შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის ურთიერთობა უკანასკნელი ორნახევარი წლის მანძილზე საგრძნობლად გაუმჯობესდა. სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, უილიამ ბერნსის, თქმით „მთავარი გამოწვევა დღეს იმაში მდგომარეობს, რომ ურთიერთთანამშრომლობის ახალი გზები დაისახოს, რათა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია -ეკონომიკური კავშირები- განმტკიცდეს და გაღრმავდეს“.
ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობა ამერიკას და რუსეთს შორის უკანასკნელ წელს საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა, ტვირთბრუნვამ მხოლოდ 31 მილიარდს მიაღწია, რაც შეერთებული შტატების საერთო თანხის ერთ პროცენტზე ნაკლებია. რუსეთის ეკონომიკა მსოფლიო ბაზარზე ზომით მეშვიდეა, ამერიკის სავაჭრო პარტნიორებში კი მას ექსპორტის მხრივ 37-ე ადგილი უკავია.
დღესდღეობით რუსეთი დიდი ოცეულის ერთადერთი წევრია, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ჯერ არ გამხდარა. რუსეთის გაწევრიანება გლობალური ეკონომიკის წარმატებული განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ღია, თავისუფალი და გამჭვირვალე კონკურენციისთვის ეს აუცილებელი პირობაა. ამას გარდა ამერიკელ ექსპორტიორებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყანაში გასაღების ახალი ბაზარი გაუჩნდებათ.
უკანასკნელი 18 წლის მანძილზე რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესაძლებლობა არაერთხელ გაუშვა ხელიდან. მაგრამ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით დადგა დრო, როცა რუსეთი ორგანიზაციაში უნდა მიიღონ და ამაში მას ამერიკის დიდი მხარდაჭერა ექნება. მსოფლიო ბანკის ეკონომისტების ანგარიშით რუსეთის გაწევრიანება საზღვარგარეთულ კომპანიებს ქვეყნის შიგნით არსებულ ბარიერებს მოუსპობს და მთლიანი შიდა პროდუქტი 3.7 პროცენტით გაიზრდება.
უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად რუსეთმაც უნდა გადადგას საპასუხო ნაბიჯები. კერძოდ, ეკონომიკის დივერსიფიცირება უნდა მოახდინოს და როგორც ადგილობრივი, ასევე საზღვარგარეთული კომპანიები უკეთესი საკანონმდებლო ბაზით და დაცვის გარანტიებით უზრუნველყოს.ბატონი ბერნსის განცხადებით პირველი ნაბიჯი რუსეთის მიერ ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციიის მიერ შემუშავებული კანონის რატიფიკაცია იქნებოდა. საუბარია მექრთამეობის საწინააღმდეგო კონვენციაზე, რომელიც შესაბამის საკანონმდებლო რეფორმებს ითვალისწინებს. შეერთებული შტატები მიესალმება რუს კანონდამცველებს, რომლებიც ქვეყანაში კორუფციას ამხელენ. ეს ყოველივე იქნება ძლიერი სიგნალი, რომელიც ინვესტორებს კანონის უზენაესობაზე მიანიშნებს, აღნიშნავს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.
„შეერთებული შტატები ღრმად დაინტერესებულია ძლიერ, მშვიდობიან, თანამედროვე და აყვავებული რუსეთში, რომელსაც გლობალურ ეკონომიკაში სრული ინტეგრაციის საშუალება აქვს. - ქვეყანაში, რომელიც საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს და მათ განსაკუთრებულ პოტენციალს დიდ პატივს სცემს“ -დასძინა ბატონმა ბერნსმა.