ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევიდ სმითი: "რუსეთი არასანდო პარტნიორია"


დევიდ სმითი: "რუსეთი არასანდო პარტნიორია"
დევიდ სმითი: "რუსეთი არასანდო პარტნიორია"

როგორც ბატონი დევიდ სმითი აღნიშნავს დასავლეთი რუსეთს თანამშრომლობას სთავაზობს, რუსეთი კი მას კონფრონტაციის ენაზე ელაპარაკება.

ამერიკის ხმამ ინტერვიუ ჩამოართვა პოტომაკის ინსტიტუტის წამყვან ექსპერტს, შეერთებული შტატების ელჩს ბატონ დევიდ სმითს.

ინტერვიუ რუსეთის პოლიტიკის ძირითად საკითხებს ეხება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებაში. ირანთან დამოკიდებულებაში რუსეთის პოლიტიკის შესახებ საუბრისას, დევიდ სმითმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

“რუსეთი ამ რეგიონში გეოპოლიტიკურ გამბიტს თამაშობს. ირანი ტრადიციულად რუსეთის მეგობარი სახელმწიფო იყო და ახლა მოსკოვს იქ თავისი გავლენის აღდგენა სურს. ამ მიზნით მოსკოვი ყველაფერს აკეთებს, რათა დასავლეთს ხელი შეუშლოს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების საქმეში.“

ბატონი სმიტის განცხადებით:

"რუსეთთან ერთად მუშაობა აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ან ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ამავე დროს სრულიად ნათელია, რომ თეირანს ბირთვული იარაღის დაუფლება სურს. ეს მათ გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის.“

რაც შეეხება ირანის საზღვაო ფლოტის გააქტიურებას ხმელთაშუა ზღვაში, ბატონ სმიტს ეს დიდ პრობლემად არ მიაჩნია, მისი თქმით, საჭიროა სირიაზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება, რომელიც რუსეთის და ირანის კლიენტ სახელმწიფოს წარმოადგენს.

დევიდ სმითის თქმით:

“რუსეთი საკმაოდ ეშმაკურ პოლიტიკას ატარებს სირიასთან დაკავშირებით. მას დიდი ფსონი ჰქონდა დადებული ასადის მთავრობაზე და ახლა არ სურს ყველაფრის დაკარგვა. სირიის პრეზიდენტს ასევე მხარს უჭერს ირანი. მოსკოვი კი ყოველნაირად შეეცდება ხელი შეუშალოს გაეროს მიერ სირიის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. თუ ბაშარ ალ-ასადი ძალაუფლებას დაკარგავს, მაშინ მოსკოვი ლიბიის მსგავსად იძულებული გახდება ახალი დროებითი მთავრობის კანონიერება აღიაროს. მაგრამ ამჟამად რუსეთისთვის ის მნიშვნელოვანი ფიგურაა. სირიაში მოსკოვის ინვესტიციების გარდა ამ ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა არსებობს. რუსები სირიის საპორტო ქალაქ ლატაკიაში ყოფილ საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ბაზას არემონტებენ. რუსეთს დღემდე აქვს იმპერიული შიში, რომ შავ ზღვაში არ აღმოჩნდეს ჩაკეტილი.“

რაც შეეხება თურქეთის გადაწყვეტილებას ნატოს ახალი სარადარო სისტემის განლაგების შესახებ, რომელიც ირანის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ბატონი სმითის განცხადებით:

“მოსკოვს არანაირი პრობლემა არა აქვს თურქეთში რადარის განლაგების მიმართ. რუსეთს ძალიან კარგად მოეხსენება, რომ ეს რადარები, არც თურქეთსა და არც ევროპაში მის სტრატეგიულ ბალისტიკური რაკეტების სისტემას საფრთხეს არ შეუქმნიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მოსკოვი თურქეთთან ურთიერთობაში სიფრთხილეს იჩენს და საერთოდ არ ახსენებს ნატოს. მოსკოვი ანკარასთან მშვენივრად თანამშრომლობს შავი ზღვის რეგიონში და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან სხვა ურთიერთობები აქვს და თურქეთთან სხვა.“

როგორც დევიდ სმითი ამბობს:

"პოლონეთსა და ჩეხეთში ანალოგიური სისტემების განლაგება მოსკოვს არანაირ საფძთხეს არ უქმნიდა და კრემლმა ეს მშვენივრად იცის. მოსკოვმა ისიც კარგად იცის, რომ ბულგარეთში, რუმინეთსა და თურქეთში დასამონტაჟებელი სისტემებიც აბსოლუტურად უსაფრთხოა მისთვის, მაგრამ რაც მოსკოვს აღელვებს ეს არის ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან და პირველ რიგში პოლონეთთან, რომელიც შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირე გახდება ევროპაში.“

"ამით აიხსნება ნატოში რუსეთის ელჩის დიმიტრი როგოზინის სკანდალური განცხადებები, რომელიც თავისი პატრონის ვლადიმერ პუტინის მსგავსად ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის მოქმედებას ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობას უწოდებს. მოსკოვს მიაჩნია, რომ აღმოსავლეთში ნატოს გაფართოებას მან საქართველოსთან ომით მოუღო ბოლო. ახლა კი ლიბიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აქციებს სამხრეთისკენ ამ ორგანიზაციის ექსპანსიის ჭრილში განიხილავს.“

როგორც ყოფილი ელჩი აღნიშნავს, დასავლეთი რუსეთს თანამშრომლობას სთავაზობს, რუსეთი კი მას კონფრონტაციის ენაზე ელაპარაკება.

XS
SM
MD
LG