12 ათასამდე ოჯახი საქართველოში დაინტერესებულია რეპრესირებულთათვის კომპენსაციების გაცემის საკითხით. საბჭოთა რეჟიმის 70 წლიან პერიოდში ათასობით ადამიანი საქართველოში, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში გადაასახლეს ქონების კონფისკაციით, დახვრიტეს, დააპატიმრეს. საქართველოს პარლამენტმა რეპრესირებულთათვის მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კანონი მიმდინარე წლის 18 მაისს მიიღო, რომლის თანახმად, რეპრესირებულმა ზიანის ასანაზაღაურებლად სახელმწიფოსგან შესაბამისი თანხა უნდა მიიღონ.
საბჭოთა რეპრესირებულებს კომპენსაციის მიღებაში , ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადვოკატები ეხმარებიან. ”კანონი ხალხისძთვის” თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით უკვე 575 რეპრესირებულმა და მათმა შთამომავალმა მიმართა , სასამართლომ პირველი გადაწყვეტილებებიც მიიღო, რომელსაც ადვოკატი უპრეზედენტოს უწოდებს . საგანგებო ბრიფინგზე ზაქარია ქუცნაშვილმა წარმოადგინა მოსაამრთლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილება, რომლის ანალოგი, ადვოკატის თქმით, მსოფლიოში არ არსებობს :
” კომპენსაციის ოდენობის საკითხში კანონი ამბობს, რომ ანაზღაურება უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. ჩვენ გვაქვს უამრავი დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ რეპრესირებულები და მათი შთამომავლები მრავალი წლების განმავლობაში ცნობილი იყვნენ როგორც მტრის შვილები, სამშობლოს მოღალატეების შვილები. მათ უქმნიდნენ საყოფაცხოვრებო და სხვა სახის პრობლემებს. ამიტომაც ამ ადამიანების სულიერი განცდა მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს არ არის ერთჯერადად მიყენებული ტრავმა, რომელსაც მოგაყენებენ და გაივლის. ეს არის მრავალჯერადი და ხანგრძლივი პერიოდის განცდები. ყველა ეს ფაქტორი ერთად ჯამში განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების სიდიდეს.
მინდა გამოვაქვეყნო მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილება. ამ ადამიანმა ადამიანის სიცოცხლე - ხელყოფილი დახვრეტის სახით, შეაფასა 400 ლარად და ჩვენ შეგნებულად გამოგვაქვს ეს გადაწყვეტილება სამსჯავროზე, იმიტომ რომ კობა გოცირიძის სახელი და გვარი ყველა ქართველმა უნდა გაიგოს .. მან ფაქტიურად მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, სანდრო ახმეტელის, მაზმიაშვილის, დიდი ქართველების სიცოცხლე შეაფასა 400 ლარად, როცა მარტო მისი ხელფასია 10-ჯერ მეტია იმ ერთთვიანი უმადური შრომისთვის, რასაც ის ეწევა ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ. ამიტომაც ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ადვილად გავაქარწლებთ, იქედან გამომდინარე, რომ ქართული სასამართლოს პრაქტიკაც კი უარყოფს მორალური ზიანის ამ ოდენობით შეფასებას. შესაბამისად, სამართლის ანალოგიის პრინციპებიდან, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, რეპრესირებულ პირებსა და მათ პირველი რიგის მემკვიდრეებზე გაცემული უნდა იქნას კომპენსაცია მინიმუმ 15 ათასი ლარის ოდენობით”.
რეპრესირებულთათვის მორალური ზიანის შესაბამის ანაზღაურებას ითხოვენ ”თავისუფალი დემოკრატები”. პარლამენტის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ოკუპაციის მუზეუმის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსამართლეები მიღებულ კანონს ყველანაირ მნიშვნელობას უკარგავენ და ქართველების დაკარგულ, დანგრეულ სიცოცხლეს 200-215-400 ლარად აფასებენ : ” - მოსამართლეებს მიაკუთვნეს კომპენსაციის განსაზღვრის უფლება. რა თქმა უნდა, მოსამართლეებს დირექტივები გაუგზავნეს, გააფრთხილეს, რომ 400 ლარზე მეტი არცერთ დაზარალებულზე არ უნდა იყოს გაცემული. არადა, ევროსასამართლომ დაზარალებულებს მიაკუთვნა კომპენსაცია 4 ათასი ევროს ოდენობით, და ჩვენ შეგვხვდა 100 ლარი, 200 ლარი , 400 ლარი... ეს მაშინ, როცა უამრავ ადამიანს დაეღუპა ახლობელი, უამრავმა ადამიანმა დაკარგა საკუთრება, უამრავმა ადამიანმა ციხეში გაატარა წლები - წამებაში და ტანჯვაში. ამ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა სააკაშვილმა შეაფასა 100 ლარად”.
ადვოკატ მირზა მურმანიშვილის თქმით ანალოგიური კანონი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებმა ჯერ კიდევ 90-ანი წლების დასაწყისში მიიღეს: ” - საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა ბევრად ადრე მიიღეს ეს კანონი. რუსეთმა 1991 წელს მიიღო რეპრესირებულ პირთა შესახებ კანონი, რეაბილიტაცია გაუკეთა, კომპენსაციის თანხებიც განსაზღვრა. მარტო თანხებს არ იძლევა, იქ ძალიან დიდ სოციალურ შეღავათებს უწესებს კიდევ სახელმწიფო რეპრესირებულ პირებს.
უკრაინამაც მიიღო დიდი ხნის წინ ეს კანონმდებლობა, მიღებული აქვს ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას, ყაზახეთს, ყირღიზეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს.. თითქმის ყველა რესპუბლიკას მირებული აქვს ეს კანონი ჩვენგან განსხვავებით. საქართველომაც მიიღო ეს კანონი 1997 წელს, მაგრამ რატომღაც არ სრულდებოდა. მისი შეუსრულებლობის გამო იყო, რომ ძმებმა კილაძეებმა მიმართეს სტრასბურგს და სტრასბურგმა დაავალდებულა საქართველო, რომ კანონი მოეყვანა წესრიგში”.
ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის თქმით 2005 წლის მონაცემებით საქართველოში 15 700 რეპრესირებული და მათი შთამომავალი ცხოვრობდა:
”ახლა კი ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი რიცხვი 20 ათასზე მეტია. ეს რიცხვი რეპრესიების თემით დაინტერესებულ მკლევარებში ეჭვს იწვევს”