შეერთებული შტატების სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ საგანგაშო ცნობა გამოაქვეყნა: 400-მდე ყველაზე პოპულარული დასახელების ტუჩსაცხებში ტყვიის შემცველობა აღმოაჩინეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტოქსიკურ მეტალს ჯანმრთელობის მწვავე პრობლემების გამოწვევა შეუძლია.
ამერიკის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით ტყვიის შემცველობის დონე ტუჩსაცხებში უსაფრთხოა. თუმცა, ჯანდაცვის ზოგიერთი ექსპერტის თქმით ტყვიის, როგორც მომწამლავი ნივთიერების უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს.
ტუჩების შეფერვა ქალებს ყველა დროში უყვარდათ. თანამედროვე ქალბატონები ტუჩსაცხებს ხშირად დღეში რამოდენიმეჯერ ხმარობენ. გავრცელებულმა ინფორმაციამ ბევრი მათგანი შეაშფოთა. მათ შორისაა ალექსანდრა ვილარელი, რომელიც ამბობს, რომ ტყვიის ნებისმიერი რაოდენობა ტუჩსაცხებში ძალზე შემაშფოთებელია. დენის კონდეტის კი ეს პრობლემა მაინც და მაინც არ აწუხებს:
“ცოტათი მაშფოთებს, მაგრამ არც ისე, რომ ამ პროდუქტის მოხმარება შევწყვიტო“ - ამბობს ის.
მაინც რამდენად უსაფრთხოა ტყვიის თუნდაც მინიმალური რაოდენობა? ფედერალური ადმინისტრაციის განცხადებით 400 დასახელების პროდუქტში, რომელიც მათ შეამოწმეს, ტყვია მინიმალური რაოდენობით ყოველ მათგანშია. ამ რაოდენობით ტყვია უსაფრთხოების რისკებს არ შეიცავს, თუკი ტუჩსაცხებს დანიშნულებისამებრ გამოვიყენებთ - აცხადებენ ისინი.
წლიური 50-მილიარდიანი კოსმეტიკის ინდუსტრია ამტკიცებს, რომ მათი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელია. ჰელინა ბრესლავიკი პირადი ჰიგიენის პროდუქტთა საბჭოს სამეცნიერო დირექტორია და ის შეერთებული შტატების 600 კოსმეტიკურ კომპანიას წარმოადგენს.
„ტუჩსაცხებელი უვნებელია. მომხმარებელი არ უნდა იყოს მისი უსაფრთხოებით შეშფოთებული“ - ამბობს ის.
რამდენიმე ათეული წელია, რაც ტყვიასთან ასე თუ ისე შეხება გვაქვს. ტყვიას შეიცავდა საწვავი, რომელსაც მანქანებში ვასხამდით, საღებავი, რომლითაც სახლში კედლები იყო შეღებილი და ასე შემდეგ. მოგვიანებით სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ ტყვიის შემცველობის რეგულირება აუცილებელია, რადგან ის მომწამლავი ნივთიერებაა და ჯანმრთელობისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ბავშვების და ორსული ქალებისთვის ტყვია განსაკუთრებით დიდ რისკს შეიცავს. შედეგად ის მივიღეთ, რომ ამერიკაში სამომხმარებლო პროდუქტების უმრავლესობიდან ტყვია საერთოდ ამოიღეს.
სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციას კონკრეტულად ტუჩსაცხებში ტყვიის შემცველობის უსაფრთხო დონე ჯერ არ დაუწესებია. კოსმეტიკური ინდუსტრიის წარმომადგენელს, ჰელენა ბრესლავიკს ვკითხეთ, თუ რამდენად უსაფრთხოა ტუჩსაცხები ორსული ქალებისთვის, უნდა შეწყვიტონ თუ არა მათ საყვარელი პროდუქტის გამოყენება?
“ვფიქრობ, რომ ეს მათი პირადი არჩევანია. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი რეკომენდაციები, რომელიც ტყვიის შემცველობის უსაფრთხო დონეს განსაზღვრავს, სწორედ ორსული და მეძუძური დედებისთვის შემუშავდა“ - ამბობს კოსმეტიკური ინდუსტრიის წარმომადგენელი.
ეს განცხადება დამაჯერებლად საერთოდ არ ჟღერს, აცხადებს ჯეისონ რეინო, მთავრობასთან ურთიერთობის დირექტორი გარემოს დაცვის კვლევითი ორგანიზაციიდან.
„ტყვიასთან შეხების უსაფრთხო დონე ელემენტარულად არ არსებობს“ - აღნიშნავს ის.
გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტო ტყვიას ადამიანის ორგანიზმისთვის მომწამლავ ნივთიერებას უწოდებს, რომლის შემცველობის უსაფრთხო დონე განუსაზღვრელია. ჯეისონ რეინო გვირჩევს მათი ორგანიზაციის ვებ-გვერდი დავათვალიეროთ, სადაც პირადი მოხმარების პროდუქციის შემცველობაა მოცემული. 69 ათას დასახელებას შორის 1500 ტუჩსაცხებელია, ამბობს ის.
კოსმეტიკური ინდუსტრიის მესვეურები აცხადებენ, რომ პოპულარული პროდუქტების შემცველობაში ცვლილებების შეტანას არ გეგმავენ. გარემოს დაცვის ადვოკატები კი ასეთივე დაბეჯითებით ცდილობენ ამერიკის კონგრესს მომწამლავ ნივთიერებებთან დაკავშირებით უფრო მკაცრი კანომდებლობა მიაღებინონ.