დროებითი მთავრობა საბერძნეთში მუშაობას ხუთშაბათს დილით შეუდგა. პროფესორებით, ტექნოკრატებით და პოლიტიკოსებით დაკომპლექტებულ ხელისუფლებას მთავარი მოსამართლე, პანაგოტის პიკრამენოსი გაუძღვება. დროებითმა მთავრობამ ქვეყანა 17 ივნისს დანიშნულ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა მართოს.
პანაგოტის პიკრამენოსმა დროებითი პასუხისმგებლობა საბერძნეთისთვის ურთულეს პერიოდში, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, ჩაიბარა. ბერძნებში თანდათან ძლიერდება იმის შეგრძნება, რომ ამ რამდენიმე კვირაში ქვეყნის, და შესაძლოა ევროზონის მომავალი გადაწყდეს.
"აღარაფრის იმედი მაქვს. რაც არ უნდა მოხდეს, საქმე მაინც უკან-უკან წავა"- ამბობს სტავროს პაპატანასოპულუსი, წიგნის მაღაზიის თანამშრომელი.
14 მაისს, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში საბერძნეთის მოქალაქეებმა ადგილობრივი ბანკებიდან 900 მილიონი ევრო გაიტანეს. ამ ფონზე ევროპის ცენტრალური ბანკი ბერძნულ ბანკებს კრედიტების გაცემაზე უარს ეუბნება. პოლიტიკოსები და ფინანსისტები შიშობენ, რომ საბერძნეთის ადგილობრივ ბანკებს შესაძლოა კაპიტალი სრულად გამოელიოთ. თეოდორ კრინტასი „ატიკა ველსის“ (Attica Wealth) ფინანსური ბაზრების ანალიტიკოსია:
„მოსალოდნელია, რომ მოსახლეობა ნელ-ნელა გააგრძელებს იმას, რასაც აქამდე აკეთებდა. ანუ, საბერძნეთის მოქალაქეები შეშინებული არიან და ბანკიდან ფულის ნაწილი გააქვთ. თუმცა, არა მგონია, რომ ბანკები კაპიტალისგან სრულად დაიცლება“ - ამბობს ის.
ბევრ ბერძენს მიაჩნია, რომ ახალი არჩევნები დღევანდელ აგონიას მხოლოდ დროს გაუხანგრძლივებს და ქვეყნისთვის არსებითად არაფერს შეცვლის. დიონისის დიმიტრაკოპულუსი, ლონდონში მდებარე ბირბეკის უნივერსიტეტის პროფესორი, აღნიშნავს, რომ დროის ამ მოკლე ინტერვალში საარჩევნო ყუთებთან იგივე ელექტორატი მივა და იმავე არჩევანს გააკეთებს, რაც ახლახანს გააკეთა.
„ჩვენთან ასეთი გამოთქმა არსებობს: „ღვინოში წყლის გარევა ყველას უწევს“. რაც იმას ნიშნავს, რომ ხანდახან პრინციპულ პოზიციას უნდა გაცდე და არასასიამოვნო დათმობებზე წახვიდე, რათა კონსენსუსს მიაღწიო“- ამბობს პროფესორი.
სიტუაცია საკმაოდ გართულდა ესპანეთის ბანკებშიც. სამხრეთ ევროპის ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ მზარდი შეშფოთება შესაძლოა იმის ერთ-ერთი მიზეზიც იყოს, რომ ესპანეთში საკრედიტო განაკვეთზე ამ კვირაში პროცენტმა იმატა.
„ბანკია“, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ბანკი, რომელიც მთავრობამ ფინანსური სტიმულირების პაკეტით იხსნა, კვლავ დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე „ბანკიადან“ კლიენტებმა მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის კაპიტალი გაიტანეს. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, „ბანკიას“ აქციები საფონდო ბირჟებზე დრამატულად დაეცა.