შეერთებულ შტატებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩამოსულმა ირანის პრეზიდენტმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე საკმაოდ სენსაციური განცხადება გააკეთა. როგორც გაირკვა, რუსეთი ირანში ახალი ბირთვული სადგურის აშენებას აპირებს. პრეზიდენტი აჰმადინეჟადის განცხადებით, ირანს იმაზე 20-ჯერ მეტი ელექტროენერგია ესაჭიროება, ვიდრე რუსეთის მიერ აგებული ბუშერის ატომური ელექტროსადგური გამოიმუშავებს. პრესკონფერენციაზე თარჯიმნის მიერ ნათარგმნ ტექსტში გარკვევით გაისმა ციფრი 19 ათასი მეგავატი. ეს ელექტროენერგიის ის რაოდენობაა, რომელიც პრეზიდენტის თქმით დღეს ირანს დამატებით ესაჭიროება.
“მოლაპარაკებას რუსეთთან ვაწარმოებთ, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. და ამ ტრიბუნიდან დღეს მე მინდა სხვადასხვა კომპანიები პროექტში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვიო. გთხოვთ დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა თქვენი წინადადებები წარმოადგინოთ“ - აღნიშნა ბატონმა აჰმადინეჟადმა.
ირანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ მისი ქვეყანა ურანიუმს მხოლოდ იმ რადიო-იზოტოპების შესაქმნელად აწარმოებს, რომელიც სამედიცინო მკურნალობისთვისაა გამიზნული.
„ჩვენ იმ წუთასვე შევწყვეტთ ურანის წარმოებას, თუკი გაეროს დამკვირვებლები საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოდან ირანს ქვეყნისთვის აუცილებელ მარაგს მოაწვდიან“ - განაცხადა ექსცენტრიულმა პრეზიდენტმა.
ენერგომატარებლების მეორე უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე მისი პოზიცია უცვლელია: ბატონი აჰმადინეჟადი ყველა უცხო ქვეყანას მოუწოდებს დატოვოს სპარსეთის ყურე. მისი სურვილია ნავთობის ტრანზიტის უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფა ირანს დაეკისროს.
პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო ირანს და პაკისტანს შორის ყოველგვარი მოლაპარაკების წარმოება. ამის შემდეგ კი, მან სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდა მთიანი ყარაბაღის შესახებ მოლაპარაკება აწარმოონ. ორივე ქვეყანა ირანს ესაზღვრება და ირანი ამ სადავო საკითხში ტრადიციულად სასომხეთის პოზიციას უჭერს მხარს.
პრესკონფერენციის დასასრულს ბატონმა აჰმადინეჟადმა ჟურნალისტებს სამყაროს და დედამიწის მომავლის მისეული ხედვა გააცნო, რომელიც საკმაოდ უტოპიურად ჟღერდა. მისი თქმით ძალაუფლების მოყვარული ქვეყნები სასულიერო ტალღას წინ ვერ აღუდგებიან, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავს და დადგება ის ბედნიერი დღე, როდესაც მთელი სამყაროს პრობლემები ერთი ხელის მოსმით გაქრება.
“ეს იქნება დღე, როცა ყველა ადამიანი დაფასებული და ღირსეული გახდება, უმეცრება გაქრება, სიღარიბე აღიკვეთება, სიძულვილი და მტრობა დასრულდება. ეს დღე სავსე იქნება სილამაზით, ორმხრივი პატივისცემით და აღტაცებით“ - თქვა პრეზიდენტმა.
ბატონმა აჰმადინეჟადმა ბოდიში მოუხადა ნიუ-იორკელებს მისი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაცვის გამო, რამაც ქალაქში ავტოტრანსპორტის მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია.