ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როდის გაიყვანს შეერთებული შტატები ავღანეთიდან სამხედრო ძალებს?


პრეზიდენტმა ობამამ გასული წლის დეკემბერში განაცხადა ავღანეთში 30,000 დამატებითი ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ.

ავღანეთში დისლოცირებული შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ხელმძღვანელობაში მომხდარმა მნიშვნელოვანმა საკადრო ცვლილებამ კიდევ ერთხელ წინა პლანზე წამოწია პრეზიდენტ ობამას დაპირება 2011 წლის ივლისში ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანის თაობაზე.

რას ნიშნავს ეს თარიღი? დაიწყებს თუ არა შეერთებული შტატები ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანას 2011 წლის ივლისში? ან შეიძლება შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობა ავღანეთში თალიბთა მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული ზომების ეფექტურობას შეაფასებს სამომავლო სამოქმედო გეგმის განსაზღვრის მიზნით.

პრეზიდენტმა ობამამ გასული წლის დეკემბერში განაცხადა ავღანეთში 30,000 დამატებითი ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ.

„დამატებითი ამერიკელი და საერთაშორისო სამხედრო შენაერთების გამოყოფა დააჩქარებს პაუსხისმგებლობის გადაბარებას ავღანეთის სამხედრო ძალებისთვის, რაც 2011 წლის ივლისში ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დაწყებას შესაძლებელს გახდის,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

მაგრამ ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ჯარების გაყვანის თარიღს განგებ ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭა,რათა თალიბ მეამბოხეებს, ისევე როგორც ავღანეთისა და პაკისტანის ოფიციალურ პირებს, პრეზიდენტის გზავნილი სხვანაირად არ გაეგოთ.

ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თარიღის თემა კიდევ ერთხელ გაჟღერდა სენატში მოსმენების დროს, როცა ამერიკელი კანონმდებლები ავღანეთში შეერთებული შტატებისა და კოალიციური ჯარების მთავარსარდლის თანამდებობაზე გენერალ დეივიდ პეტრეუსის დანიშვნას იხილავდნენ. როგორც ცნობილია, გენერალმა პეტრეუსმა გენერალი სტენლი მაკრისტალი შეცვალა, რომელმაც გასულ კვირას თანამდებობა დატოვა.

სენატორმა ლინდსი გრეჰემმა აღნიშნა:

„ვიღაცამ უნდა ბოლოს და ბოლოს გაგვიმარტოს, თუ რას ვაპირებთ ჩვენ როცა დადგება მომავალი წლის ივლისი რადგან მე ვფიქრობ, რომ ეს განაპირობებს იმას თუ ვინ დარჩება ავღანეთში საბრძოლველად.“

ავღანეთის საკითხების ზოგიერთი ექსპერტი სენატორ გრეჰემს ეთანხმება. გენერალ პეტრეუსის ყოფილი მრჩეველი ავსტრალიური არმიიდან დეივიდ კილკულენი აღნიშნავს, რომ 2011 წლის თარიღის ხსენებამ გარკვეული გავლენა უკვა მოახდინა პაკისტანისა და ავღანეთის ლიდერებზე. მისი თქმით:

„მე ვფიქრობ, რომ პაკისტანისა და ავღანეთის ლიდერებმა უკვე დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ ახლო მომავალში არ არის გამორიცხული თალიბ მეამბოხეებთან მოლაპარაკებების წარმართვა. ეს არის ადგილობრივი ლიდერების რაციონალური რეაქცია ჩვენ მოსალოდნელ წასვლაზე. ამდენად ჩემი აზრით, საჯაროდ ჯარების გაყვანის თარიღის განცხადება უდავოდ პრობლემებს ქმნის და დებატებს იწვევს.“

მაგრამ გენერალმა პეტრეუსმა კანონმდებლებს მოახსენა, რომ მისთვის ჯარების გაყვანის თარიღის განცხადება უკიდურესი აუცილებლობის გზავნილია, რომელიც ავღანეთში დამატებითი 30,000 ჯარისკაცის გაგზავნასთან ერთად გაკეთდა. მან აღნიშნა, რომ თალიბი მეამბოხეები შეერთებული შტატების ჯარების გაყვანას არ ელოდებიან. პირიქით, ისინი იბრძვიან კოალიციის ნებისყოფის დასაძლევად. პეტრეუსის თქმით:

„აღსანიშნავია, რომ ამ ბოლო დღეებში პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ შეგვახსენა, რომ 2011 წლის ივლისში ჯარების გაყვანის პროცესი უნდა დაიწყოს, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ავღანეთს დატოვებს. როგორც მან განმარტა ამ გასულ კვირას, ავღანეთისთვის დახმარების გამოყოფა ჯერ კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება.“

ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის ავღანეთის საკითხების ექსპერტი ენტონი კორდესმანი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა როცა იგი ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თარიღზე საუბრობდა. კორდესმანს მიაჩნია, რომ პრეზიდენტს უფრო სრულყოფილად უნდა განემარტა ეს თარიღი რადგან ის ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მხოლოდ შემცირებას როდი ნიშნავს.

„2011 წლისათვის ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ ამ ომში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ ახალი სტრატეგია ეფექტურია. გამარჯვების მიღწევას დრო დასჭირდება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და არა ის, შეგვწევს თუ არა ჩვენ იქ დისლოცირებული ამერიკული სამხედრო ძალების შემცირების უნარი.“

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ანალიტიკოსთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ჯარების გაყვანის თარიღის დასახელება დააჩქარებს ნატოს მიერ ავღანეთის სამხედრო ძალების მომზადებას,რადგან სწორედ მათ დაეკისრებათ ქვეყანაში უშიშროების დამყარება საერთაშორისო ძალების გაყვანის შემდეგ.

XS
SM
MD
LG