ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული დახმარება შუა აზიაში


ამერიკული დახმარება შუა აზიაში
ამერიკული დახმარება შუა აზიაში

დენიელ როზენბლუმი: აშშ-ს ინტერესი რეგიონში სტაბილურობა და დემოკრატიაა

ყირგიზეთის ცნობილი მოვლენების შემდეგ შუა აზიის რეგიონში დასავლეთის და კერძოდ შეერთებული შტატების ყურადღება კიდევ უფრო გაძლიერდა. დასავლელი ანალიტიკოსები და მედია პირდაპირ მიუთითებენ, რომ ვაშინგტონმა ცენტრალურ აზიაში დემოკრატიის გაძლიერებისთვის უნდა იმუშავოს. თეთრი სახლის დახმარებების დიდი ნაწილიც სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული. რა კეთდება ამ მხრივ და როგორია ამჟამად შეერთებული შტატების პოლიტიკა ცენტრალურ აზიაში? ამ საკითხებზე „ამერიკის ხმა“ სახელმწიფო დეპარტამენტში შეერთებული შტატების დახმარებების კოორდინატორს ევრაზიის და ევროპის საკითხებში დენიელ როზენბლუმს ესაუბრა.

ამერიკული დახმარებები სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით ხორციელდება. თუმცა, ძირითადად ამაზე პასუხისმგებელი შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოა (USAID). დახმარებები ასევე ტექნიკური რჩევების ფორმითაც ხორციელდება, მაგალითად რჩევების მიცემა ფინანსური სექტორისთვის, ასევე პოლიციის რეფორმისათვის. დახმარებები ხორციელდება მცირე გრანტების მეშვეობითაც, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი და ზოგჯერ ბიზნესის სექტორისთვისაც გაიცემა სესხები, - განაცხადა ბატონმა როზენბლუმმა. როგორც ცნობილია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კორუფციის დონე საკმაოდ მაღალია. რასაკვირველია, იგივე ვითარებაა შუა აზიაში.

ამდენად საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს დახმარებების მიზნობრივი განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ყირგიზეთში არსებული ვითარებაა. საინტერესოა, თუ რა მექანიზმები გააჩნია შეერთებულ შტატებს პროცესის მონიტორინგისთვის. ბატონი როზენბლუმის განცხადებით, თუკი დახმარება განკუთვნილია ბიუჯეტისთვის, დონორი უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ იქ არსებობს გარკვეული ინსტიტუტი, მაგალითად სამინისტროს სახით. დახმარების მიწოდების შემდეგ, მონიტორინგის პროცესი მოიცავს ამ დახმარების შემდგომ აუდიტსაც. ასევე, თუკი დახმარება განკუთვნილია ქვეყნის რომელიმე რეგიონისთვის, დახმარების გაწევამდე იქ იგზავნება კონტრაქტორი საერთაშორისო კომპანია, რომელიც მოსახლეობის ჯგუფების საჭიროების მიხედვით განსაზღვრავს პრიორიტეტებს. აღსანიშნავია, რომ ბატონი როზენბლუმი ყირგიზეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. „ის რასაც ჩვენ იქ ვცდილობთ, ვითარების გაუმჯობესებას ემსახურება. ამისთვის კი, ადგილზე ბევრი რამ კეთდება. პირველ რიგში აუცილებელია იქ უსაფრთხოების პირობების შექმნა. პოლიცია უნდა იყოს პასუხისმგებელი ვითარებაზე და ამან უსაფრთხო გარემო უნდა შექმნას. ეს რასაკვირველია, აუცილებელია იქ მოქალაქეებისთვის და ასევე უცხოელი დონორებისთვის რომლებიც იქ სამუშაოდ მიდიან. უსაფრთხოების გარდა ასევე აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა შერიგების მიზნით. ჩვენ მხარს ვუჭერთ იქ გამოძიების დაწყებას, რომელმაც უნდა გაარკვიოს ივნისში მომხდარი მოვლენები,“ – განაცხადა როზენბლუმმა. რა გავლენა აქვს ამერიკის დახმარებას ცენტრალურ აზიაზე და რა მიზნები აქვს თავად შეერთებულ შტატებს როდესაც ამ რეგიონს დახმარებას გაუწევს? „შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში უამრავ ჰუმანიტარულ დახმარებას ახორციელებს. მე ვფიქრობ ეს არის ჰუმანიტარული ციებ-ცხელება. დახმარების გაწევა გაჭირვებულებისთვის ჩვენს ხასიათშია. თუმცა, რასაკვირველია არის სხვა მიზეზებიც. პირველ რიგში ესაა საკუთარი ინტერესი. ანუ ეს არის სტაბილურობის ინტერესი. ასევე ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ იქ იყოს ეკონომიკური ზრდა და აყვავება, რაც მათ უკეთეს სავაჭრო პარტნიორებად აქცევს და ასევე შექმნის იქ ინვესტიციების ფართო შესაძლებლობებს. ასევე ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იქ დემოკრატიის განვითარებაში. რადგანაც ქვეყნები, რომლებიც არიან უფრო დემოკრატიულები, ისინი ჩვენთვის უკეთესი პარტნიორები ხდებიან. ჩვენ მათთან უკეთესად ვმუშაობთ,“ - განაცხადა როზენბლუმმა.

XS
SM
MD
LG