მიმდინარე კვირის განმავლობაში პარლამენტარები მთავრობის პირველი პირების ანგარიშებს ისმენდნენ. დღეს კანონმდებლების წინაშე ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები წარდგნენ. ყველაზე მწვავე დებატები სოფლის მეურნეობისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრების გამოსვლების შემდეგ გაიმართა. საპარლამენტო უმცირესობამ ბაკურ კვეზერელის და კობა სუბელიანის გადადგომა მოითხოვა, რასაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა კობა სუბელიანს დევნილი ნანა ფიფიას თვითმკვლელობის ფაქტი შეახსენეს, როცა მან გამოსახლების გამო პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. უმცირესობის წევრებმა ჯონდი ბარათურიამ , ლევან ვეფხვაძემ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ მინისტრს შემდეგი კიტხვები დაუსვეს:
ჯონდი ბაღათურია - ”თქვენ დაგავიწყდათ, ბათუმი, სასტუმრო მეტეხი, რომ შეუსიეთ დევნილებს სპეცნაზი აბჯარასხმული, ხელკეტებით და რომ გადმოყარეთ ფანჯრებიდან? მოხუცები ”ნასილკებით” რომ გამგყვდათ?!”
ლევან ვეფხვაძე - ” ანტიკრიზისულ საბჭოში ათასობით დევს ადამიანთა სია, რომლებიც ელოდნენ კომპენსაციას და ვერ მიიღეს . თუ გნებავთ კიდევ ერთხელ მოგაწოდებთ ამ სიას...”
დიმიტრი ლორთქიფანიძე - ”ყოფილი პრემიერის, გეგა მგალობლიშვილის მიერ არის ხელმოწერილი მთავრობის განკარგულება და ნამდვილად არ ღირს კომპენსაციად წოდებული უწოდოთ ამ თანხებს, სადაც პირდაპირ არის მიწერილი, რომ ეს არის საკომპენსაციო თანხები , საუბარი ეხება 10 მილიონი დოლარის განკარგვას თქვენი სამინისტროს მიერ...”
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თქმით, სულ საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი დევნილია რეგისტრირებული, მათ შორის ნახევარი ქვეყნიდან ლეგალურ ან არალეგალურ მიგრაციაშია გასული. საქართველოს ტერიტორიაზე დღეს 257 ათასი დევნილი იმყოფება.
დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ დასმული კითხვა ეხებოდა მთავრობის განკარგულება # 915-ს, რომელიც უკავშირდებოდა კომპენსაციების გაცემის საკითხს:
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც თანხების აღების მსურველთა სიაში იყო, ყველამ მიიღო თანხები. არის გარკვეული რაოდენობა ოჯახების, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ იმიტომ, რომ ზოგმა ვერ დაადასტურა ის, რომ იყო დევნილი, რომ ომის შედეგად იყო გამოდევნილი. ზოგს ხელოვნურად ჰქონდა ოჯახის გაყოფის მცდელობა, რომ ორი კომპენსაცია აეღოთ.”
საპარლამენტო ოპოზიციამ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კორუფციაში და დევნილთა უკანონო გამოსახლებაში დაადანაშაულა. უმცირესობის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით:
"რაც ჯერჯერობით წარმოდგენილი იყო, გამოსაყოფია სოფლის მეურნეობა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. მე იმას კი არ ვამბობ, რომ სხვა დანარჩენ დარგებში პრობლემები არ არსებობს.. გამოვყოფდი 4 უწყებას: განათლებას, ჯანდაცვას, ლტოლვილთა სამინისტროს და სოფლის მეურნეობას.”
სამთავრობო საათი პარლამენტში მომავალ სამშაბათს დასრულდება, 29 მარტს პრემიერი ნიკა გილაური მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით კიდევ ერთხელ წარდგება პარლამენტის წინაშე.