ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო საბერძნეთის არჩევნების მოლოდინში


ევროზონიდან საბერძნეთის გასვლას მძიმე შედეგები მოყვება.

ივნისის ბოლოს, საბერძნეთში კიდევ ერთხელ გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, რომლის საჭიროებაც მთავრობის ფორმირების წარუმატებლობამ განაპირობა. არჩევნების შემდეგ, საბერძნეთის პოლიტიკური ძალები კიდევ ერთხელ შეეცდებიან ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს ქვეყნის ევროზონაში დარჩენა-არდარჩენის საკითხს. ევროპული ქვეყნები და ფინანსური ბაზრები უკვე ემზადებიან სათადარიგო გეგმისთვის იმ შემთხვევაში, თუ ათენი ევროზონის რიგებს დატოვებს. თუ რა შედეგები ექნება ამას ევროკავშირისთვის, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მილ არსეგა არკვევდა.

მოსახლეობა - 11 მილიონამდე. მთლიანი შიდა პროდუქტი - 300 მილიარდი. ამ მონაცემებით, საბერძნეთი მსოფლიოს ინდუსტრიული ქვეყნების სიაში 41-ე ადგილს იკავებს. თუმცა, დავალიანება ქვეყნის წლიურ წარმოებას უკვე თითქმის ორჯერ აღემატება. ევროპაში გაჭიანურებულმა ფინანსურმა კრიზისმა ყველაზე მეტად საბერძნეთი დააზარალა. საიმონ ჯონსონი საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსია.

„ევროკავშირი მსოფლიო პროდუქციის თითქმის მეოთხედზე მეტს აწარმოებს. ისინი ვერ უმკლავდებიან ფინანსურ კრიზისს და ვშიშობ, რომ ბევრი ქვეყანა ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდება,“ - აცხადებს ჯონსონი.

საბერძნეთში ივნისში დაგეგმილი არჩევნები ბევრი ანალიტიკოსის აზრით იქნება, ფაქტობრივად, რეფერენდუმი, თუ რამდენად სურთ ბერძნებს ევროპული დახმარების მიღება მკაცრი ანტიკრიზისული ნაბიჯების საფასურად. ასევე, ეს იქნება რეფერენდუმი, სურთ თუ არა ბერძნებს ევროზონაში დარჩენა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ევროზონიდან საბერძნეთის გასვლას სხვა სუსტი ეკონომიკის მქონე ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ესპანეთი და იტალია, მძიმე შედეგები მოჰყვება.

ფინანსური კრიზისის ტალღამ შესაძლოა შეერთებულ შტატებამდეც მიაღწიოს და ამერიკული ეკონომიკის იმ ერთ პროცენტიან ზრდასაც მიაყენოს ზიანი, რომელიც ბოლო დროს დაფიქსირდა.

„ამჟამად ჩვენი ეკონომიკური ზრდა თითქმის 2 პროცენტს აღწევს. თუმცა, შესაძლოა ეკონომიკა კვლავ რეცესიაში ჩაეფლოს,“ - აცხადებს მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ მორისი.

ანალიტიკსოები მიუთითებენ, რომ საბერძნეთის კრიზისის გავლენით, მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყანაში რეცესიის დაწყების საფრთხე არსებობს, რაც გლობალურ ფინანსურ ბაზრებს უძლიერეს დარტყმას მიაყენებს. დასავლეთში ექსპორტის დაცემის შედეგები აზიის სწრაფად განვითარებად ეკონომიკებზეც აისახება. ამდენად, პიტერ მორისი იმედოვნებს, რომ საბერძნეთი ევროზონას არ დატოვებს.

„ველოდები, რომ ბერძნები ისეთ მთავრობას აირჩევენ, რომელიც ევროზონაში დარჩენას გადაწყვეტს და ანტიკრიზისულ გეგმასაც განახორცილებს. ეს საბერძნეთის დაღმასვლას შეაჩერებს. მომავალ წელს საბერძნეთი 25 პროცენტიანი უმუშევრობით ხვდება. ახალგაზრდობის ნახევარი დაუსაქმებელია, ახალაგაზრდა პროფესიონალები ქვეყანას ტოვებენ, საბერძნეთი განვითარებადი ქვეყნის სტატუსზე გადადის,“ - აცხადებს მორისი.

ამავდროულად, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ევროპაში საერთო ვალუტამ მარცხი განიცადა, რასაც საბერძნეთის მაგალითიც ადასტურებს.

XS
SM
MD
LG