ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა


პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა
პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა

ვარშავის ევროპული პრიორიტეტები

პირველი ივლისიდან ევროკავშირის მესაჭეობა პოლონეთმა ჩაიბარა. ვარშავამ ევროგაერთიანების პრეზიდენტობა როტაციის წესით უნგრეთისგან მიიღო. 2004 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც პოლონეთი ევროკავშირის წევრი გახდა, ეს მისი პირველი პრეზიდენტობაა. თუმცა, ის უკვე მეოთხე პოსტკომუნისტური ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირის დროებითი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. პოლონეთი ეკონომიკის მოცულობით ევროპაში მეექვსე ადგილს იკავებს. ასევე ის ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს რეცესიის თავიდან აცილება შეძლო. თუმცა, ამავდროულად ის ევროკავშირის გამოყოფილი ფონდების უმსხვილესი ბენეფიციარია. პარასკევს სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი განხილული უნდა იყოს, როგორც წარმატებული ევროპული ქვეყანა.

„ბევრი ევროპელისთვის ამ კრიზისის პერიოდში პოლონეთი იმედის, ოპტიმიზმის, ენერგიის, სიძლიერის სიმბოლოა,“ - განაცხადა ტუსკმა. მან ასევე დასძინა, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე ევროპამ პოლონეთში ბევრი ინვესტიცია განახორციელა, ხოლო თავის მხრივ პოლონეთი ევროპაში ენერგიას აბანდებს.

ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს პოლონეთის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება და ევროპული ბაზრის გაძლიერება იქნება. თუმცა, როგორც ვარშავაში მოქმედი კონსალტინგური კომპანია „დემოს“ თანამშრომელი ადამ ბალცერი ამბობს პოლონეთი ევროპული გაფართოვების კუთხითაც იმუშავებს, კერძოდ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში. მისი თქმით, პოლონეთის ინტერესებს ხორვატიის, სერბეთის და მონტენეგროს ევროკავშირთან დაახლოება წარმოადგენს.

„არსებობს იდეა, რომ ამ სამეზობლო რეგიონთან უფრო აქტიურ ურთიერთობას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. ასევე პოლონეთში იზრდება მოლოდინი, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ისინი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები გახდებიან,“ - ამბობს ბალცერი.

ევროკავშირის თავმჯდომარეობას სიხარულით შეხვდნენ ვარშავაში, სადაც პარასკევს ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა ამ ამბის აღსანიშნავად. ქალაქში მოეწყო სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და კონცერტები. ბალცერი ამბობს, რომ პოლონელები საკმაოდ ევროპული ხალხია და უკანასკნელ წლებში ეს კიდევ უფრო განმტკიცდა ევროკავშირში წევრობით.

„მე ვიტყოდი, რომ პოლონეთი ეს ევრო-ოპტიმიზმია. ჩვენ ძალიან დადებითი დამოკიდებულება გვაქვს ევროკავშირთან, რადგანაც ბოლო წლები ჩვენი ქვეყნისთვის წარმატების წლებია და გარკვეულწილად ეს ევროკაშირის დახმარებით მოხდა,“ - ამბობს ბალცერი.

თუმცა ზოგი პოლონელი ფიქრობს, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეობა ეს უბრალოდ დეკორაციაა და პოლონეთს არანაირი რეალური ბერკეტი არ ექნება. როგორც ბალცერი განმარტავს, პოლონეთს არ შეეძლება ევროკავშირის პოლიტიკაში რეალური ცვლილებების შეტანა, თუმცა ის იმოქმედებს ევროკავშირის ჩინეთთან და ჩრდილოეთ აფრიკასთან დაახლოების მიზნით. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მძიმე კრიზისის პირობებში და ჩრდილოეთ აფრიკაში რევოლუციების ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეობა ვარშავისათვის არც თუ ადვილი საქმე იქნება.

XS
SM
MD
LG