომისიისა. საქმე ისაა, რომ ძირითადად, ევროკავშირის პოლიტიკა კეთდება არა ევროკომისიაში, არამედ ევროკავშრის საბჭოში, სადაც წევრი ქვეყნები მონაწილეობენ და იღებენ გადაწყვეტილებას ევროკავშირის სახელით,“– ამბობს კახა გოგოლაშვილი.
მიუხედავად ოპტიმიზაციის საბაბით ინიცირებული ცვლილებებისა, ევროკავშირი საკუთარ სპეციალური წარმომადგენლობების პოსტებს არ აუქმებს 11 ქვეყანაში. კახა გოგოლაშივლი ამბობს, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ქვეყანებში არსებული განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობით.