ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„შავი ხვრელი“ დაცული უფლებებისთვის


„შავი ხვრელი“ დაცული უფლებებისთვის
„შავი ხვრელი“ დაცული უფლებებისთვის

ანგარიშში მითითებულია, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ღიაა და ნაყოფიერ ადგილს ქმნის შავი ბაზრისთვის.

სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით არსებული უმძიმესი ვითარების შესახებ საკუთარ ანგარიშში „ფრიდომ ჰაუსი“ საუბრობს. „უარესი უარესთა შორის“ ის ჯგუფია, სადაც 17 ქვეყანა გაერთიანდა, რომელთა მოსახლეობის უფლებებიც უკიდურეად დაუცველია. ჩრდილო კორეასთან და სომალისთან ერთად ამ ჯგუფში „სამხრეთ ოსეთიც“ მოხვდა. ვითარება უარესობისკენ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაცილებით სწრაფი ტემპით წავიდა.

"ფრიდომ ჰაუსი" ყურადღებას ამახვილებს კორუფციის ფაქტებზე, თავისუფალი არჩევნებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახის არარსებობაზე. გარემოზე, სადაც დამოუკიდებელი სატელევიზიო მაუწყებლობის დაშვებას ხელისუფლება ოფიციალურად კრძალავს. ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ღიაა და ნაყოფიერ ადგილს ქმნის შავი ბაზრისთვის. ადგილი აქვს კონტრაბანდასა და დოლარის გაყალბების მრავალ შემთხვევას.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში „სამხრეთ ოსეთის“გასწვრიც ფრჩხილებში მითითებული იყო „რუსეთი“. მოგვიანებით კი ეს შეცდომა გამოსწორდა და რუსეთის ნაცვლად საქართველო მიეთითა. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, რომელიც თავის მხრივ რადიო „თავისუფლებას“ ეყრდნობა, ამბობს, რომ რეინტეგრაციის საკთხში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეშფოთება გამოთქვა ზემოთხსენებული ხარვეზის შესახებ და „ფრიდომ ჰაუსს“ წერილობით განმართებას მოსთხოვს იმის ასახსნელად, თუ რა მიზეზით „გაიპარა შეცდომა“. ჩვენ ვესაუბრეთ რეინტეგრაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომელმაც განგვიცხადა, რომ ვერც მინისტრი და ვერც სამინისტროს სხვა თანამშრომელი აღნიშნულ საკთხზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

სერგი კაპანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამხრეთ ოსეთში ვითარება მართლაც რთულია და „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში ამას ზედმიწევნით ასახავს. რაც შეეხება შეცდომას, რომლის მიხედვით თავდაპირველ ვარიანში „სამხრეთ ოსეთის“გასწვრივ გამოჩნდა სიტყვა „რუსეთი“ სერგი კაპანაძის აზრით ეს შეიძლება ორგვარად აიხსნას: როგორც ტექნიკურ შეცდომად ან როგორც იმის მინიშნებად, რომ ეს ტერიტორია, სადაც ასეთი მძიმე ვითარებაა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი იმდენად, რამდენადაც არაღიარებული სახელმწიფოა, არაა მიერთებული მთელ რიგ საერთაშორისო კონვენციებს, რაც აღიქმება ადამიანის უფლებათა დაცვის ერთგვარ გარანტად. ამიტომაც გასაკვირი იმაში, რომ ადამაინის უფლებები ამ ოკუპირებულ ადგილას ხშირად ირღვევა, გასაკვირი სულაც არაა. „ჩვენ მიერთებული ვართ საერთაშორისო კონვენციებს, თუმცა ეს ხელს არ უშლის სახელმწიფოს განახორციელოს ისეთი ძალადობა მოქალაქეების მიმართ, როგორიც რამდენიმე დღის წინ ვნახეთ“,– ამბობს ექსპერტი. რაც შეეხება შეცდომას, მისი აზრით ეს შეიძლება იყოს მართლაც ტექნიკური. „სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო ორგანიზაციებს დაშვების შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ. შესაძლოა, ფრიდომ ჰაუსს“ ინფორმაცია აქედან რუსმა უფლებადამცველებმა მიაწოდეს და ამიტომ გაიპარა ასეთი ლაფსუსი,“– ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

რამდენად ექნება რეაქცია რეინტეგრაციის სამინისტროს „რფიდომ ჰაუსის“ ანგარიშზე, ამ ეტაპზე უცნობია, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიც, რომელიც უკანასკენალად 2010 წლის დეკემბერში განახლდა, არაფერს ამბობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სერგი კაპანაძე ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მიუხედავად იმისა, არის თუ არა ქვეყანა მიერთებული საერთაშორისო კონვენციებს, ადამიანის უფლებები არ უნდა დაირღვეს.

XS
SM
MD
LG