ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი ალასანია ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს


ირაკლი ალასანია ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს
ირაკლი ალასანია ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების განსაკუთრებული ინტერესი განათლების და ჯანდაცვის სფეროში „თავისუფალი დემოკრატების“ სტრატეგიამ გამოიწვია.

ვაშინგტონში საქმიანი ვიზიტით მყოფი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია, შეერთებული შტატების სენატორებს, კონგრესმენებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდება.

ბატონი ალასანია ამერიკის უნივერსიტეტის შავი და კასპიის ზღვის აუზების კვლევითი ცენტრის მორიგ სემინარსაც დაესწრო, სადაც მან პროფესორების, სტუდენტების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და ქართული დიასპორის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრამ ვაშინგტონის ქართულ დიასპორაში, პოლიტიკურ და საქმიან წრეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც მოსალოდნელი იყო, ბატონმა ალასანიამ დამსწრე საზოგადოებას საქართველოში დღეს შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაცია და საარჩევნო გარემოში არსებული პრობლემები გააცნო. საუბარი ეხებოდა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკას, რომელიც ოპოზიციის ლიდერის თქმით, პირადად ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული. ექსტრემისტულ ქმედებებს შორის მან დაასახელა ბიზნესმენისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტი, „ქართუ ბანკზე“ ზეწოლა და ახალი საკანონმდებლო აქტი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ.

ბატონი ალასანიას განცხადებით, ეს უკანასკნელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვისთვის ხელის შეშლის მიზნით განხორციელდა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით, რესპუბლიკელებთან და ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ალიანსი სავარაუდოდ, 2012 წლის გაზაფხულზე გამოცხადდება. ჯერჯერობით კი პოზიციათა თანხვედრის გასარკვევად, მათ შორის ინტენსიური კონსულტაციები იმართება, რომელიც არ გამორიცხავს ალიანსში ახალი სუბიექტების ჩართვასაც.

„ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე, არსებობს თუ არა სრული თანხვედრა მის პარტიას და ბატონ ივანიშვილს შორის საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში, ირაკლი ალასანიამ განაცხადა:

„როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გვთხოვა შეხვედრა „თავისუფალ დემოკრატებს“ და შემდეგ რესპუბლიკურ პარტიას, მან განაცხადა, რომ იმიტომ სურს ჩვენთან ურთიერთობა, რომ მთლიანად იზიარებს ჩვენს ღიად დეკლარირებულ პოზიციას საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ქართველმა ხალხმა უკვე გადაწყვიტა, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია. მხოლოდ ამის შემდეგ იყო საუბარი ჩვენი პოზიციების თანხვედრაზე საშინაო პოლიტიკაში. ასე რომ ეს იყო მისი (ბიძინა ივანიშვილის) სურვილი, მისი ღიად დეკლარირებული პოზიცია ჩვენთან საუბარში და აქედან გამომდინარე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ ფუნდამენტურ საკითხში ჩვენ სრული თანხმობა გვაქვს“.

ტელეკომპანია „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ირაკლი ალასანიას კომენტარი ერთმნიშვნელოვანი იყო: ჟურნალისტებს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეცეთ დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება. არსებულმა დავამ კანონის შესაბამისად სამართლებრივი ფორმა უნდა მიიღოს და სასამართლოში გადაინაცვლოს, განაცხადა მან. ბატონმა ალასანიამ კომენტარი ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესების შესახებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსული ჯარის არსებობა რეგიონში მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს.

ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების განსაკუთრებული ინტერესი განათლების და ჯანდაცვის სფეროში „თავისუფალი დემოკრატების“ სტრატეგიამ გამოიწვია. ოპოზიციის ლიდერმა ქართულ დიასპორას პარტიის საარჩევნო პლატფორმა გააცნო და მათ მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხა.

„ჩვენ არ გვსურს მხოლოდ იმიტომ მოგცეთ ხმა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ოპონენტი ხართ, არამედ გვაინტერესებს თქვენი მიდგომა საქართველოსთვის იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით, რომელიც ჯანდაცვის და განათლების სისტემაში არსებობს “- აღნიშნა ერთ-ერთმა გამომსვლელმა.

სემინარს ესწრებოდა მაიკლ ფარბმანი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ყოფილი დირექტორი საქართველოში. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან დიდი აღფრთოვანება გამოხატა ირაკლი ალასანიასთან შეხვედრით და განაცხადა:

„მივესალმები საქართველოში ისეთი ოპოზიციური ლიდერის გამოჩენას, რომელიც მთელი თავისი ძალისხმევის მობილიზებას მომავალი არჩევნების გამჭვირვალობის და სამართლიანობისკენ მიმართავს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქართველმა იცოდეს, რომ აქ (ამერიკაში) არის ხალხი, რომელსაც სურს და ძალუძს დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში და ისეთი მთავრობის არჩევაში, რომელიც საქართველოს წინსვლას შეუწყობს ხელს. ბატონმა ალასანიამ უამრავი ისეთი თვისება გვაჩვენა, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში კონკურენტული იქნება“.

ბატონ ალასანიასთან ამერიკის უნივერსიტეტში შეხვედრამ ორ საათზე მეტ ხანს გასტანა. შავი და კასპიის ზღვის აუზების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორი -მამუკა წერეთლის თქმით:

„უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ცენტრში ოცდაათამდე მსგავსი სემინარი და კონფერენცია ჩატარდა, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც მთავრობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. საუბარია არამარტო საქართველოზე, არამედ მთელი შავი და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებზე. დღეს პირველად გვყავდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც. დიდი იმედი გვაქვს, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება “ .

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ვაშინგტონში რამდენიმე დღეს დაჰყოფს, შემდეგ კი ნიუ იორკში მიემგზავრება, სადაც რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრასთან ერთად ის ბრუკლინში მცხოვრები ერთ-ერთ უდიდესი ქართული დიასპორის შეკითხვებსაც უპასუხებს.

XS
SM
MD
LG