ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის სამეზობლო პოლიტიკა და პუტინის შანსები


რუსეთი უცხოური პრესის ობიექტივში

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე, რუსული საგარეო პოლიტიკა საერთაშორისო მედიის ობიექტივში ექცევა. განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს კრემლის ურთიერთობა მის უშუალო მეზობლებთან. ბოლო პერიოდიში ერთ დროს უახლოეს მოკავშირესთან, ბელარუსის ლიდერთან ურთიერთობის დაძაბვამ განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.

„რუს ტულემაყურებლებს ამის მსგავსი აქამდე არაფერი უნახავთ: ტელეკომპანია „ენტევემ“ თავის ორსერიან დოკუმენტურ ფილმში ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო წარმოაჩინა, როგორც მკვლელი და ადამიანთა გამტაცებელი. დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით „ნათლიმამა“ ლუკაშენკოს ბრალი ედება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ტერორიზებაში. დუმის დეპუტატები უკვე ფიქრობენ, რომ ლუკაშენკოსთან თანამშრომლბა აღარ უნდა გაგრძელდეს,“ - ასე იწყება „“ფაინენშალ ტაიმსის“ გერმანული გამოცემის სტატია სახელწოდებით „კრემლი მეზობელ ქვეყნებთან სარისკო თამაშს წარმართავს.“

გაზეთის თქმით, მოსკოველი დამკვირვებლები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ფილმის მომზადება და გაშვება შემთხვევით არ მომხდარა.

ამ აზრის დასადასტურებლად კი აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „ენტევე“ გაზის მონოპოლისტი „გაზპრომის“ საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ სახელმწიფოს ხელშია. ამდენად, ყველაფერი ცხადი ხდება - მომავალ წელს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებია, კრემლი კი ლუკაშენკოს წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. „ღია პოლემიკა ბელარუს პრეზიდენტთან მხოლოდ ბოლო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეცვალა რუსეთმა თავის ურთიერთობა მეზობელთან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდხანს არსებობდა პრინციპი, რომლის მიხედვითაც მოსკოვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არსებული მმართველი ელიტისთვის მხარი უნდა დაეჭირა. ძირითადად ყოფილი პარტიული კადრებიდან წარმოქმნილი ადგილობრვი თავადები“ უფრო ადვილი გასაკონტროლებელი იყვნენ, ვიდრე ბუნდოვანი ინტერესების მქონე ოპოზიცია,“ - წერს „ფაინენშალ ტაიმსი“.

გამოცემა იაროსლავის საერთაშორისო ფორუმზე პრეზიდენტ მედვედევის გამოსვლასაც იხსენებს. მის მიერ წამოყენებული სტრატეგიული კონცეფციის პერიფრაზი კი ასეთია: „მოსკოვი თავის პარტნიორებს ეძებს ყველგან ოპოზიციაშიც კი,“ - აღნიშნავს გამოცემა.

„რუსული დიპლომატია ორიენტირებულია იმაზე, თუ რა შანსები შეიძლება წარმოიქმნას მოულოდნელად ამა თუ იმ ქვეყანაში. ამაზე უფრო დიდი, რაიმე სხვა რეგიონალური სტრატეგია არ განიხილება,“ - აღნიშნავს გამოცემასთან საუბარში მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ანალიტიკოსი ნიკოლაი სილაევი. საინტერესოა წარმოიქმნება თუ არა მართლაც ბელარუსში და რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყნებში მოსკოვისთვის ხელსაყრელი ვითარება.

საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ამჯერად უკვე „ფაინენშალ ტაიმსის“ ბრიტანულმა გამოცემამ სათაურით „რუსი ინტელიგენტები ბრეჟნევის ეპოქას იხსნებენ.“

გამოცემა ერთ საინტერესო პარალელს ავლებს - გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამინდელი პრემიერი ვლადიმირ პუტინი 2012 წელს საპრეზიდენტო სავარძელში აპირებს გადაჯდომას.

„თუკი გავითვალისწინებთ, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შემდეგ საპრეზიდენტო ვადა 6 წლამდე გაიზარდა, ბატონი პუტინი ხელისუფლებაში 2024 წლამდე დარჩება. ის ამ დროისთვის 76 წლის იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის რუსეთის სათავეში საუკუნის მეოთხედი ყოფნით ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერ მმართველად შევა,“ - წერს გამოცემა. აქვე „ფაინენშალ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ მედვედევის მიერ რეფორმებზე საუბარმა თითქმის არანაირი შედეგი არ მოიტანა. ქვეყანა კვლავ ნავთობის და გაზის შემოსავლებით განაგრძობს ცხოვრებას.

„გაქრა შეგრძნება რომ ჩვენ ასე გაგრძელებას ვერარ შევძლებდით, შეგრძნება რომელიც 2009 წელს გქვონდა. ჩვენ ისევ ისე ვთვლით, რომ შეგვიძლია ნავთობშემოსავლებით ცხოვრება,“ - ამბობს პოლიტიკური ტექნოლოგიეგის ცენტრის ანალიტიკოსი ალექსეი მაკარკინი. ამდენად გამოცემის დასკვნით, ძალიან ნაკლებია იმის შანსები, რომ ბატონ პუტინს პრეზიდენტად დაბრუნებაში ხელს რამე შეუშლის.

XS
SM
MD
LG