ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომი ირანთან ჯერ არ დაიწყება


წინასწარმეტყველება ისრაელს და ირანს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ ნაადრევი აღმოჩნდა

მაისის ბოლოს ირანის ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით დასავლეთი მოლაპარაკების მეორე რაუნდს გამართავს. ომის რიტორიკა საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე დიპლომატიაზე ფოკუსირებამ შეცვალა. ექსპერტები თვლიან, რომ წინასწარმეტყველება ირან-ისრაელის ომის შესახებ ნაადრევია. ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით.

სულ ცოტა ხნის წინ ახლო აღმოსავლეთი ახალი შეიარაღებული კონფლიქტის რეალური საფრთხის წინაშე იდგა. ირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარების საშიშროებამ სპარსეთის ყურის ქვეყნები და მთელი დასავლეთი შეაშფოთა. ისრაელი ომის დაწყებით იმუქრებოდა, შეერთებული შტატების ავიამზიდები კი ირანის სანაპიროს შორიახლოს ტრიალებდნენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა და ქვეყანაში სასწრაფოდ დამკვირვებლები გააგზავნა.

ომის თავიდან აცილება თუ გინდა, სანქციების ახალ სისტემას უნდა დაემორჩილო. რაც გარკვეული დოზით ასეც ხდება“ - ამბობს მეჰდი ხალაჯი ვაშინგტონის ინსტიტუტიდან.

აპრილში სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ ომის ციებ-ცხელება შედარებით განელდა, რადგან ირანის მხარე მოლაპარაკებაზე ბევრად უფრო მოქნილი და თავისუფალი ჩანდა, ვიდრე ამას სპეციალისტები ელოდნენ.

თუკი სტამბოლის მოლაპარაკება წინ გადადგმულ ერთ ნაბიჯად ჩაითვლება, დარწმუნებული ვარ ღვთის წყალობით, ჩვენ ბაღდადში კიდევ რამდენიმე შემხვედრ ნაბიჯს გადავდგამთ“ - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალი აკბარ სალეჰი.

ირანი დასავლეთს დაწესებული სანქციების მოხსნას სთხოვს, რადგან მათ გამო ქვეყნის ეკონომიკა ძლიერ ზარალდება. თუმცა, დასავლეთის ქვეყნები ამაზე ჯერჯერობით უარს ამბობენ.

სანქციები არ შეიცვლება და ირანზე წნეხი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გააცნობიერებენ იმას, თუ რა წინადადებებით მოვლენ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან ბაღდადში. აქედან გამომდინარე ჩვენი პასუხიც შესაბამისი იქნება“ - ასეთი იყო ჰილარი კლინტონის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, განცხადება.

ანალიტიკოსები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ გაკეთებულ დრამატულ საომარ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ ის სამშობლოში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. უივალ დისკინი, ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყნის ლიდერები მის ნდობას არ იმსახურებენ:

„არც პრემიერ-მინისტრის მჯერა და არც თავდაცვის მინისტრის. ვერ ვენდობი ლიდერებს, რომლებიც თავს მესიებად მიიჩნევენ და ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებებს ამ მისიონისტურ გრძნობებზე ამყარებენ“.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ეჰუდ ბარაკი თვლის, რომ მსგავსი კრიტიკა ელემენტარულად ისტორიული გამოცდილების იგნორირებაა:

„ირანული სიცრუე ბირთვული პროგრამების შესახებ გამუდმებით მეორდება და წლების მანძილზე დოკუმენტირებულიც არის. ამის მიუხედავად მსოფლიოს ერთ ნაწილს და ზოგიერთ პოლიტიკურად მოტივირებულ ისრაელის მოქალაქეს თავის ქვიშაში ღრმად ჩაყოფა ურჩევნია“.

შეერთებული შტატების სადაზვერვო მონაცემებით ირანს უკვე აქვს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა, მაგრამ ბომბის შექმნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყანაში ჯერ არ მიუღიათ. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულების შესახებ განცხადება თავად ირანმა უნდა გააკეთოს და საერთაშორისო საზოგადოებას დაუდასტუროს, რომ ის ბირთვული იარაღის შექმნაზე უარს აცხადებს.

მაისის ბოლოს ბაღდადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დასავლეთის ქვეყნები ირანისგან სწორედ ამ სახის კომპრომისს ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი ისევ გამწვავდება და ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ მსჯელობა კვლავ განახლდება.

XS
SM
MD
LG