შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი პარასკევს ომში დაღუპულთა მემორიალზე უცნობი ჯარისკაცის საფლავის მონახულებით დაიწყო. შემდეგ ბატონი ობამა 1943 წლის გეტოს გმირთა მონუმენტს ეწვია. მან მეამბოხე პოლონელ ებრაელთა გრანიტით მოპირკეთებული მონუმენტი გვირგვინით შეამკო.
მოგვიანებით პრეზიდენტმა ობამამ სპეციალური მიღება მოაწყო. ის საქმიან სადილზე ევროპელ ლიდერებს შეხვდა, რომლებიც ცენტრალური ევროპის სამიტში მონაწილეობენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისალმებაში ნათქვამი იყო, რომ ამერიკისთვის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ეკონომიკური და კულტურული განვითარება სამაგალითოა.
სადილს 18 ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. აქ წარმოდგენილი ქვეყნები იყვნენ: ალბანეთი, ავსტრია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, იტალია, კოსოვო, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, სლოვაკეთი, სლოვენია, უკრაინა და პოლონეთი.
სერბეთის და რუმინეთის ლიდერები სადილს ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებოდნენ. მათ იქ კოსოვოს პრეზიდენტის მიწვევა გააპროტესტეს. ქვეყნის, რომელსაც ეს ორი სახელმწიფო არ სცნობს.
დღეს ბატონი ობამა პოლონეთის პრეზიდენტს, ბრონისლავ კომოროვსკის და პრემიერ მინისტრს -დონალდ ტუსკს- ხვდება. ოფიციალურ შეხვედრაზე მიწვეულმა ყოფილმა პოლონეთის პრეზიდენტმა - ლეხ ვალენსამ - დასწრებაზე უარი განაცხადა. ის ამჟამად მშრომელთა სოლიდარობის პარტიას ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და მეზობელ ბელორუსში დემოკრატიული ფასეულობების სტიმულირებაზე ისაუბრებენ. თეთრი სახლის ოფიციალურ პირთა განცხადებით პრეზიდენტ ობამას ვიზიტის მიზანია პოლონელი ხალხი დაარწმუნოს, რომ ამერიკა ევროპის უსაფრთხოებით კვლავინდებურად დაინტერესებულია.
სამშობლოში დაბრუნებამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიდევ ერთ საფლავს მოინახულებს. მისი გადაწყვეტილებით პოლონური ვიზიტის ბოლო აკორდი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის საფლავის გვირგვინით შემკობა იქნება. შეგახსენებთ, პოლონეთის ყოფილი ლიდერი შარშან 95 ადამიანთან ერთად რუსეთის ტერიტორიაზე ავიაკატასტროფაში დაიღუპა.