ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავალუტო ფონდი კავკასიაში არსებულ მდგომარეობას აფასებს


გუშინ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებულმა შუა აზიისა და კავკასიის კვლევათა ცენტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად ჩაატარა ფორუმი, რომელიც მიეძღვნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის „რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივის“ გამოცემას და გლობალური ეკონომიკური რეცესიის დაძლევის პრობლემას კავკასიასა და შუა აზიაში. ფორუმზე ანგარიშის მთავარი დასკვნების მიმოხილვით გამოვიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი რატნა საჰაი.

გამოსვლის დასაწყისში საჰაიმ აღნიშნა, რომ მართალია მსოფლიოში შეინიშნება ეკონომიკური გამოცოცხლების ნიშნები, ეკონომიკური აღმავლობის ტემპები სხვადასხვა რეგიონებში მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2010 და 2011 წელს გლობალურ ასპარეზზე წარმოება ოთხი პროცენტით გაიზრდება. აქ აღსანიშნავი ის არის, რომ ამ საერთო ეკონომიკურ ზრდას სტიმულს განვითარებადი ქვეყნები აძლევს, სადაც ეკონომიკური აღმავლობის ტემპები ექვს პროცენტს აღემატება, მაშინ, როცა ეკონომიკური აღმავლობის ტემპები განვითარებულ ქვეყნებში მხოლოდ ორ პროცენტს აღემატება.

რაც შეეხება შუა აზიისა და კავკასიის რეგიონების სახელმწიფოებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოყოფს ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტიორ ოთხ ქვეყანას - აზერბაიჯანს, ყაზახეთს, უზბეკეთსა და თურქემენთს, და ენერგომატარებლების იმპორტიორ ქვეყნებს - საქართველოს, სომხეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს. ეკონომიკური განვითარების მიხედვით ყაზახეთი სხვებს წინ უსწრებს, რაც უწინარეს ყოვლისა იმაში გამოიხატება, რომ იქ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 7,000 დოლარს აღემატება, მაშინ როცა ტაჯიკეთში ეს მაჩვენებლი 800 დოლარზე ნაკლებია. საჰაი აღნიშნავს:

„ის რასაც ჩვენ რეგიონში ვაკვირდებით არის ის, რომ 2009 წლის შოკის შემდეგ ქვეყნების ეკონომიკა თანდათან გამოცოცხლებას იწყებს. მოგეხსენებათ, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებისთვის შოკი ნავთობზე ფასების მკვეთრ ვარდნაში გამოიხატა, ხოლო ნავთობის იმპორტიორმა სახელმწიფოებმა უცხოეთიდან ფულადი გზავნილებების შემცირება და სავაჭრო ბალანსის დეფიციტი გადაიტანეს. მთავრობებმა ამ პრობლემების დასაძლევად ფულადი და ფისკალური ზომების მასტიმულირებელი პაკეტები გამოიყენეს და ღარიბ ქვეყნებში უცხოელი დონორების როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.“

საჰაის თქმით, ჯერ-ჯერობით ევროზონის კრიზისმა კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებზე რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიაჩნია, რომ კავკასიისა და შუა აზიის ენერგომატარებლების ექსპორტიორმა ქვეყნებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ ეკონომიკის დივერსიფიკაციის მისაღწევად, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს კერძო ბიზნესმა და არა სახელმწიფო მონოპოლიებმა. ბუნებრივი აირისა და ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებში კი ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება ეროვნული დავალიანების შემცირება. ამას გარდა რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს სესხების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემები.

სავალუტო ფონდი კავკასიაში არსებულ მდგომარეობას აფასებს
სავალუტო ფონდი კავკასიაში არსებულ მდგომარეობას აფასებს

ფორუმის შემდეგ ამერიკის ხმის ქართული რედაქცია გაესაუბრა ქალბატონ საჰაის. კითხვაზე თუ როგორ დაახასიათებდა იგი კავკასიის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს, ქალბატონმა რატნა საჰაიმ ასეთი პასუხი გაგვცა:

„როგორც მოგეხსენებათ, ამ ქვეყნების ეკონომიკა, და განსაკუთრებით კი სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკა, კრიზისის დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა. მაგალითად, სომხეთში პროდუქციის წარმოება 14-15 პროცენტით შემცირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვან ვარდნას წარმოადგენს. ხოლო საქართველოში კი წარმოება 4 პროცენტით შემცირდა. კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენ ეკონომიკური გამოცოცხლების დადებით ნიშნებს ვაფიქსირებთ. წელს ჩვენ ამ რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის 2 პროცენტს მოველით. საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკის ერთ-ერთი გამოწვევა ის იქნება, რომ რადგან მათ კრიზისის დროს დიდი დანახარჯების გაწევა მოუხდათ, ეროვნული დავალიანება საგრძნობლად გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობებს დავალიანების შემცირება მოუხდებათ. რასაკვირველია, იმ შემთხვევაში თუ გლობალური ეკონომიკა გაუარესდა, მაშინ ხსენებული პრობლემა ამ ქვეყნებს დიდ საფრთხეს შეუქმნის და სწორედ აქ საერთაშორისო დონორებს შეუძლიათ ძალზედ მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა. ამ მხრივ აღსანიშნავია საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობა რამეთუ ის მოიცავს როგორც ინდივიდუალურ ქვეყნებთან დახმარების პროგრამებს, ისე სესხების გაცემას და სხვა დონორების მოზიდვას, რათა ამ სახელმწიფოებმა მომავალში საკუთარი ვალების გადახდა შესძლონ.“

XS
SM
MD
LG