ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყანდაჰარის ოპერაცია, ჯირგა და ტერაქტები


ჰამიდ კარზაი თალიბებს მიმართავს

საერთაშორისო კოალიცია ავღანეთში მასშტაბური ოპერაციისთვის ემზადება. უფრო კონკრეტულად კი ავღანეთის სამხრეთში, ყანდაჰარის პროვინციაში. აქ ათასობით ამერიკელი და ავღანელი სამხედროს კონცენტრაცია ხდება. მათი მიზანი მარტივია - ყანდაჰარში „თალიბანის“ გავლენა უნდა განადგურდეს და რეგიონში ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია უნდა გავრცელდეს. ყანდაჰარში გამგზავრების წინ ავღანეთის არმიის და პოლიციის ნაწილები სპეციალურ წვრთნას გადიან. ამ საქმეს ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი უილიამ ქოლდველი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ჯერ ყველაფერი მზად არ არის, თუმცა საქმე სწორი მიმართულებით მიდის.

„ეს მზარდი ტენდენციაა. ჩვენ ყველაფერი გვაქვს ამ მომენტში, თუმცა მისაღწევი უფრო მეტია. პოლიციის რაოდენობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს, ასევე ეს შეეხება არმიის ნაწილებსაც. ჩვენ ვაგრძელებთ ავღანელი ქვეითი ბატალიონების წვრთნას. ამდენად კიდევ უფრო მეტი ძალებია საჭირო დასახული ამოცანის განსახორციელებლად,“ - აცხადებს გენერალი ქოლდველი.

სამხრეთ ავღანეთში კოალიციის ახალი სტრატეგია ჯერჯერობით დაწყებით ეტაპზეა. ამის შესახებ კი ბრიტანელი გენერალ მაიორი ნიკ კარტერი აცხადებს, რომელიც კოალიციის ძალებს სამხრეთ ავღანეთში ხელმძღვანელობს.

„სამხრეთ ავღანეთში ნატოს 60 ათასი ჯარისკაცი განლაგდება და ეს მეორე ეტაპი იქნება. ჩვენ ასევე ამ რეგიონში 30 ათასიდან 40 ათასამდე ავღანელი სამხედრო და უსაფრთხოების თანამშრომელი გვეყოლება, “ - დასძენს ბრიტანელი გენერალი.

ამდენად სულ მალე ყანდაჰარში კოალიციის 100 ათასიანი სამხედრო ძალა მოიყრის თავს, რის შემდეგაც უმსხვილესი და უპრეცედენტო ოპერაცია დაიწყება.

ამასობაში კი ავღანეთის დედაქალაქში საერთო სახალხო კრება, იგივე ჯირგა გაიმართა.1600 დელეგატის მიზანი თალიბანთან შერიგების გზების ძიება და ქვეყანაში მშვიდობისთვის ხელშეწყობაა. თუმცა ჯირგას გახსნას თალიბანმა შეტევით უპასუხა. შენობის სიახლოვეს ტერაქტი მოხდა. აფეთქების ხმა მაშინ გაისმა, როდესაც ჯირგას სიტყვით პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მიმართავდა. მომხდარზე პასუხისმგებლბა თალიბანმა მალევე აიღო. აფეთქების ძლიერი ხმის მიუხედავად, ჰამიდ კარზაიმ სიმშვიდის შენარჩუნება შეძლო.

„ნუ იღელვებთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ხმა გვესმის,“ - განაცხადა კარზაიმ.

ამ ტერაქტის მიუხედავად, რომელიც შეიძლება გამაფრთხილებელ აქციად ჩავთვალოთ, ჯირგას ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი შეკრების მთავარი მიზანი თალიბ ამბოხებულებთან შერიგების გზების ძიებაა. აფეთქების შემდეგ, კარზაიმ ამ შემთხვევით ისარგებლა და თალიბანს მათთვის მშობლიურ - პაშტოს ენაზე მიმართა.

„თქვენ, თალიბანს მოგესალმებიან თქვენს სამშობლოში, მაგრამ გთხოვთ, ნუ ავნებთ ავღანეთში და თქვენს თავს. ყველა ავღანელი ერთმანეთის ძმაა და ჩვენ ერთმანეთს მშვიდობის საქმეში უნდა დავეხმაროთ. მე გპირდებით, რომ გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს, თუ როგორ უნდა ავაშენოთ ავღანეთი,“ - განაცხადა კარზაიმ.

თუმცა იქვე დასძინა, რომ ტერორისტული ქსელის „ალ-ყაიდას“ წევრები და ისინი ვინც სამოქალაქო მოსახლეობის მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას, შეწყალებულნი არ იქნებიან. კარზაის სიტყვის დასრულების შემდეგ ჯირგას მონაწილეები კარვის გარეთ გავიდნენ და აფეთქების ადგილს ათვალიერებდნენ. უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების განცხადებით, მათ ორი თვითმკვლელი ტერორისტის განადგურება შეძლეს, რომლებიც სახალხო კრებაზე შეღწევას ცდილობდნენ.

ტერაქტების საშიშროების მიუხედავად ავღანეთში 1600 კაციანი ჯირგა მუშაობას განაგრძობს. რამდენად ნაყოფიერი იქნება სახალხო კრება ყანდაჰარის ოპერაციის წინ, ამას რამდენიმე დღეში შევიტყობთ.

XS
SM
MD
LG