ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის შანსები მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში


რუსეთის შანსები მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში
რუსეთის შანსები მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ერთერთ მთავარ დაბრკოლებას რუსეთისთვის საქართველო წარმოადგენს

მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანებას რუსეთი 1993 წლიდან ცდილობს. კრემლის მესვეურები იმედოვნებენ, რომ წელს ისინი ამ მიზანს მიაღწევენ. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა რუსეთის შანსებს ვაშინგტონიდან არკვევდა.

მსოფლიოს ვაჭრობის ორგანიზაციაში 153 ქვეყანაა გაწევრიანებული. ეს არის სტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის წესებს აყალიბებს და არეგულირებს. მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია 1995 წელს დაარსდა და ტარიფების და ვაჭრობის გენერალური შეთანხმების ორგანიზაცია - გატი (GATT) შეცვალა. ექსპერტების თქმით, ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცედურა რთულია. პირველ რიგში, ქვეყანამ უნდა მიიღოს მთელი რიგი შეთანხმებები, რომელიც სხვადასხვა იმპორტულ საქონელზე ტარიფების დაწესებას ეხება. ასევე ქვეყანამ უნდა მიიღოს ყველა ის წესი, რომელიც მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში მოქმედებს. ამასთანავე წევრობის მსურველმა ქვეყანამ უნდა დაამყაროს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოსთან.

და ბოლოს, წევრობის მსურველმა უნდა შეცვალოს მანამდე არსებული ეკონომიკური და სავაჭრო კანონები და ისინი შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს საერთაშორისო სტანდარტებთან. ბოლო ქვეყანა, რომელიც 2008 წელს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანდა - უკრაინა იყო. რუსეთი კი უკვე 18 წელია, რაც მოლაპარაკების პროცესში იმყოფება.

იურისტი და ვაჭრობის ექსპერტი დევიდ კრისტი ქვეყნებს განაცხადის წარდგენაში ეხმარება. მისი თქმით, ქვეყანას რომელსაც ორგანიზაციაში გაწევრიანება სურს და მის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, წევრობის მიღება 3-4 წელიწადში შეუძლია.

„უფრო დიდი დრო სჭირდება ისეთი ქვეყნების გაწევრიანებას, როგორიც არიან რუსეთი ან ჩინეთი, რადგანაც მათი ეკონომიკა ძალიან კომპლექსურია და ისინი ვალდებულებების შემცირების შესახებ ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. რუსეთი მის გაწევრიანებას განგებ აყოვნებდა, რადგან სურდა რაც შეიძლება ნაკლები ვალდებულებით შესულიყო ორგანიზაციაში. უნდა ითქვას, რომ რუსეთის დიპლომატებმა ბრწყინვალედ იმუშავეს,“ - ამბობს დევიდ კრისტი.

ანდერს ასლუნდი საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის ინსტიტუტში რუსეთის საკითხების ანალიტიკოსია. ის რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხის დაჩქარებაში პრეზიდენტ მედვედევის განსაკუთრებულ როლზე მიუთითებს.

„მან საკითხის ფორსირება მოახდინა და ბოლო ორ წელში მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწია. ასევე პროგრესი იყო მიღწეული 2000-2003 წლებში პრეზიდენტ პუტინის მმართველობის პირველ პერიოდში. თუმცა 2003-დან 2010-მდე ამ პროგრესმა იკლო.“ - აცხადებს ასლუნდი.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანების ერთერთ მთავარ დაბრკოლებას რუსეთისთვის საქართველო წარმოადგენს. წესდების მიხედვით, ორგანიზაცია კონსენსუსის საფუძველზე მოქმედებს და ნებისმიერ წევრს შეუძლია ახალი ქვეყნის გაწევრიანების დაბლოკვა.

ამის მიზეზი კი როგორც ცნობილია რუსეთის მიერ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაა. ანდერს ასლუნდის თქმით, საქართველოს წინააღმდეგობა ეფუძნება მოსკოვის საბაჟო თანამშრომლობას ამ სეპარატისტულ რეგიონებთან.

„ქართველები ითხოვენ, რომ ამ ორ ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ბრუნვაზე საერთაშორისო კონტროლი დაწესდეს,რასაც რუსეთი ეწინააღმდგება,“ - ამბობს ასლუნდი.

დევიდ კრისტის თქმით, თბილისის წინააღმდეგობის რეალური მიზეზი, რუსეთის და სეპარატისტული რეგიონების ურთიერთობაში მდგომარეობს. კერძოდ, რუსეთის თვალთახედვით სავაჭრო საქონელი რუსეთიდან საქართველომდე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით უნდა შევიდეს, ხოლო საქართველოს პოზიციით კი საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქონელი როგორც კი რუსეთს დატოვებს, მაშინვე ხვდება საქართველოს იურისდიქციის სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ვერ აკონტროლებს ამ ორ სეპარატისტულ რეგიონს.

შეერთებული შტატები მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამავდროულად აცხადებს, რომ ის არ განახორციელებს ზეწოლას საქართველოზე. თუ რამდენად შეძლებს რუსეთი ამ დაბრკოლების გადალახვას, 15-17 დეკემბერს ჟენევაში მსოფლიოს ვაჭრობის ორგანიზაციის მინისტერიალზე გაირკვევა.

XS
SM
MD
LG