ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთისტანის რეგიონი - პოლიტიკური დაძაბულობის კერა


ქურთისტანის რეგიონი - პოლიტიკური დაძაბულობის კერა
ქურთისტანის რეგიონი - პოლიტიკური დაძაბულობის კერა

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით ანკარას მჭიდრო კავშირები ქურთების რეგიონალურ მთავრობასთან კიდევ უფრო ართულებს მის დაძაბულ ურთიერთობას ირანთან.

ერაყში კვლავ დაიძაბა სიტუაცია ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ. ტარიქ ალ-ჰაშემიმ ერაყის ქურთისტანში გაქცევით უშველა თავს.

ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქურთისტანის რეგიონი პოლიტიკური დაძაბულობის კერა გახდა, მას შემდეგ, რაც სიკვდილის ბრიგადების შექმნაში დადანაშაულებულმა ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა ამ რეგიონს შეაფარა თავი.

ტარიქ ალ-ჰაშემის შიიტების წინააღმდეგ მიმართული მკვლელობების ორგანიზებაში ადანაშაულებენ, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს.

ერაყის პრემიერ-მინისტრის ნური ალ-მალიქის მოთხოვნას ჰაშემის გადაცემის შესახებ ქურთებმა უარით უპასუხეს და თავის მხრივ ამ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკების დაწყება მოითხოვეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სელჩუკ უნალის განცხადებით, ანკარა მხარს უჭერს ამ მოთხოვნას. მისი თქმით:

“ ქურთისტანის რეგიონალურმა მთავრობამ შეხვედრის გამართვა მოითხოვა, რომელშიც ერაყის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ წინადადებას. თურქეთს ერაყის ქურთისტანის ლიდერებთან კარგი ურთიერთობა აქვს.“

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, ანკარას მჭიდრო კავშირები ქურთების რეგიონალურ მთავრობასთან კიდევ უფრო ართულებს მის დაძაბულ ურთიერთობას ირანთან. თურქეთი ეჭვობს, რომ თეირანი ერაყში შიიტების გავლენის გაძლიერების მიზნით შეფარულად მხარს უჭერს ნური ალ-მალიქის პოლიტიკას, რომელიც პოლიტიკური მეტოქეების დასუსტებისკენ არის მიმართული.

თურქეთის ყოფილი ელჩის და ამჟამად სტამბოლის კულტურის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორის მურატ ბილანის განცხადებით, ქურთისტანის მთავრობასა და ანკარას შორის დამყარებულ თბილ ურთიერთობას ეკონომიკური საკითხები განაპირობებს.

ეს რეგიონი მდიდარია ენერგო რესურსებით. ამავე დროს ქურთისტანში მოქმედი უცხოური კომპანიების 60% თურქულია. ბატონი ბილანის თქმით:

“თურქეთს გასაკუთრებული ინტერესები აქვს ერაყის ქურთისტანის რეგიონში, რომლის ხელმძღვანელობასთან ანკარას მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს.“

მიუხედავად ამისა, ქურთი სეპარატისტები ხშირად გადმოდიან თურქეთიდან და ამ რეგიონს აფარებენ თავს, მათ ბაზებს კი თურქეთის ავიაცია ბომბავს, რაც ქურთისტანის მთავრობის უკამაყოფილებას იწვევს.

თურქული გაზეთის „ჰაბერთურქის“ კორესპონდენტის სოლი ოზელის განცხადებით, ეკონომიკური ინტერესები ქურთების სეპარატისტულ მოძრაობაზეც იქონიებს გავლენას. მისი თქმით:

“ ერაყელი ქურთები აცხადებენ, რომ არ შეუძლიათ ქურთისტანის მუშათა პარტიის მეომრების წინააღმდეგ ბრძოლა სხვა მხრივ კი მზად არიან ყველაფრით დაეხმარონ თურქებს. ანკარას მოუწევს ამ გარემოებასთან შეგუება, რადგან ქურთისტანის რეგიონთან ვაჭრობა მილიარდობით დოლარს აღწევს. გეოპოლიტიკური ლოგიკა, ისტორია და სოციოლოგია იმაზე მეტყველებენ, რომ ქურთებს თურქებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ ვიდრე არაბულ ერაყთან.“

ირანში ვიზიტის დროს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ შეეცდება კიდევ უფრო მჭიდრო კავშირები დაამყაროს ერაყის ქურთისტანთან.

XS
SM
MD
LG