თურქეთის ხელისუფლება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარ ინციდენტში თვითმკვლელ ტერორისტ ქალს ადანაშაულებს. აფეთქების შედეგად, დღეს დილით ქურთებით დასახლებულ რაიონში 3 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა.
რეგიონის გუბერნატორის თქმით, უცნობმა ქალბატონმა თავი სამართლიანობის და განვითარების პარტიის ოფისის წინ აიფეთქა. თუმცა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, იდრის საჰინი, აცხადებს, რომ ამ დროისთვის გაურკვეველია, იყო თუ არა მმართველი პარტიის ოფისი ტერორისტთა მთავარი სამიზნე. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.
თურქეთის ხელისუფლებამ ამ დღეებში ქურთი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაასრულა, რომელიც თურქეთის და ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე განხორციელდა. ცნობისთვის: ოპერაცია იყო პასუხი ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ შეტევებზე, რომლის დროსაც 24 ჯარისკაცი დაიღუპა.