ისრაელში უკვე კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ თელ-ავივმა ირანის წინააღმდეგ პოზიცია შეცვალოს. დეტალებს იერუსალიმიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ ბობი არკვევდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მემარჯვენე მთავრობის შემადგენლობაში წამყვანი ოპოზიციური პარტია კადიმა შეიყვანა. ამით ისრაელის პარლამენტში კოალიციურმა უმრავლესობამ 94 დეპუტატს მიაღწია, რითაც ქნესეთში მთავრობა უკვე ადგილების სამ მეოთხედს აკონტროლებს.
ამ ვითარებამ წარმოშვა კითხვა, გადახედავს თუ არა ნეთანიაჰუ თავის მოთხოვნას ირანის წინაღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების თაობაზე. როგორც ცნობილია, თელ-ავივი თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში სდებს ბრალს, რასაც ირანული მხარე კატეგორიულად უარყოფს და სამხედრო დარტყმის შემთხვევაში შურისძიებით იმუქრება.
ისრაელს თავშეკავებისკენ დასავლეთის სახელმწიფოებიც მოუწოდებენ და ირანის ბირთვული პრობლემის მოლაპარკებით გადაჭრას იმედოვნებენ. მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი თვის ბოლოს არის დაგეგმილი.
ოთხშაბათს ბატონმა ნეთანიაჰუმ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონს განუცხადა, რომ ირანი მოლაპარაკებებით დროის გაწელვას ცდილობს და ამასობაში ურანის გამდიდრებას განაგრძობს.
მართალია ახალი მთავრობის შემადგენლობის გამოცხადებასთან ერთად, ნეთანიაჰუს ირანის საკითხზე არ უსაუბრია, თუმცა კადიმას ლიდერმა შაულ მოფაზმა აღნიშნა, რომ საკითხი დღის წესრიგში რჩება.
მისი თქმით, კოალიციური მთავრობა ისრაელს უსაფრთხოების პრობლემების უკეთ გადაჭრის საშუალებას მისცემს. მოფაზი აცხადებს, რომ ეს გონივრულად განხორციელდება და ისრაელი იტოვებს ნებისმიერ დროს და ადგილზე თავდაცვის უფლებას. შაულ მოფაზი, რომელიც ირანში დაიბადა, ერთ დროს ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტზეც მუშაობდა. პოლიტიკური მეცნიერებათა პროფეროსი აბრაჰამ დისკინი ამბობს, რომ ახალი კოალიცია ირანის საკითხში შეთანხმებულად იმუშავებს.
„გაფართოვებულ მთავრობაში განსხვავებული ხალხი მუშაობს, რომელთაც ასევე განსხვავებული ხედვები აქვთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას ქნესეთი უფრო ადვილად დაუჭერს მხარს, რაც ასევე საზოგადოების მხარდაჭერასაც შეუწყობს ხელს,“ - ამბობს დისკინი.
როგორც ისრაელში ამბობენ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნეთანიაჰუს ირანზე დარტყმისგან თავის შეკავება სთხოვა, სულ ცოტა ამერიკაში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. თუმცა, როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელი იტოვებს თავდაცვის უფლებას და ასეთი გარანტიის მიცემა არ შეუძლია.
პალესტინელი ანალიტიკოსი მაჰდი აბდუ ჰადი ამბობს, რომ კოალიციურ მთავრობაში შემავალი ახალი პარტიები ირანის წინააღმდეგ სხვაგვარი პოლიტიკის ჩამოყალიბებას შეუწყობენ ხელს.
„ჩვენ ვხედავთ გენერლებს, მოფაზს, ბარაკს და სხვებს, რომლებიც რეგიონში კონკრეტული ოპერაციების წრამართვას ემხრობიან. ამით კი მთავრობას საზოგადოების თვალში ქმედების უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექმნება,“ - ამბობს ჰადი.
მასთან ერთად ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი კოალიციის პირობებში ირანის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო დარტყმის მიზანი არ შეიცვლება.