„ეიბისი ნიუსის“ და „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა პრეზიდენტ ობამასთვის არც თუ სახარბიელო გამოდგა. გამოკითხულთა 60 პროცენტს პრეზიდენტის ნდობა აღარ აქვს, ხოლო ქვეყნის ლიდერის ეკონომიკურ პოლიტიკას მხოლოდ 43 პროცენტი აფასებს მართებულად.
„ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის“ საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი კერლინ ბოუმანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისადმი უარყოფითი ტენდენციები საზოგადოებაში გარკვეული პერიოდის მანძილზე ვითარდებოდა.
„როგორც გამოკითხვამ აჩვენა ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ობამას გავლენა აქვს ეკონომიკაზე, რომელიც ერთი წლის წინ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცუდი ამბავი კი ისაა, რომ უმრავლესობის აზრით, მისი გავლენა უფრო უარყოფითია ვიდრე დადებითი,“ - ამბობს ბოუმანი.
როგორც ანალიტიკოსები ფიქრობენ, აღნიშნული გამოკითხვა კონგრესის შუალედურ არჩევნებზე პრეზიდენტის პარტიის დამარცხების მანიშნებელია. შუალედური არჩევნები ნოემბერში გაიმართება. როგორც მოსალოდნელია, დემოკრატები, რომლებიც თეთრ სახლს აკონტროლებენ, ამ არჩევნებში დამარცხდებიან. დემოკრატები იმედოვნებენ, რომ არჩევნებამდე ეკონომიკური მაჩვენებლის გამოსწორებას მოახერხებენ. თუმცა მანამდე, საზოგადოების განწყობა პრეზიდენტის პოლიტიკისადმი საკმაოდ ნეგატიური და სკეპტიკურია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტ ობამას მოუწევს თავისი მხარდამჭერების მობილიზება და დემოკრატების საარჩევნო კამპანიისათვის თანხების მოზიდვა.
„თქვენ უნდა გაიგოთ, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ და მეორე მხარე რასაც გვთავაზობს, ეს არის უკან დაბრუნება იმ იდეებისკენ, რამაც ჩვენ ამ არეულობაში ჩაგვაგდო. ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ,“ - განაცხადა ობამამ.
რესპუბლიკელები კი ამ გამოკითხვის შედეგებით კმაყოფილები არიან. ტეხასის სენატორი ჯონ კორნინი რესპუბლიკელების კოორდინაციითაა დაკავებული, რამაც მათი პარტია შემოდგომაზე სენატში უნდა მოიყვანოს.
„ეს იქნება რეფერენდუმი მის მმართველობაზე და ჩვენ სიამოვნებით ველოდებით ამ შედეგებს,“ - აცხადებს კორნანი.
რესპუბლიკელებს გამარჯვებისთვის 435-ადგილიან კონგრესში დამატებით 39 ადგილის მოპოვება სჭირდებათ. სენატში კი არსებული მდგომარეობის შესაცვლელად და უმრავლესობის ხელში ასაღებად ათი მანდატით მეტია საჭირო.
ანალიტიკოსი ჩარლი კუკი დარწმუნებულია, რომ რესპუბლიკელები გამარჯვებისთვის საჭირო ხმების მოგროვებას შეძლებენ და წარმომადგენელთა პალატის გაკონტროლებას მოახერხებენ. ამის მიზეზად კი მას დემოკრატების მდგომარეობა მოყავს.
„ისინი არ არიან ისეთი ენთზუიაზმით. მათში არ იგრძნობა ენერგია. პირიქით, ლეთარგიულობა სჭარბობს. მაშინ როდესაც რესპუბლიკელები და კონსერვატორები მართლაც მოტივირებულები ჩანან და უმრავლესობის ასაღებად ემზადებიან. ამდენად მათ ინტენსიურობაში და მოლოდინებში საკმაოდ დიდი განსხავებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შუალედურ არჩევნებზე, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ეს საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო,“ - აცახდებს კუკი.
გარდა ამისა, აქ მნიშვნელოვანი იქნება დამოუკიდებელი ამომრჩევლების როლი, რომლებიც 2008 წლის საპრეზდენტო არჩევნებზე ბარაკ ობამას ბანაკში აღმოჩნდნენ, ხოლო ამჟამად მათი დიდი ნაწილის სიმპათიები რესპუბლიკელებისკენ იხრება.
საზოგადოებრივი აზრის ანალიტიკოსი კერლინ ბოუმანი კი ფიქრობს, რომ მოსახლეობა რესპუბლიკელებსაც არ აღიქვამს ძლიერ ფიგურებად.
„დემოკრატების მსგავსად, არც რესპუბლიკელები იმსახურებენ მოსახლეობის დიდ სიმპათიებს. რესპუბლიკური პარტია კიდევ უფრო მეტად არაპოპულარულია, ვიდრე დემოკრატების. მოსახლეობას უფრო მეტი იდენტიფიკაცია აქვს დემოკრატებთან, ვიდრე რესპუბლიკელებთან. და ბოლოს, ხალხს უფრო მეტად სჯერა, რომ დემოკრატებს უფრო შეუძლიათ პრობლემების დაძლევა ვიდრე რესპუბლიკელებს,“ - აცხადებს ბოუმანი.
არჩევნებამდე არც თუ ბევრი დროა დარჩენილი. ექსპერტები თანხმდებიან, რომ რესპუბლიკელების მიერ კონგრესის ორივე პალატის მოგება პრეზიდენტ ობამას საკმაოდ გაურთულებს მართვის შესაძლებლობას.