ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური დინოზავრის ეპოქა


ლუჟკოვის კლანის როლი 2012 წლის არჩევნების წინ და პუტინის სიჩუმე - დასავლური პრესის მიმოხილვა

იური ლუჟკოვი უკვე მოსკოვის ყოფილი მერია. მისი და პრეზიდენტ მედვედევის სკანდალურ დაპირისპირებას ლუჟკოვის გათავისუფლება მოჰყვა. თუმცა, დასრულდა თუ არა ამით დედაქალაქის ყოფილი ხელმძღვანელის და ქვეყნის ლიდერის პოლიტიკური დუელი, არავინ იცის. ამერიკულმა გამოცემა „ტაიმმა“ ამ თემას უკვე მიუძღვნა ანალიტიკური სტატია, სათაურით: „მერის გათავისუფლება მედვედევის სარისკო ნაბიჯი.“

„ამას დიდი ხანია წინასწარმეტყველებდნენ, ყოველი კორუფციული სკანდალის წარმოჩენის შემდეგ. და მიუხედავად ამისა, როდესაც 28 სექტემბერს, სამშაბათს, მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი თანამდებობიდან გადააყენეს, მოსკოველთა დიდმა ნაწილმა ეს არც კი დაიჯერა. ზოგს სიხარულთან მიახლოებული გრძნობა გაუჩნდა, რადგანაც მერმა ხელისუფლებაში 18 წლიანი ყოფნის პერიოდში საკმაოდ ბევრი მტერი გაიჩინა. ზოგს კი შიშის გრძნობაც გაუჩნდა, რადგანაც ლუჟკოვს, თავის გავლენით ქვეყანაში მესამე პირად მიიჩნევდნენ და შესაბამისად ამან შესაძლოა პოლიტიკურ სისტემაში განხეთიქლება გააჩინოს,“ - ასე იწყება „ტაიმში“ გამოქვეყნებული სტატია.

გამოცემა მიიჩნევს, რომ ამ პირადი გამარჯვებას მედვედევმა არც თუ იოლად მიაღწია. მან ეს ხელისუფლებისათვის გამართული იმ ბრძოლის შედეგად შეძლო, რომელიც რუსეთს მხოლოდ 90-იან წლებში ახსოვს, როდესაც პოლიტიკური ბრძოლა წესების გარეშე მიდიოდა. ყველაფერი კი აგვისტოში დაიწყო, როდესაც ლუჟკოვი არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. „ტაიმი“ ასევე იხსენებს აგვისტომდე არსებულ ვითარებას, როდესაც იური ლუჟკოვი არაერთხელ აღმოჩნდა მსგავს მდგომარეობაში - „ომონის“ საშუალებით მშვიდობიანი აქციების დარბევა, გეი-აღლუმების აკრძალვა და მათი სატანისტებად მონათვლა, საკუთარი მეუღლისთვის ქალაქში არსებული საუკეთესო ქონების გადაცემა. ამ სიას ისიც ემატება, რომ გასულ ზამთარს როდესაც მოსკოვში მანამდე არნახული თოვლი მოვიდა, ლუჟკოვი მოსკოველებს სტიქიის დამარცხებას შეპირდა, თუმცა ეს ვერ შეძლო. ბოლო წვეთი მის პოლიტიკურ კარიერაში აგვისტოს არნახული სიცხის დროს ჩამოვარდა, როდესაც რუსეთის დედაქალაქს ხანძრის ალები უტევდნენ, მოსკოვის მერმა თავის სასიამოვნო შვებულება არ შეწყვიტა. „ტაიმი“ წერს, რომ ამ ფაქტმა კრემლს საშუალება მისცა რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური დინოზავრი არენიდან მოეშორებინა. თუმცა, ლუჟკოვმა მედვედევის პირობებით და ჩუმად წასვლა არ ისურვა, როგორც ეს რუსეთის პრეზიდენტმა მანამდე ორი გუბერნატორის მოხსნისას მოახერხა, ლუჟკოვი მედვედევის თამაშს არ აჰყვა და სწორედ ამიტომ კრემლი შეტევაზე გადავიდა. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა ტელევიზიებმა ლუჟკოვზე გააფთრებული შეტევა დაიწყეს, რაც საბოლოოდ მედვედევის ბრძანებით დასრულდა, რომლის ძალითაც ლუჟკოვს მერის კაბინეტის დატოვებამ მოუწია. რატომ მიიჩნევს „ტაიმი“, რომ ლუჟკოვის გადაყენება მედვედევისთვის სარისკო ნაბიჯია? აი რა სწერს სტატიის ავტორი საიმონ შუსტერი.

„ლუჟკოვის გაძევებას ძლიერი რეზონანსი მოყვება დედაქალაქის ფარგლებს მიღმაც, რადგანაც რუსული ბიზნესის, მედიის და პოლიტიკის ყველა სტრუქტურას თავისი შტაბ-ბინები მის ტერიტორიაზე აქვთ განთავსებული. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კრემლს აუცილებლად ისეთი მერი სჭირდება, რომელიც დედაქალაქის მთელი ბიუროკრატიის გარდაქმანს მოახერხებს. თუკი, მედვედევი ამაში წარმატებას ვერ მიაღწევს, არჩევნების წინ ის ლუჟკოვის მომხრეების საბოტაჟის მსხვერპლი გახდება,“ - ვარაუდობს „ტაიმის“ მიმომხილველი შუსტერი. ამერიკულ გამოცემა „ბლუმბერგთან“ საუბარში კი ოპოზიციური პარტიის „იაბლოკოს“ ლიდერმა სერგეი მიტროხინმა განუცხადა, რომ ის აღიარებს ლუჟკოვის დამსახურებებს, კერძოდ იმას, რომ ბევრი მოსკოველის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა, განსაკუთრებით ვეტერანებისა და მოხუცებისთვის გამოყოფილი სოციალური დახმარებების წყალობით. მიტროხინი მიიჩნევს, რომ ლუჟკოვი დამოუკიდებელი ფიგურა იყო, ხოლო შემდეგი მერი ხალხზე დამოკიდებული აღარ იქნება. „მოსკოვს კი კრემლის მარიონეტი არ უნდა მართავდეს,“ - მიიჩნევს მიტროხინი. „ბლუმბერგის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ ლუჟკოვის ეპოქაში მოსკოვმა სტაბილური ქალაქის რეპუტაცია მოიპოვა და მისი საკრედიტო რეიტინგიც განუზომლად გაიზარდა. საინტერესოა ამ ყველაფერში რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის როლი. ამის თაობაზე „რადიო ფრანც ინტერნეიშენალი“ იუწყება. ფრანგული მედიის ცნობით, ის ფაქტი, რომ იური ლუჟკოვმა კრემლის წინააღმდეგ მკვეთრი ნაბიჯები გადადგა, უდავოდ მიანიშნებს მისადმი პუტინის მხარდაჭერაზე, რომელიც მან თავის სიჩუმით გამოხატა. ამდენად, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელშიც პუტინი თავის კანდიდატურას დააყენებს, მას ლუჟკოვის კლანის ფინანსური დახმარება აუცილებლად დასჭირდება.

XS
SM
MD
LG