აზიელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ახალი ბირთვული შესაძლებლობების აღმოჩენა და გუშინ სამხრეთ კორეის კუნძულის საარტილერიო დაბობმვა საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზეწოლას ისახავდა მიზნად, რათა ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები განახლდეს. აბე დენმარკი ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრში აზიის პროგრამას ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ რომ ეს მოვლენები კიმ ჩენ ირის მემკვიდრედ კიმ ჩენ უნის დასახელებას უკავშირდება. ასევე ფხენიანი ცდილობს, რომ მსოფლიომ ის ბირთვულ სახელმწიფოდ აღიაროს.
„ეს არის ჩრდილოეთ კორეის ძალიან კონცენტრირებული მცდელობა, რათა მოახდინოს ძალის დემონსტრირება და დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ფხენიანთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს,“ - განაცხადა დენმარკმა.
კიმ ჩენ უნი, რომელიც 27 წლისაა, ახლახანს მეოთხე დონის გენერლად დაინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სამხედრო გამოცდილება არ გააჩნია. ამჟამინდელი მმართველი კიმ ჩენ ირი ხელისუფლებაში 1994 წელს მოვიდა, როდესაც მამამისი - ჩრდილოეთ კორეის დამაარსებელი კიმ ირ სენი გარდაიცვალა. თუმცა, მანამდე, კიმ ჩენ ირი თავის პოლიტიკურ გამოცდილებას 20 წლის მანძილეზე იმყარებდა. რაც შეეხება კიმ ჩენ უნს, ექსპერტებს მისი გამოცდილება და ასაკი აშფოთებთ.
ვიქტორ ჩა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის დროს თეთრ სახლში აზიის საკითხებს კურირებდა ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ თავის ბირთვული ნაგებობების დემონსტრირება სწორედ კიმ ჩენ უნისთვის მხარდაჭერის გამყარებას ისახავდა მიზნად.
„ამის მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ ახალგაზრდა ლიდერის მამრთველობაში ძლიერი სახელმწიფო გადადის. ასევე ძალიან დიდ მნიშვნელობა ქონდა იმის ჩვენებასაც, თუ რა ძლიერი სახელმწიფო შექმნა კიმ ჩენ ირმა, რომელიც ხელისუფლებაში 1994 წლიდან იმყოფება,“ - ამბობს ვიქტორ ჩა.
ბრუს კლინგერი ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში კორეის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ის ახლა „ჰერითიჯის ფონდის“ ანალიტიკოსია.
„ჩვენ არ ვიცით თუ რა როლს თამაშობს კიმ ჩენ უნი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რომ ჯერჯერობით კიმ ჩენ ირი ისევ ძლიერი მმართველია. გასული წლის და წლევანდელი პროვოკაციები ჩრდილოეთ კორეის მოლაპარაკების მანერაზე მიანიშნებს,“ - ამბობს კლინგერი.
გასულ წელს ჩრდილოეთ კორეამ თავის ბირთვული პროგრამის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებები გაწყვიტა და მოკლე ხანში მეორე ბირთვული გამოცდაც ჩაატარა.კლინგერი თვლის, კიმ ჩენ ირი ხვალ რომ გარდაიცვალოს, არ არის ნათელი დაუჭერს თუ არა მხარს ჩრდილოეთ კორეის მმართველი ელიტა მის შვილს, ამიტომ კიმ ჩენ უნისთვის უფრო მისაღებია, რომ მამამისმა კიდევ დიდხანს დაყოს ქვეყნის ხელმძღვანელად, რათა მის მემკვიდრეს ძალაუფლებისთვის მყარი ნიადაგი მოუმზადოს.