ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ საუბრები აქტიურდება. ისრაელი და შეერთებული შტატები თეირანის შესაკავებლად ჯერ სამხედრო აქციაზე არ შეთანხმებულან. მწვავე რიტორიკის მიუხედავად, ყველა ამბობს, რომ კრიზისის მოსაგვარებლად დიპლომატიური გზები უნდა გამოიყენონ. დეტალებს ირანული საკითხის შესახებ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მერედით ბუელი არკვევდა.
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ფლოტი საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ირანი სპარსეთის ყურეში სამხედრო წვრთნებს და თამაშებს ატარებს. მის სანაპიროსთან კი ამერიკული სამხედრო გემები მანევრირებენ. თეირანი და თელ-ავივი ურთიერთბრალდებებს ცვლიან. თეირანში საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დელეგაციის ბოლო ვზიტი შეიძლება ითქვას, რომ უშედეგოდ დასრულდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აქბარ სალეჰიმ პირდაპირ განაცხადა, რომ მდგომარეობიდან გამოსასვლელად მხოლოდ ორი გზა არსებობს- ურთიერთობა ან კონფრონტაცია.
“ირანის ისლამური რესპუბლიკა რომელიც მშვიდობიან ბირთვულ პროგრამას ავითარებს, ყოველთვის პირველი გზის მომხრე იყო“ - აღნიშნა სალეჰიმ.
ამ განცხადებას შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა გამოეხმაურა.
„დიპლომატიისთვის სივრცეც არის და დროც. თუმცა ამისთვის ირანმა საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს,“ - განაცხადა პანეტამ.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დაწესებულმა სანქციებმა ირანის ეკონომიკას დარტყმა მიაყენა. ახლახანს ირანის მთავარმა წარმომადგენელმა ბირთვულ საკითხებში განაცხადა, რომ თეირანი მზადაა მოლაპარაკების განსაახლებლად.
შარშან თურქეთში დასავლეთს და ირანს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამიტომაც ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ მოლაპარაკების ახალი რაუნდი ნაყოფს გამოიღებს.
ჯეიმს დობინსი კორპორაცია რენდის ანალიტიკოსია.
„ისინი უბრალოდ საცდელ განცხადებებს აკეთებენ და პრესის ყურადღებას იპყრობენ, ძალიან დიდია ყურადღება მედიის და პოლიტიკოსების მხრიდან,“ - ამბობს დობინსი.
სანქციების მიუხედავად, ირანი თავის ბირთვულ პროგრამაზე უარს არ აპირებს. ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღის ამბიციები არ ამოძრავებს. თუმცა, დასავლეთში ამის ნაკლებად სჯერათ. როგორც ისრაელი და შეერთებული შტატები აცხადებენ, თუკი დიპლომატია და სანქციები არ იმუშავებს გამოსავალი სამხედრო აქცია იქნება. უსაფრთხოების ექსპერტი ჯიმ ვოლში კი შიშობს, რომ სამხედრო ნაბიჯები ირანს ბირთვული იარაღის შექმნისკენ უბიძგებს.