რუსეთის ოპოზიციის ქარიზმატული ლიდერი ალექსეი ნავალნი, ორი დღის წინ ქალაქ ასტრახანში გამოჩნდა და მარტში მერის არჩევნების გაყალბების ფაქტების წინააღმდეგ გაილაშქრა. ოპოზიციის ერთერთი კანდიდატი ოლეგ შეინი უკვე 28 დღეა შიმშილობს. შეინი ირწმუნება, რომ მმართველი პარტიის კანდიდატმა მერის არჩევნებში მას შემდეგ გაიმარჯვა, რაც დამკვირვებლები ასტრახანის საარჩევნო უბნებიდან გააძევა.
შეინი სამშაბათს ჩატარებული მანიფესტაციის დროს მხარდამჭერებს ესაუბრა. ოპოზიციონერი კანდიდატი ასტრახანში კრიმინალურ სტრუქტურებს ადანაშაულებს. ნავალნის გამოჩენა კი, ამ მიტინგზე ოპოზიციის სტრატეგიაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა. ახლა რუსი ოპოზიციონერები ცდილობენ, ბრძოლა დედაქალაქიდან რეგიონებში გადაიტანონ.
სწორედ რეგიონებში გამოჩენით, რუსეთის ოპოზიციამ ბოლო 5 კვირის განმავლობაში სამ დიდ ქალაქში მერის არჩევნებში მოიპოვა გამარჯვება.
ამ ფონზე, ცნობილი რუსი პოლიტიკური ანალიტიკოსი პაველ ფელგენგაუერი გვეუბნება.
„საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის გამარჯვების მიუხედავად, ოპოზიციის მოძრაობა რუსეთში არ მომკვდარა და მომავალშიც გააგრძელებს ბრძოლას.“
წამყვანი საინფორმაციო არხების ყურადღების ასტრახანზე გადატანით, ქვეყნის ოპოზიციამ მერის კანდიდატის შიმშილობა ეროვნული მნიშვნელობის პოლიტიკურ მოვლენად აქცია.
ოთხშაბათს, რუსეთის პარლამენტმა პრემიერ მინისტრ პუტინის გამოსვლას ბოლოჯერ მოუსმინა ამ რანგში. მომავალმა პრეზიდენტმა შეინის შესახებ უპასუხა კითხვას და განაცხადა, რომ ცოტა არ იყოს გასაკვირია, როცა უკმაყოფილო კანდიდატი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე იწყებს შიმშილობას.
სწორედ ამ პასუხის მოსმენისას, პარტია-სამართლიანი რუსეთის- წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ფელგენგაუერის აზრით, დუმადან დემარში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.
„სახელმწიფო სათათბიროდან პროტესტის ნიშნად მანამდეც გასულა ოპოზიცია, თუმცა ეს პუტინის გამოსვლის დროს არასდროს მომხდარა. ოპოზიციამ ახლა მას პირდაპირი გამოწვევა ესროლა. დემარშით მათ აჩვენეს, რომ ოპოზიციას არამხოლოდ მომხრეები ყავს მოსკოვსა და სხვა ქალაქებში, არამედ ძალაუფლების ორგანოებშიც.“
შეინმა, რომელიც რუსეთის სათათბიროს ყოფილი დეპუტუტატია, შიმშილობის აქცია მარტში დაიწყო და ითხოვს იმ ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებას, რომლებიც პუტინის გადაწყვეტილებით საარჩევნო უბნებში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს.
საზოგადოებაში უკმაყოფილების მატებასთან ერთად, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმიერ ჩუროვმა ჟურნალისტები დაარწმუნა, რომ ცოტა ხანში ეს ვიდეო მასალები გამოქვეყნებული იქნება.
რუსული ტელეარხების ასტრახანში გააქტიურებასთან ერთად, ცენტრალურ არხებზე მოხვდა რეგიონალური პროკურორი ოლეგ დუპაკიც, მისი თქმით, არჩევნების გაყალბებების შემთხვევები ასტრახანში არ ყოფილა ისეთი მასშტაბური, რომ მათ შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.
ნაციონალური მედია ამ ეტაპზე ასტრახანის მოვლენებს დიდ ყურადღებას უთმობს და ეს საკითხი, როგორც ჩანს კიდევ კარგა ხანს დარჩება რუსეთის საზოგადოების ინტერესის ცენტრში. დღეს ოპოზიცია აპირებს სასამართლოში საქმე შეიტანოს და საარჩევნო გაყალბების ბრალდებით გამოძიების დაწყება მოითხოვოს.