ტუნისში საპროტესტო დემონსტრაციების რიცხვმა აშკარად იმატა მას შემდეგ რაც პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ იგი გარდამავალი მთავრობის შემადგენლობას დაასახელებს.
როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლისა ბრაიანტი ჩრდილოეთ აფრიკული ქვეყნის დედაქალაქ ტუნისიდან იუწყება, მართალია გარდამავალი მთავრობის შემადგენლობა ჯერ არ დასახელდა, ტუნისელები ქუჩებში უკვე მის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ. დემონსტრანტები ყოფილი პრეზიდენტის ზინე ელ-აბიდინ ბენ ალის მმათველი RDC-ის პარტიის ხელისუფლებიდან წასვლის მოთხოვნით გამოვიდნენ.
დემონსტრანტებმა ტუნისის დედაქალაქის მთავარ ჰაბიბ ბურგიბას ბულვარზე მოიყარეს თავი პოლიციის რაზმების წინ. იქვე მობილიზებულია სამხედრო ნაწილები. ტანკებზე მსხდომი ჯარიკსაცები ტყვიამფრქვევებს ხალხის მიმართულებით უმიზნებენ. ქალაქში ხანდახან სროლის ხმა ისმის და უკვე მეოთხე დღეა ტუნისის თავზე შვეულმფრენები დაფრინავენ.
როგორც მოსალოდნელია, პრემიერ მინისტრი მოჰამედ განუჩი, რომელიც ძველი მთავრობის წევრი გახლდათ, მალე გარდამავალი მთავრობის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას დაასახელებს. გარდამავალ მთავრობას ქვეყნის მართვა ახალ არჩევნებამდე დაეკისრება. აღსანიშნავია, რომ ახალი არჩევნები ორ თვეში უნდა გაიმართოს. გავრცელებული ცნობების თანახმად, გარდამავალ მთავრობაში ოპოზიციის რამდენიმე წევრი შევა, მაგრამ ისინი საგარეო საქმეთა ან შინაგან საქმეთა სამინისტროებს არ გაუძღვებიან.
ამასობაში ტუნისელ დემონსტრანტებს ძველი მთავრობის დაუყოვნებლივი გადაყენება სურთ. აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით 23 წლის ტუნისელი სახელად ალემი:
„მთავრობა სხვა ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს და არა ამ ფორმით. ახალმა მთავრობამ ქვეყანა უნდა გადაარჩინოს.“
აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტების რიგებში სხვადასხვა ასაკის ხალხი ჩანს. მაგალითად, 46 წლის ლამია, რომელიც გასულ შაბათ-კვირას მომხდარ არეულობამდე ტუნისის ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა.
ლამია აღნიშნავს, რომ ტუნისელები საპროტესტო დემონსტრაციებს უკვე რამდენიმე კვირის მანძილზე მართავენ და მათ ნამდვილად არ სურთ, რომ ახალ გარდამავალ მთავრობაში ძველი მთავრობის წევრები აღმოჩნდნენ. ლამიას მიაჩნია, რომ ორ თვეში ახალი არჩევნების ჩატარება ნაჩქარევია რადგან ქვეყანა იმ დროისთვის მზად არ იქნება. მას მიაჩნია, რომ ტუნისში ნამდვილი დემოკრატიის დამყარებას სულ ცოტა ერთი წელი დასჭირდება.
ნიშანდობლივია, რომ ამ მოსაზრებას ანალიტიკოსებისა და პოლიტიკური აქტივისტების გარკვეული ნაწილი იზიარებს.