შეხვედრაზე, რომელიც გორში ახალი წლის დადგომამდე ორი დღით ადრე გაიმართა, 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის დღემდე მოუგვარებელი პრობლემების შესახებ ისაუბრეს. საქველმოქმედო–ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე თავად დაზარალებული ადამიანები. ცენტრმა „აფხაზეთმა“ რამდენიმეთვიანი საველე გასვლების შემდეგ გამოკვეთა საჭიროებები, რაც ომმა გამოიწვია და რასთან გამკლავებაც დღემდე ვერ მოხერხდა.
ომით დაზარალებული სოფლებისთვის კვლავაც დიდ პრობლემად რჩება სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგება, მოუწესრიგებელი გზები და არასათანადო ინფრასტრუქტურა. კვლავ ღიადაა დარჩენილი და გადაუწყვეტელია იმ ოჯახების საკითხი, რომლებიც ომის შედეგად იძულებულები გახდნენ საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინათ, თუმცა იმის გამო, რომ მათ ოფიციალურად ოკუპირებულად არაღიარებული ტერიტორია დატოვეს, ვერც დევნილის სტატუსს იღებენ და ვერც ამ კატეგორიისთვის განკუთვნილი შეღავეთებით სარგებლობენ. ასეთი ოჯახების დიდი ნაწილი გორში, საბავშვო ბაღების შენობებს აფარებს თავს და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
ცისანა თაზიაშვილი სოფელ ზარდიაანთკარგიდანაა. ეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელი დღემდე ქართული პოლიციის მიერ უკონტროლოა. ამ სოფლის მცხოვრებლებს კი არც დევნილის სტატუსი აქვთ და არც გარანტია, რომ მათ თავშესაფრით უზრუნველყოფს სახელმწიფო. მათზე პასუხიმგებლობას ვერც ოპუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების სამინისტრო იღებს, რადგან ეს ადამიანები მათი ზრუნვის ობიექტები, ანუ „დევნილები“ ოფიციალურად არ არიან.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, რომ გასული წლის ბოლოს მიღებული ცვლილებების თანახმად, რაც პარლამენტმა დაამტკიცა, წამოუდგენელი თუ არა, ძალიან რთულია სასამართლოში ამტკიცო, რომ იძულებით გადაადგილებული პირი დევნილია და მას სტატუსი ეკუთვნის. „კანონსაც კი შეეცვალა სახელი და ახლა ცალსახადაა მითითებული, რომ პირი თუ ოფიციალურად ოკუპირებულად აღიარებული ტერიტორიიდან არაა დევნილი, სტატუსს ვერ მიიღებს. როგორ უნდა მოიქცნენ ის ადამიანები, რომლებიც ზარდიაანთკარიდან, ერგნეთიდან, ხვითიდან, და სხვა, არაოკუპირებული, მაგრამ დე–ფაქტო ადმინისტრაციის მოსაზღვრე სოფლებიდან იძულებულები იყვნენ, უსაფრთხიების არარსებობის მიზეზით დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და წამოსულიყვნენ. ჩვენ, იურისტებს, ხელთ აღარ გვაქვს არანაირი კანონი, რომლის თანახმადაც სასამართლოს მოვთხოვთ, რომ ისინი დევნილებად ცნონ. ვინ იღებს ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობას? მათ მიმართ არც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი იმუშავებს სპეციალურ დადგენილებას და არც პარლამენტი. ეს ადამიანები მეოთხე წელია გაურკვეველი მომავლით ცხოვრობენ,“– ამბობს ქეთევან ბებიაშვილი.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის მაცხოვრებელი თინათინ აბაშიძე ამბობს, რომ მათთვის წყლის მიწოდება დღემდე არაა უზრუნველყოფილი.შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის, ზურაბ ჩხეიძის განცხადებით წელს, შიდა ქართლში საბოლოოდ მოგვარდება სარწყავი წყლის პრობლემა.
წლევანდელ ახალ წელს საბავშვო ბაღებში მაცხოვრებელი დევნილებისთვის საგანგებო ღონისძიბები დაგეგმილი არ ყოფილა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ტრადიციულად, მოირთო ნაძვისხე და გაიმართა კონცერტი.