ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში არჩევნებისთვის ემზადებიან


თურქეთში არჩევნებისთვის ემზადებიან
თურქეთში არჩევნებისთვის ემზადებიან

თურქეთში 12 ივნისს საყოველთაო არჩევნები გაიმართება. მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოწვევას ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტია წარმოადგენს. ამ ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობამ პროსამთავრობო პოლიტიკური პლატფორმა შეცვალა და ახლა დემოკრატიული რეფორმების ჩატარების მოთხოვნით გამოდის, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან.

სამშაბათს სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერს ქემალ კილიჩდაროღლუს თურქეთის ქურთებით დასახლებული სამხრეთაღმოსავლეთი რეგიონის მთავარ ქალაქში დიარბაქირში ქურთები გულთბილად შეხვდნენ. კილიჩდაროღლუმ ქურთებთან შეხვედრა ამომრჩევლებისთვის სახალხო რესპუბლიკური პარტიის ახალი იმიჯის გასაცნობად გამოიყენა:

„ჩვენ შევიცვალეთ. ეს ახალი სახალხო რესპუბლიკური პარტია გახლავთ. ჩვენ უფრო თავისუფალი და დემოკრატიული თურქეთისთვის ვიბრძვით, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მშვიდობიანად იცხოვროს,“ აღნიშნა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ.

თვით ის ფაქტი, რომ კილიჩდაროღლუ ქურთებით დასახლებულ რეგიონს სტუმრობდა პოლიტიკური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ წინა საყოველთაო არჩევნებამდე საარჩევნო კამპანიის დროს მისი წინამორბედი დენიზ ბაიქალი ქურთულ რეგიონში არ ჩასულა და ქურთულ მოთხოვნებს არანაირად არ გამოეხმაურა.

მაგრამ პარტიის სათავეში კილიჩდაროღლუს მოსვლიდან მოყოლებული, სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ ქვეყნის ქურთი მოსახლეობის მოთხოვნები განათლების, ავტონომიისა და საარჩევნო რეფორმების ჩატარებასთან დაკავშირებით გაითავისა.

სტამბოლის ერთ-ერთ ქურთულ კაფეში კილიჩდაროღლუს გამოსვლას დიდი ყურადღებით უსმენენ. ქალაქ დიარბაქირში მის გამოსვლას ეს ქურთი კაცი მიესალმება.

მას სახალხო რესპუბლიკური პარტია მმართველ სამართლიანობისა და განვითარების პარტიას ურჩევნია. იგი გამოთქვამს იმედს, რომ კილიჩდაროღლუ შეასრულებს დაპირებას ქურთული პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით. მართალია ეს ქურთი ამომრჩეველი არჩევნებში დამოუკიდებელ ქურთ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, მას რომ კიდევ ერთი ხმის მიცემის უფლება ჰქონდეს, იგი ხმას სახალხო რესპუბლიკურ პარტიას მისცემს.

თურქი პოლიტიკური მიმომხილველი ჩენგიზ აქტარი ცვლილებას სახალხო რესპუბლიკურ პარტიაში სიფრთხილით ეკიდება, მაგრამ მას მიაჩნია, რომ ეს ფაქტორი მაინც ყურადსაღებია.

„ეს პირველი ნაბიჯი გახლავთ. რაც შეეხება ქურთებთან კონფლიქტს, პარტიის შიგნით კვლავინდებურად აზრთა სხვადასხვაობა სუფევს. ზოგი ამ საკითხის გადაჭრას ეწინააღმდეგება. მაგრამ ასეა თუ ისე, სახალხო რესპუბლიკური პარტია ქურთული საკითხის განხილვას ცდილობს, მაშინ როცა მმართველმა პარტიამ ამ მხრივ ძალისხმევა არასწორი მიმართულებით წარმართა,“ აღნიშნავს თურქი ექსპერტი.

ათწლეულების მანძილზე სახალხო რესპუბლიკური პარტია, რომელიც თავის დროზე თურქული რესპუბლიკის დამაარსებელმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა შექმნა, მთავრობის მხარდაჭერით გამოირჩეოდა. მაგრამ გასულ კვირას სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ დემოკრატიული რეფორმების ჩატარების დეტალური მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელიც ქურთებისთვის უფრო მეტი უფლებების მინიჭების გარდა ქვეყნის სასამართლო სისტემის რეფორმებს შეიცავს.

თუმცა პარტიას ძველ იმიჯთან დამშვიდობება უჭირს. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ კილიჩდაროღლუს ძალიან გაურთულდება პრემიერ მინისტრ რეჯეპ ერდოგანის პოპულარობის დაძლევა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად მაღალი რეიტინგით სარგებლობს და რომელსაც ქვეყნის არნახული ეკონომიკური აღმავლობა უწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG