ეგვიპტეს არჩევნებში მოწინავე პარტიის არგუმენტები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ერთის მხრივ „მუსლიმთა საძმო“ აცხადებს, რომ ქვეყნის მომავლისთვის ყველა ძალასთან ითანამშრომლებს, ვისაც ეგვიპტეს მომავალი აფიქრებს.მეორეს მხრივ, ქვეყნის პრობლემების გადაჭრის მთავარი გზა მათი ძირითადი ლოზუნგი ისლამია.
საძმოს იდეოლოგიის მთავარი პირობაა, რომ ისლამი ოჯახიდან დაწყებული მთავრობით დამთავრებული ძირითადი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს. თუმცა, ამის გამო ისინი უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ეგვიპტეში მცხოვრები ქრისტიანების, სეკულარისტების და სხვა არაისლამისტური ჯგუფების შეშფოთებას.
ესამ ელ ერიანი „მუსლიმური საძმოს“ თავისუფლების და სამართლიანობის პარტიის ხელმძღვანელის მოადგილეა.
როგორც მან „ამერიკის ხმას“ განუცხადა, ისინი დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევას არ აპირებენ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს სხვა ისლამისტების და ულტრა-კონსერვატორების, იგივე სალაფისტების შეხედულებებს ეწინააღმდეგება.
„ჩვენ არცერთ ჯგუფთან არ გვაქვს წინააღმდეგობა. ჩვენ დემოკრატიული ალიანსი გვაქვს ათზე მეტ პარტიასთან, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობენ.სალაფისტებს პატივს ვცემთ, რადგან მათ ჯერჯერობით 80 ადილი მოიპოვეს პარლამენტში და ეს რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს. ამდენად ჩვენ პატივს ვცემთ ხალხის არჩევანს, თუმცა ჩვენი ალიანსის შეცვლას არ ვაპირებთ,“ - განაცხადა ელ ერიანმა.
მუსლიმთა საძმოს ქვეყანაში არსებობის ხანგრძლივი ისტროია აქვს. ისინი აქტიურად მუშაობდნენ იმ დროსაც კი, როცა ძველი მთავრობის მიერ მათი პარტია აკრძალული იყო. შარშანდელი რევოლუციის დროს მართალია საძმო წამყვანი ძალა არ იყო, თუმცა მათ რევოლუციის შედეგებით ყველაზე კარგად ისარგებლეს.
„ჩვენ გვსურს, რომ რევოლუციის შემდეგ ეროვნული სოლიდარობის მშენებლობის პროცესი გაგრძელდეს. ამდენად მოწადინებული ვართ, რომ პარლამენტში ყველა პოლიტიკურმა ბლოკმა ერთობლივად იმუშაოს სპეციალური დღის წესრიგის მიხედვით, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ პროგრამაზე მაღლა დადგება,“ - ამბობს ელ ერიანი.
რევოლუციის შედეგები ბევრი ეგვიპტელის ცხოვრებაზე არ ასახულა. მოსახლეობის უმრავლესობა უკეთესი ცხოვრების იმედს ახალ პარლამენტზე ამყარებს.
ფამი ჰოვეიდი გაზეთ „შორუქის“ მიმომხილველია.
„ისინი ფიქრობენ, რომ ამ პასუხისმგებლობის აღება სხვა პოლიტიკური ჯგუფების გარეშე გაუჭირდებათ, მათ შორის სეკულარისტების და ლიბერალების გარეშეც. ამდენად ყველამ ერთად უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა,“ - ამბობს ჰოვეიდი.
თავდაპირველად „მუსლიმთა საძმო“ ეგვიპტეს სამხედრო მმართველობას მხარს უჭერდა. თუმცა მათ შორის ბზარი მალე გაჩნდა, რის მთავარი მიზეზიც ახალი კონსტიტუცია გახდა. თავდაპირველად სამხედრო საბჭო ახალი კონსტიტუციის დაწერას საპარლამენტო კომიტეტში ემხრობოდა. თუმცა, ახლა სპეციალური ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც კონსტიტუციის პროექტზე იმუშავებს. „მუსლიმთა საძმოსა“ და ამჟამინდელ მთავრობას შორის კონფლიქტის გამწვავებას უახლოეს მომავალში ვარაუდობენ, როდესაც 23 იანვარს პარლამენტის ახლადარჩეული ქვედა პალატა შეიკრიბება.