ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"არ შეიძლება სარეკლამო დრო იყოს უფასო!"


"არ შეიძლება სარეკლამო დრო იყოს უფასო!"
"არ შეიძლება სარეკლამო დრო იყოს უფასო!"

რეგიონალური ტელევიზიის წარმომადგენლები თვლიან, რომ სარეკლამო დრო არ შეიძლება იყოს უფასო, ვინაიდან ამის გამო ზარალდებიან.

"ვერანაირი ჩანაწერი კანონში სარეკლამო დროს უფასოს ვერ გახდის! ტერმინი ”უფასო სარეკლამო დრო” უნდა გაქრეს!"

ასეთ განცხადებებს აკეთებს 2005 წელს დაარსებული საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, რომელიც 22 რეგიონულ ტელეკომპანიას აერთიანებს.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი თვლის, რომ საარჩევნო კოდექსში 2006 წლის ცვლილებებით 2011 წლის 27 დეკემბერს მიღებული ჩანაწერი პოლიტიკური სუბიექტებისთვის საეთერო დროის უფასოდ გამოყოფის შესახებ გაურკვეველი და შეუსაბამოა.

ნათია კუპრაშვილის თქმით, მოქმედი კანონები მაუწყებელს თან ავალდებულებს, თან უკრძალავს პოლიტიკური პარტიებისთვის უსასყიდლოდ საეთერო დროის მომსახურებას. ამასთან, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობაც და აკრძალვის დარღვევაც, საკმაოდ მძიმე სანქციებს ითვალისწინებს:

”ამაზე მარტო ჩვენ ნამდვილად არ გვიფიქრია, ამაზე ”არჩევნები სამართლიანობისთვის” და ”მედია ადვოკატირების” კოალიციებმაც იმსჯელეს, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩანაწერი პოლიტიკური სუბიექტებისთვის უფასო დროის გამოყოფის შესახებ რეალურად არ მუშაობს. ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს, ჩვენი მხრიდანაც არის დარეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივა”.

ასოციაციის გამგეობის წევრის რამაზ გამეზარდაშვილის აზრით, პოლიტიკური სუბიექტებისათვის 90 - წამიანი უფასო რეკლამის გამოყოფა მიუღებელია და სასწრაფოდ საკონმდებლო შესწორებას მოითხოვს:

” სარეკლამო დრო იმდენად, რამდენადაც სწორედ სარეკლამო დროში ხდება კონცენტრირება ყველა დანახარჯის, რომელსაც კერძო მეწარმე ახორციელებს, ამ შემთხვევაში საუბარია მაუწყებელზე-არ შეიძლება იყოს უფასო. სწორედ სარეკლამო დროში კონცენტრირდება ყველა დანახარჯი, იმიტომ რომ სხვა პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ბაზარზე გავიტანთ და გავყიდით, სხვა პროდუქტი მაუწყებლებისთვის არ არსებობს. ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ამ ვითარებიდან იქნებოდა ის, რომ კანონიდან ამოღებული იქნას ეს ვალდებულება”.

რეგიონალური ტელევიზიის წარმომადგენლები თვლიან, რომ სარეკლამო დრო არ შეიძლება იყოს უფასო, ვინაიდან ამის გამო ზარალდებიან ისინი. ქუთაისის ტელეკომპანია ”რიონის” გენერალური დირექტორის თამარ ღვინიანიძის განცხადებით, სარეკლამო დროის უფასოდ გამოყოფა პოლიტიკური სუბიექტებისთვის თანაბარ პირობებს ვერ უზრუნველყოფს, პირიქით, ხელს შეუშლის ამომრჩევლამდე წინასაარჩევნო რეკლამის მიტანას:

” აქ არ არის საუბარი მხოლოდ ფულის მოპოვებაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ყველაფერში ვიხდით ფულს და არანაირ შეღავათს არ გვიკეთებს არავინ. ამიტომ , როცა წინ არის გამოწვევაა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის, როცა ჩვენ ვართ დავალდებულებულნი ერთი წლის განმავლობაში გადავიხადოთ სალიცენზიო თანხა, როცა ჩვენ ყველა უწყება გვიზრდის გადასახადებს, ასეთ სიტუაციაში ძალიან ძნელია მიიღო გამოწვევა უფასო სარეკლამო დროზე. საერთოდ, ეს პუნქტი ამოღებული უნდა იყოს , ტერმინი ”უფასო რეკლამა” არ უნდა არსებობდეს. უნდა იქნეს განსაზღვრული ფასები პოლიტიკური რეკლამისთვის. პოლიტიკური რეკლამა ყოველთვის ბევრად უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე ჩვეულებრივი რეკლამა.

ამ სიტუაციაში, როცა ჩვენ იძულებულნი ვართ ჩალის ფასად გავყიდოთ რიგითი რეკლამა, იმიტომ რომ არ მოდის არავინ რეკლამის გასაკეთებლად.. ადგილობრივი ბიზნესი საერთოდ არ აკეთებს რეკლამას, რაც შეეხება თბილისიდან მოსულ რეკლამებს, ყველა ცდილობს ჩალის ფასად იყოდოს სარეკლამო დრო ჩვენგან და შემდეგ თვითონ ნახოს მოგება. გამოდის, რომ ჩვენ ვართ ქველმოქმედები, უფასოდ უნდა ავსახოთ მათი საქმიანობა , მაგრამ ქველმოქმედება კანონით იკრძალება."

XS
SM
MD
LG